ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საკუთარი განცხადებების გამო გააკრიტიკა. კერძოდ კი, ჰერცოგმა ლავროვი ანტისემიტურ განცხადებებში დაადანაშაულა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელს უკრაინელი ნეონაცისტების მხარდაჭერაში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა.
Haaretz-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად ძნელი დასაჯერებელი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამგვარი განცხადება. ისააკ ჰერცოგის თქმით, ლავროვის სიტყვებმა მისი განრისხება გამოიწვია.
ისრაელის პრეზიდენტმა ლავროვს სიტყვების უკან წაღებისა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ისააკ ჰერცოგის განცხადებით, მიუხედავად აღნიშნული ინციდენტისა, ლავროვის განცხადებები ორი ქვეყნის ბილატერალურ ურთიერთობებს არაფერს ავნებს. თუმცა, თუკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტებებს არ გააკეთებს, შესაძლოა, ქვეყნებს შორის ურთიერთობას ჩრდილი მიადგეს.
ზემოხსენებული ინციდენტის შესახებ განცხადება ისრაელის სხვა არცერთ ოფიციალურ პირს არ გაუვრცელებია. მხოლოდ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოითხოვა მისი რუსი კოლეგისაგან ბოდიშის მოხდა.
ცნობისათვის, სერგეი ლავროვმა აღნიშნული განცხადება იტალიურ ტელევიზიაში ინტერვიუს დროს გააკეთა. რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი ანტისემიტები, ხანდახან, სწორედ ებრაელები არიან.
დატოვე კომენტარი