გასული პანდემიური წელი გამოწვევებით აღსავსე იყო. თუმცა, ამავდროულად, მან უამრავი ახალი შესაძლებლობა გააჩინა და ბიზნესი გაციფრულების გზაზე დააყენა. ამგვარი ტენდენცია Visa-სთვის – ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი კომპანიისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესის გაციფრულების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, Visa-ს გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი პოსტულატია. ამ დრომდე, გლობალურად, Visa-ს ხელშეწყობით 23 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესი გაციფრულდა, ხოლო კომპანიის გეგმა 2023 წლამდე 50 მილიონი ბიზნესის გაციფრულებას ისახავს მიზნად.
სწორედ ბიზნესის გაციფრულებას, უნაღდო ეკონომიკის განვითარების ტრენდებს, მცირე და საშუალო ბიზნესის ეკოსისტემის მიმოხილვას, ინოვაციების გარშემო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მიეძღვნა პროექტი, რომელიც Visa-მ Forbes Georgia-სთან პარტნიორობით წარმატებით განახორციელა საქართველოში.
ამ ერთობლივი პროექტით საფუძველი ჩაუყარა საკომუნიკაციო პლატფორმას, რომელმაც, პოდკასტების სერიის ფორმატში, ხელი შეუწყო Visa-ს, პარტნიორი ბანკების, მცირე და საშუალო ბიზნესის, ფინტექ-კომპანიების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან ერთად განხილულიყო წარმატებული ბიზნეს-მოდელები და მათი სვლა წარმატების გზაზე.
Visa-ს და Forbes Georgia-ს ერთობლივი პროექტების, ციფრული გადახდების ინდუსტრიის ტრენდებისა და Visa-ს სამომავლო გეგმების შესახებ ვრცლად Visa-ს რეგიონულ მენეჯერს კავკასიის რეგიონში – დიანა კიღურაძეს ვესაუბრეთ და გთავაზობთ ინტერვიუს.
დიანა, ცოტა ხნის წინ, Visa-ს და Forbes Georgia-ს ინოვაციებს მიძღვნილი ერთობლივი პროექტი წარმატებით დასრულდა. რა იყო პროექტის მთავარი მიზანი და შედეგების გათვალისწინებით, მივაწოდეთ თუ არა ჩვენი მთავარი გზავნილი საქართველოში ბიზნეს ეკოსისტემის წარმომადგენლებს?
პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო პროექტი გამოგვივიდა და კიდევ ერთხელ მადლობა Forbes Georgia-ს რომ გამოგვყვა ამ ექსპერიმენტში. პროექტის მიზანი ინოვაციებისა და სტარტაპ ეკოსისტემის გარშემო დისკუსიის პლატფორმის ჩამოყალიბება იყო (პოდკასტების ფორმატში) რომელიც Visa-ს ექსპერტებთან, პარტნიორ ბანკებთან, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან ერთად განვახორციელეთ. პოდკასტების ფორმატში განხილულ თემებს რაც შეეხება, ისინი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად, როგორც საქართველოს მზარდ და ინოვაციურ სტარტაპ-ეკოსისტემაში არსებული გამოწვევების, ასევე არსებული ტენდეციებისა და ახლებური ბიზნეს-მოდელების შესახებ.
საერთო ჯამში, რვა პოდკასტი ჩავწერეთ – სპიკერებად მოვიწვიეთ როგორც Visa-ს ექსპერტები, ასევე სტარტაპებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც მსმენელს საკუთარი გამოცდილება და იდეები გაუზიარეს. ჩვენთვის, ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელსაც, მსმენელისგან მიღებული უკუკავშირს თუ დავეყრდნობით, თავი წარმატებულად გავართვით.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და Forbes Georgia-ს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თანამშრომლობისა და ენთუზიაზმისთვის.
უნდა ითქვას, რომ გარდა პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებისა, რაც საქართველოში ინოვაციების ხელშეწყობას გულისხმობს, კამპანია ასევე მოიცავდა საგანმანათლებლო ნაწილსაც. რა როლი აქვს Visa-ს საზოგადოებაში ცნობიერებისა და განათლების ამაღლების სფეროში?
Visa ბიზნეს ეკოსისტემის მართვის თემატიკაზე სხვადასხვა პროექტებს აქტიურად უჭერს მხარს – გვჯერა, რომ განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, ასევე ინოვაციების გასავითარებლად. რამდენიმე ინიციატივას აღვნიშნავ პროექტების ვრცელი სიიდან, რომელსაც ვიზა ახორციელებს ამ მიმართულებით.
გლობალურად, მეწარმეებს პირადი ფინანსების მართვის საფუძვლების შესასწავლად უფასო პროგრამებს ვთავაზობთ – ამ მიმართულებით ძალიან ეფექტური ონლაინ პლატფორმა შევქმენით, სახელწოდებით „პრაქტიკული ბიზნეს-რჩევები“ (ინგლ. „Practical Business Skills“), რომლის დანერგვაზე საქართველოში „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად ვმუშაობთ. ასე რომ, სულ მალე, ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ Visa-სა და „აწარმოე საქართველოსგან“ ის რჩევები მიიღონ, რომლებიც საკუთარი ბიზნესების განვითარებასა და გაციფრულებაში დაეხმარებათ.
გარდა ამისა, როგორც ჩვენი პოდკასტების მსმენელს კარგად მოეხსენება, ვქმნით სხვადასხვა სადისკუსიო პლატფორმებს, რაც გვეხმარება იმაში, რომ ადამიანებს წარმატების ისტორიები მოვუყვეთ, ფინანსურ სფეროში დაგროვილი გამოცდილება გავუზიაროთ, გაციფრულების მიმართულებით რჩევები მივცეთ და ზოგადად, იმ ტენდეციების შესახებ ველაპარაკოთ, რომლებიც მსოფლიოში აქტუალური და საინტერესოა.
სხვადასხვა პროექტების პარალელურად, საგანმანათლებლო პროგრამებსაც ვახორციელებთ, რომელთა მთავარ მიზანს ბიზნეს-ეკოსისტემაში ქალთა ჩართულობის გაძლიერება წარმოადგენს. ჩვენს რეგიონში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენთვის ძალიან საამაყო გლობალურ ინიციატივას – She’s Next, Empowered by Visa ვახორციელებთ, რომელიც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამ დრომდე, წარმატებით დავასრულეთ ამ ინიციატივის ორი ტალღა, რომელთა ფარგლებში ქალ მეწარმეებს საუკეთესო სპიკერების მიერ ჩატარებული სხვადასხვა თემატიკის მქონე ტრენინგები შევთავაზეთ, რომელთა მიზანს დაგროვილი თეორიული ცოდნის გაზიარება წარმოადგენდა, ბიზნესების უკეთ სამართავად და დასაგეგმად.
ამასთანავე, ყოველწლიურად, გლობალური მასშტაბის ძალიან საინტერესო კონკურსს ვაცხადებთ სტარტაპებისა და ფინტექ-კომპანიებისთვის – კონკურსს Visa Everywhere Initiative ჰქვია. 2021 წელს, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონიდან (CEMEA) 760 კონკურსანტს შორის, გამარჯვებული ქართული კომპანია Payze-ი გახდა, რაც სიამაყით აღგვავსებს. Payze საქართველოდან, გლობალური კონკურსის 5 ფინალისტს შორის არის, რომელმაც მიიღო ფულადი პრიზი და Visa-თან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. წელსაც, სხვათაშორის, კონკურსში მონაწილეობენ სტარტაპები კავკასიის რეგიონიდან და დიდი იმედი გვაქვს, რომ კვლავაც გვასახელებენ.
Visa უწყვეტად მუშაობს, რათა მომხმარებლებს არაერთი საინტერესო პროექტი შესთავაზოს, როგორც ფინანსური განათლების, ასევე ციფრული ეკოსისტემებისა და უნაღდო ეკონომიკის განვითარების მიმართულებებით.
მოდი გასული წლის შედეგებსა და მიღწევებს თვალი გადავავლოთ და ჩამოვთვალოთ თუ რა ინოვაციური გადაწყვეტილებები დანერგა Visa-მ საქართველოსა და რეგიონში?
განვმეორდები და ვიტყვი, რომ პანდემიამ გაციფრულების პროცესი დააჩქარა და ციფრულ სერვისებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა. ერთ დღეში, სამყარო სრულად ახალი სახით წარმოგვიდგა, რამაც ახალი გამოცდილებები და შესაბამისად, ახალი მოთხოვნილებები წარმოშვა. ლოქდაუმა ციფრულ სერვისებზე მოთხოვნა გაზარდა, როგორც მომხმარებლების, ასევე ბიზნესების მხრიდან.
ჩვენი, როგორც ციფრული გადახდების ლიდერი კომპანიის პრიორიტეტია, ასეთ დროს ბაზარს მაქსიმალურად მეტი რესურსი და გადაწყვეტილება მივაწოდოთ იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც ჩნდება. დღესაც კი, ჩვენს პარტნიორ ბანკებთან და სხვა ტიპის პარტნიორ ორგანიზაციებთან არაერთი საინტერესო გადაწყვეტილების დანერგვაზე ვმუშაობთ. მათ შორის ერთ-ერთია – გადარიცხვების სერვისი, რომლითაც Visa მომხმარებლებს თანხის საზღვრებს მიღმა გადარიცხვის შესაძლებლობას აძლევს – სწრაფად და უსაფრთხოდ
ამასთანავე, ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკთან და კრედო ბანკთან ერთად, ახალი ტექნოლოგია დავნერგეთ, სახელწოდებით Visa Tap-to-Phone-ი, რომლითაც ანდროიდის საოპერაციო სისტემის მქონე ტელეფონის ტერმინალად გადაქცევა და გადახდების მიღება არის შესაძლებელი – ყველაფერი ეს იმ მოწყობილობით, რომელიც სულ თან გვაქვს. აღნიშნული ტექნოლოგია ტერმინალების ქსელის განვითარებას უწყობს ხელს, რათა ციფრული გადახდები ხელმისაწვდომი გავხადოთ იქ, სადაც ეს ამ დრომდე შეუძლებელი იყო.
აქვე დავამატებ, რომ აქტიურად ვავითარებთ ციფრულ ემისიას – თუკი ამ დრომდე პლასტიკური ბარათის ცნება არსებობდა, ახლა ის ციფრულმა ბარათმა ჩაანაცვლა.
ამა წლის დასაწყისში, Visa-ს ხელშეწყობით, სომხეთში პირველად დაინერგა Apple Pay-ის ტექნოლოგია. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, სომხეთში, პირველი მობილური გადახდებიც სწორედ Visa-მ დანერგა, რითაც ძალიან ვამაყობთ.
ამ ყველაფერთან ერთად, ბაზრებისთვის ახალი საბარათე პროდუქტების შეთავაზებასაც ვაგრძელებთ: საქართველოში, მაგალითად, უკვე ხელმისაწვდომია Visa-ს პრემიალური ბიზნეს-ბარათები, რომლებითაც ბიზნესებს მათზე მორგებული შემოთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ.
ტექნოლოგიების განვითარებას არასდროს ვწყვეტთ – მათ გლობალურად და რეგიონალურად ვავითარებთ, ხოლო შემდგომ, ლოკალურად ვნერგავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.
დიანა, შეიძლება ითქვას, რომ ბევრმა ქართულმა ბიზნესმა პანდემია შესაძლებლობად აქცია და სწრაფად გაციფრულდა. როგორი იყო Visa-ს როლი ამ მხრივ?
პანდემიამ ნეგატიური გავლენა ბევრ სექტორზე მოახდინა, მაგრამ ყველაზე მეტად, ალბათ, ახლადშექმნილი ბიზნესები დააზარალა, რის გამოც, ეს მიმართულება ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. ჩვენი ძალისხმევა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისაკენ, ქალების ეკონომიკური გაძლიერებისაკენ, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისა და ზოგადად, უნაღდო საზოგადოების ხელშეწყობისაკენ მივმართეთ, როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ დონეზე.
ზოგადად, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაში Visa მნიშვნელოვან როლს თამაშობს – ეს მუდმივი პროცესია. ჩვენი კომპანია მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს იმ კომპანიებში, რომლებსაც ციფრული გადახდების განვითარების პოტენციალი აქვთ. ამასთანავე, Visa აქტიურად ეხმარება ფინტექ-კომპანიებს, როგორც ზემოთხსენებული Visa Everywhere Initiative-ით, ასევე Visa Fast Track-პროგრამით, რომელიც ფინტექ-კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ლიცენზირების პროცესი დაჩქარებული წესით გაიარონ.
გარდა ამისა, გასულ წელს, საქართველოს ბანკთან ერთად მეწარმე ქალთა ბიზნესის გაციფრულების პროგრამა დავიწყეთ, რომლის ფარგლებში 100 ბიზნესი გავაციფრულეთ, რაც საქართველოს ბაზრისთვის ძალიან საამაყო შედეგია. ამასთანავე, „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური სპონსორებიც გავხდით, რაც მცირე და საშუალო ბიზნესების წინაშე ჩვენ მიერ აღებულ პასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
დიანა, გთხოვთ მოგვიყვეთ იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც პოსტ-კოვიდურ სამყაროში, ციფრული გადახდების სფეროში არის მოსალოდნელი?
პოსტ-კოვიდურ ტენდენციებს ცალკე არ გამოვყოფდი, რადგან ვფიქრობ, რომ პანდემიამ უბრალოდ დააჩქარა პროცესები, რომელიც უკვე დაწყებული იყო.
პირველ რიგში აღვნიშნავდი ელექტრონული კომერციის მიმართულებას, რომელსაც ზრდის უდიდესი პოტენციალი აქვს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მკაფიოდ შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ იცვლება ფიზიკურ გარემოში განხორციელებული ტრანზაქციების ტრენდი და როგორ გარდაიქმნება ის ციფრული გადახდების ტრენდად.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნა იზრდება ციფრულ პროდუქტებსა და ციფრულ ბარათებზეც. როგორც უკვე ვთქვი, ცოტა ხანში, პლასტიკური ბარათის ცნება მოძველებულ ტექნოლოგიასთან იქნება ასოცირებული და საბოლოო ჯამში, ისტორიას ჩაბარდება.
ამასთანავე, მზარდია საზღვრებს შორის შესრულებული გადარიცხვების მაჩვენებელი – საუბარია, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს შორის შესრულებულ ტრანზაქციებზე. ახლო მომავალში აუცილებლად გაფართოვდება ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების არეალი, რაც ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების რიცხვს საგრძნობლად გაზრდის და ბევრ საინტერესო გადაწყვეტილებას დავინახავთ.
ფაქტია, რომ სამყარო მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდება და ჩვენ, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია, ამ ტრანსფორმაციას და სამყაროს განვითარების ტენდენციებს მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით და საინტერესო გადაწყვეტილებებს ვქმნით, რომლებითაც გვსურს, რომ პროცესებს ფეხი ავუბათ და ჩვენი გამოცდილების და ძლიერი ქსელის მეშვეობით დამატებითი ღირებულება შევმატოთ.
დიანა, სამწუხაროდ გვერდს ვერ ავუვლით უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს. რა სახის დახმარება აღმოუჩინა Visa-მ უკრაინელ ხალხს?
ჩვენი ორგანიზაცია ძალიან დამწუხრებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით. მოგეხსენებათ, უკრაინაში რეგიონალურ ჰაბი გვაქვს, რომელშიც ძალიან ბევრი თანამშრომელია დასაქმებული – მათი მდგომარეობით ძალიან შეწუხებულნი ვართ. უკრაინელი ოჯახების დასახმარებლად განვახორციელეთ პროექტი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან“ ერთად, რის ფარგლებში გაკეთდა მყისიერი 200 ათასი დოლარის დონაცია ფონდში და ეს თანხა გადაირიცხა უკრაინის „წითელ ჯვარში“, რომელსაც ის დაზარალებულ უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ საჭიროებებს მოახმარს.
ამასთანავე, მოვუწოდებთ Visa-ს ბარათის ყველა მფლობელს საქართველოში, შევიდნენ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ვებგვერდზე და გაიღონ დონაცია. ჩვენ კი, თითოეულ ასეთ დონაციას გავასამმაგებთ, ჩვენი დამატებითი $100 ათასიანი ფონდიდან. საერთო ჯამში, Visa საქართველომ $300 ათასი გამოყო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაძლიერებლად. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ინიციატივას საქართველოს ყველა მოქალაქე შემოუერთდება და ყველა ერთად, უკრაინელი ხალხის დახმარებას შევძლებთ.
დატოვე კომენტარი