უიშვიათესი სარბოლო Mercedes-Benz-ი საავტომობილო აუქციონზე $143 მილიონ დოლარად გაიყიდა და ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის სტატუსიც მიიღო. 1955 წლის Mercedes-Benz 300 SLR Uhnelhaut Coupe უიშვიათესი მოდელი გახლავთ, რომელიც რეკორდულ ფასად Sotheby-ს სააუქციონო სახლში გაიყიდა.
ავტომობილი ბრიტანელმა ავტომობილების კოლექციონერმა და დილერმა საიმონ კიდსტონმა ანონიმური კლიენტისთვის შეისყიდა. კიდსტონი Mercedes-Benz-ის ავტომობილის გასაყიდად გატანას სამეთვალყურეო საბჭოსთან 18 თვის განმავლობაში ლობირებდა.
ავტომობილი 5 მაისს Mercedes-Benz-ის მუზეუმში, შტუტგარტში გაიყიდა და სპეციალურად მისთვის მოწყობილ აუქციონს მხოლოდ წინასწარ შერჩეული კოლექციონერები ესწრებოდნენ.
300 SLR Uhnelhaut Coupe მოდელი Mercedes-Benz-ის მიერ 1955 წელს შექმნილი ორი ეგზემპლარიდან ერთ-ერთია და საავტომობილო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი სარბოლო ჯილდოს მქონე ავტომობილად მიიჩნევა. ავტომობილი კომპანიის სარბოლო დეპარტამენტმა შექმნა და დიზაინერისა და ინჟინრის, რუდოლფ ულენჰაუტის სახელს ატარებს.
ავტომობილი კომპანიის კუთვნილი W 196 R გრანპრი მოდელის ბაზაზე აიწყო და 3.0 ლიტრის მოცულობის ძრავით იყო აღჭურვილი. Mercedes-მა მისი დამსახურებით ორი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა. Mercedes-Benz 300 SLR-ს 290 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლო, რაც მას იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ავტომობილად აქცევდა.
ავტომობილის ორივე ეგზემპლარი Mercedes-ის მფლობელობაში იმყოფება. შესაბამისად, მისი გაყიდვის გადაწყვეტილებამ ავტომოყვარულების გაოცება გამოიწვია. აქამდე აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდულ ავტომობილს 1962 წლის Ferrari 250 GTO წარმოადგენდა. ის Sotheby-ის აუქციონზე 2018 წელს $48.5 მილიონ, შემდეგ კი კერძოდ $70 მილიონ დოლარად გაიყიდა.
დატოვე კომენტარი