კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატი საქართველოს მთავარ გამოწვევად სიღარიბის დონეს ასახელებს და მთავრობას სამი მიმართულებით ურჩევს ყურადღების გამახვილებას: განათლება, გარემოს დაცვა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.
Forbes-თან ინტერვიუში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართვლოში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ENPARD-ის პროგრამამ, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს.
როგორ ხედავთ საქართველოს განვითარების გეზს და რა არის ის მთავარი გამოწვევები, რომლის გამოყოფაც შეგიძლიათ?
პირველ რიგში გეტყვით, რომ ყველას, ვინც საქართველოში ჩამოდის ძალიან უყვარდება ეს ქვეყანა. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ზუსტად რამდენიმე კვირის წინ დავწერე სტატია საქართველოს შესახებ. ეს არის თვითმფრინავი, რომელიც მზადაა გასაფრენად, თუმცა კვლავ რჩება გარკვეული დაბრკოლებები გზაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ პოტენციალი ძალიან დიდია. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის გამორჩეულია. ჩვენს დელეგაციას 400 მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული წლიურად სხვადასხვა პროექტებზე. თუკი ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც დროში ვითარდება. რაც შეეხება ჩვენს პრიორიტეტებს, დაფინანსების დაახლოებით ორი მესამედი ეკონომიკურ საკითხებზე მოდის, მათ შორის, განათლებაზე, პროფესიულ განათლებაზე, ექსპორტის სტიმულირებაზე და ა.შ. ჩვენი მხარდაჭერის მეორე ნაწილი ეხება სახელმწიფო ინსტიტუტებს, კერძოდ კი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა ისინი მეტად ეფექტურები იყვნენ, ამასთან მეტად გამჭვირვალეებიც. ეს საკითხი კი ეხება მაგალითად სასამართლო სისტემას, მის რეფორმას, მოლოდინებს, რომელიც გვქონდა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვგულისხობ საარჩევნო სისტემის რეფორმას. ეკონომნიკური განვითარება ბმაშია სწორედ ამ პროცესებთან. მესამე მხრივ კი გამოვყოფდი ჯანდაცვასა და გარემოს დაცვის საკითხებს. საქართველოში გარემოს დაცვის საკითხების მიმართ ინტერესი გაზრდილია, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. სწორედ ამ კუთხით ვაპირებთ მომდევნო წლებში ინვესტირების გაზრდას. ეს საკითხიც თავისთავად ბმაშია ეკონომიკურ საკითხებთან, ასე მაგალითად ტურიზმის და აგროტურიზმის განვითარებისთვისაც სჭირდება გარემოს დაცვითი საკითხების მოგვარება.
თქვენ ახსენეთ გარკვეული დაბრკოლებები იმ გზაზე, რომელზეც დღეს საქართველოა. როგორ ფიქრობთ არის თუ არა ეს დაბრკოლებები იდენტიფიცირებული? საქართველოში ეკონომიკური ზრდაა და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს გამოწვევა ინკლუზიური ზრდის მისაღწევად? პირადად თქვენთვის თუ არის იდენტიფიცირებული ეს დაბრკოლებები?
ეს არის საკითხები, რომელსაც ყოველდღიურობაში განვიხილავთ მთავრობასთან და არასამთავრობო სექტორთან. თუ ვისაუბრებთ დაბრკოლებებზე ციფრებში, ეს არის სიღარიბის მაჩვენებელი. გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდეს. ინკლუზიურობის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, უნდა მოხდეს ქალების მეტი ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა უთანაბრობა ქალაქსა და სოფლის დასახლებას შორის. ამ საკითხებზე ცალკეული მიდგომები გვაქვს, რომელსაც მთავრობასთან განვიხილავთ. ასევე ცალკეული მუნიციპალიტეტები ცდილობენ გადაჭრან ისეთი საკითხები რომელიც ეხება სოფლის მეურნეობას, ფერმერების გაძლიერებას, პროდუქციისთვის შესაბამისი ბაზრების მოძიებას. რეგიონებში ბიზნესისა და წარმოების სტიმულირება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
არის თუ არა ეს რეკომენდაციები იდენტიფირებული მთავრობის და პარლამენტის მიერ, როგორც გზა იმისთვის, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა, ასევე იმისთვის, რომ ეს ზრდა იყოს ინკლუზიური?
დიახ, ასეა. ვთვლი, რომ ამ საკითხების გაცნობიერება ხდება. ჩვენ შეთანხმებაც გვაქვს იმ საკითხებზე, რომელიც ეხება იმას, თუ როგორ უნდა მიიღწეს მეტი ზრდა ყველაზე ეფექტური მეთოდებით. თუმცა ასევე საჭიროა, რომ იყოს საკმარისი კავშირი სხვადასხვა სამინისტროებსა და დონორებს შორის. ევროკავშირი საქართველოში უმსხვილესი დონორია, თუმცა არიან სხვა პარტნიორებიც და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ყველა ერთი მიმართულებით და ერთი მიზნისთვის მუშაობს. ვფიქრობ, რომ ეს არის უწყვეტი გამოწვევა. თუმცა, ჯამში შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხებზე ყველა მხარის მხრიდან არის შეთანხმება და ერთიანი გაგება.
პრიორიტეტები, რომელიც საუბრის დასაწყისში ახსენეთ – ვგულისხმობ განათლებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ჯანდაცვასა და გარემოს დაცვას, – შეგვიძლია ვთქვათ. რომ ეს არის ძირითადი სფეროები რომელზეც აქცენტს აკეთებთ, რათა ქვეყანა სწრაფად განვითარდეს?
ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან ნიშვნელოვანია აღვნიშნოთ სავაჭრო საკითხები. თუკი გსურთ, მიაღწიოთ იმ მიზნებს, რომელიც ეხება განათლებას თუ გარემოს დაცვას, საჭიროა რესურსები და დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ ეს რესურსი გაქვთ. თუკი გსურთ, რომ მიაღწიოთ ინკლუზიურობას და გააძლიეროთ საზოგადოება, ნებისმიერ ქვეყანაში და. მათ შორის, საქართველოშიც საჭიროა იმ კომპონენტების დაფარვა, რომელიც თქვენ ახსენეთ.
როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, ე.წ. DCFTA-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს? გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ხანდახან სხვადასხვა ანტერპრენიორებთან ინტერვიუს დროს, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან ან სახელმწიფოს სტრუქტურისა და პარლამენტის წევრებთან შეხვედრებისას, მაქვს შეგრძნება, რომ არავის აქვს ზუსტად გააზრებული, რა შესაძლებლობებსა და საშუალებებს გვაძლევს თანამშრომლობის ეს სქემები, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოსთვის. როგორ იყენებს საქართველო ამ შესაძლებლობებს?
ზოგადად, თუკი ჩვენ გადავხედავთ ასოცირების შეთანხმების პუნქტებს, პროცესი დადებითად მიმდინარეობს, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და იხვეწება იმ მოთხოვნების შესაბამისად რასაც ევროკავშრსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ადგენს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო წელს DCFTA-ის ხელშეკრულების გაფორმებიდან, ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს.
ანუ აღსანიშნად გვაქვს საქმე?
დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ იუბილე, რადგან DCFTA არის კარგი შესაძლებლობა ქვეყნისთვის. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ვხედავ მრავალ წინგადადგმულ ნაბიჯს, თუმცა რასაკვირველია არის გამოწვევებიც, რაზეც ერთად ვმუშაობთ. DCFTA საქართველოს აძლევს ინსტიტუციური თუ პოლიტიკის რეფორმების გატარების, ასევე ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას და ამავე დროს ბიზნესს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციასა თუ მომსახურებას უხსნის ევროპის 500 მილიონიან ბაზარს. ჩვენ გვსურს ევროკავშრის ბაზარზე ვიხილოთ ქართული კომპანიები, საქართველოში წარმოებული პროდუქცია, გვსურს, რომ ქვეყანამ მოგება მიიღოს აქედან. თუმცა, უნდა ავღნიშოთ, რომ ეს მარტივი არ არის, რადგან განსაკუთრებული სტანდარტებია დადგენილი, რომელთა დაკმაყოფილებაც რთული და ხანგრძლივი პროცესია.
შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ ხუთი წლის შემდეგ DCFAT-ზე ან ასოცირების შეთანხმებაზე, არა როგორც შესაძლებლობაზე, არამედ როგორც რეალურ მოგებაზე, ადგილობრივი ბიზნეს ჯგუფებისთვის, რომლებიც სამწუხაროდ ორიენტაციას არა ევროპულ, არამედ სხვა ბაზრებზე აკეთებენ. ეს არის საკითხი, რომელიც მე მაწუხებს და აქედან გამომდინარე გეკითხებით, შეგვიძლია თუ არა ამ მიმართულებით გაძლიერების თვალსაზრისით გავაკეთოთ უფრო მეტი?
თუ გადავხედავთ იმ პროექტებს, რომლებსაც ჩვენ ვაფინანსებთ, ვხედავთ, რომ პოტენციალი მაღალია, ევროკავშრის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობები ნელნელა იზრდება. იქმნება საწარმოები, ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, იწარმოება უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც პირველ რიგში ადგილობრივი ბაზრისთვის და საქართველოში მცხოვრები მომხმარებლებისთვისაა მნიშნელოვანი, ასევე მნიშნელოვანია საერთაორისო ბაზარებზე ექსპორტის გასაზრდელადაც.
ჩემი შემდეგი კითხვა ეხება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას. როგორ აფასებთ მთავრობის მუშაობას სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით? რამდენად ეფექტიანია მიმდინარე რეფორმები?
ეს არის დიდი სექტორი, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ევროკავშირის მხარდაჭერით და მთავრობის ძალისხმევით საქართველოს უკვე აქვს სოფლის მეურნეობის, ისევე როგორც სოფლის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, ამასთან საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით იზრდება სექტორში კომპეტენციაც. კვლავაც ვაგრძელებთ მსჯელობას და მუშაობას სექტორის მეტად განვითარებისთვის. ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერისთვის. პარალელურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები საქართველოში. ამასთან, უნდა ავღნიშნო, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაცია. ვფიქრობ, ეს პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, მთავრობის მხრიდანაც მიღწეულია შეთანხმება. დეცენტრალიზაციის მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მხარდაჭერა. ამ ეტაპზე, საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, რომლებსაც მხარს ვუჭერთ და ევროპულ გამოცდილებას ვუზიარებთ.
გვთხოვთ მოგვიყევით ევროკავშირის უპრეცედენტო მხარდაჭერის შესახებ საქართველოს მიმართ. მე ვგულისხმობ ENPARD-ის პროგრამას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2013 წლიდან ხორციელდება. რამდენად გაზარდა ტრენინგებმა და საკონსულტაციო პროგრამებმა ჩვენი პროდუქტის კონკურენტუნარიანობა, რომელიც ჩვენთვის საკვანძო საკითხია. გთხოვთ, გვითხარით რა იყო გადამწყვეტი მომენტები და მიღწევები ამ პროგრამაში.
ENPARD-ის პროგრამამ, რომელიც უკვე 7 წელია ხორციელდება უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. თუმცა ვთვლით, რომ მიდგომები უნდა შევცვალოთ და ბალანსი დავიცვათ, რათა შევინარჩუნოთ უკვე მიღწეული შედეგი. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ ფერმერული მეურნეობების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად, შევქმენით 1300-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, მათ დავეხმარეთ როგორც ტექნიკურად, ისე ფინანსურად, ვმუშაობთ პროდუქციის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლადაც. თუმცა, მომავალში მეტი აქცენტი სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციაზე გვინდა გავაკეთოთ, აქცენტით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაზე. ამ მიმართულებით იმუშავებს ჩვენს მიერ დღეისთვის მხარდაჭერილი 12 ადგილობრივი განვითარების ჯგუფი. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში უკვე 400-მდე პირდაპირი ბენეფიციარი გვყავს, მათ მიღებული აქვთ გრანტი, რომლითაც სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობების განვითარებას ახდენენ და ზოგადად ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას უწყობენ ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის განვითარების ინიციატივებით უკვე 1000 ადამიანი დავასაქმეთ, 10 000-მა ადგილობრივმა მცხოვრებმა კი ამ პროგრამით საკუთარი ცხოვრების პირობები გაიუმჯობესა. ცხადია, ამ ყველაფრით სრულ სურათს ვერ დავინახავთ, მაგრამ ეს რიცხვები გარკვეულ ინდიკატორად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ მიღწეული შედეგით, რომლისთვისაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლეთ მთავრობასთან და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან.
დატოვე კომენტარი