ინა გუდავაძე ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 66-ე ადგილზეა - The Sunday Times

ინა გუდავაძე ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 66-ე ადგილზეა - The Sunday Times

2.65 მილიარდი გირვანქა სტერლინგი – ამ ქონებით ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 66-ე ადგილზეა.

ბრიტანული The Sunday Times-ის შეფასებით ბოლო ერთ წელიწადში მისი ქონება არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა ადგილი რეიტინგში და 63-ედან 66-ე ადგილზე დაქვეითდა. სიმდიდრის წყარო მემკვიდრეობაა. მნიშვნელოვანია, რომ წლებია Sunday Times-ის ეს შეფასება  არ შეცვლილა, ხოლო ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა Forbes-ი და Bloomberg-ი, გუდავაძის ქონება არ აქვთ შეფასებული.

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლიდან, ინა გუდავაძეს საქართველოსა და საზღვარგარეთ ქონების დაბრუნებისთვის არაერთი სასამართლო პროცესი დასჭიდა. მოგვიანებით, დაბრუნებული ქონების ნაწილი, მათ შორის IDS Borjomi International-ის საკონტროლო, 60%-იანი წილი პატარკაციშვილების ოჯახმა მიხაილ ფრიდმანის “ალფა ჯგუფს” $460 მილიონად მიჰყიდა. ასევე მორიგებით დასრულდა დავა მილიარდერ ვასილი ანისიმოვთან, რომელმაც პატარკაციშვილების ოჯახს $700 მილიონი გადაუხადა. დავა ბადრი პატარკაციშვილის წილს შეეხებოდა კომპანია “მეტალოინვესტში”.

აქტივების დაბრუნების შემდეგ, პატარკაციშვილების ოჯახმა ქართული აქტივების ნაწილი მათ შორის “ტელეიმედი”  ეტაპობრივად, ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგს – “Hunnewell Partners”-ს მიჰყიდა.

2015 წელს მედია წერდა, რომ ინა გუდავაძემ მოიგო სასამართლო დავა და მის მფლობელობაში გადავიდა კომპანიები Fisher Island Investments Inc.-ი, Little Rest Twelve Inc.-ი და Mutual Benefits Offshore Fund Ltd.-ი ამ კომპანიების მმართველობის ქვეშ იყო აშშ-ში, ფლორიდაში მდებარე ფეშენებელური კურორტი ფიშერ-აილენდი, ასევე ნიუ-იორკში პრესტიჟული რესტორანი.

კონკრეტულად რა აქტივებს ფლობს დღეს ინა გუდავაძე უცნობია. ინტერნეტსივრცეში მასთან დაკავშირებულ რამდენიმე კომპანიაზე იძებნება ინფორმაცია. კერძოდ, ინა გუდავაძე არის ბენეფიციარი მფლობელი Valmore Trust-ისა, რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ში, ფეშენებელური კურორტის ფიშერ-აილენდის მართვაშია ჩართული და დეველოპერული პროექტების მხარდამჭერია. ასევე მასთან აფილირებულია კომპანია Fisher Island-ი, რომელიც, თავის მხრივ, ქონებას ფლობს ესპანეთსა და მაროკოში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *