Marca: მბაპე და „რეალი“ ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ

Marca: მბაპე და „რეალი“ ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ

ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კილიან მბაპე და მადრიდის „რეალი“ გასულ კვირას ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი ესპანურ გრანდს 1-ელი ივლისიდან შეუერთდება.

გამოცემის ცნობით, მბაპე „რეალისგან“ იმაზე ნაკლებ ხელფასს მიიღებს, ვიდრე მას „პარი სენ-ჟერმენი“ დარჩენის შემთხვევაში სთავაზობდა. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მადრიდელებმა პარიზულ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა მაშინ PSG-მ გარიგებაზე უარი განაცხადა.

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ტრანსფერს მხოლოდ მაშინ დაადასტურებს, როდესაც მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ საფეხბურთო კარიერის დასრულების თაობაზე განცხადებას თვითონ გააკეთებს.

„ჩემს მომავალზე ახლა ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ… ის თითქმის გადაწყვეტილია”, – განაცხადა კილიან მპაპემ კვირას ღამით საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) ღონისძიებაზე.

სწორედ ზემოხსენებულ ღონისძიებაზე დასახელდა მბაპე საფრანგეთის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, ლიგა 1-ის 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. მას აღნიშნულ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 34 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა განმავლობაშიც 25 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ 2021/2022 წლების სეზონის გამარჯვებული ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გახდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *