ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის პირველი გამოსახულება მოიპოვეს

ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის პირველი გამოსახულება მოიპოვეს

ჰავაიზე განლაგებული Event Horizon Telescope-ის (EHT) დახმარებით, ასტრონომებმა ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის პირველი გამოსახულება მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ EHT-ის გუნდმა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან 300-ზე მეტი მეცნიერი ერთიანდება, რამდენიმე წლის წინ მსგავსი ობიექტის ფოტო ისტორიაში პირველად დააფიქსირა. მაშინ ასტრონომებმა ზემოხსენებული ტელესკოპის დახმარებით Messier 87-ის სახელწოდებით ცნობილი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი გადაიღეს. ხანგრძლივი დამუშავების შემდეგ, ფოტოსურათი 2019 წელს გასაჯაროვდა.

რაც შეეხება ჩვენს გალაქტიკაში მდებარე Sagittarius A*-ის სახელწოდებით ცნობილ შავ ხვრელს, მისი გამოსახულება მეცნიერებმა სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, European Southern Observatory-ს (ESO) მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, 12 მაისს გაავრცელეს.

ფოტო: Event Horizon Telescope collaboration

სპეციალისტების გამოთვლით, დაფიქსირებული ობიექტი ჩვენგან დაახლოებით 27 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მეცნიერების თქმით, Sagittarius A*-ს მასა ჩვენი მზისას 4,3-მილიონჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი ჯერ კიდევ 1974 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ასტრონომებმა მისი ფოტოს დაფიქსირება მხოლოდ ახლა შეძლეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *