საუდის არაბეთის მილიარდერმა პრინცმა, ალვალიდ ბინ თალალმა საკუთარი საინვესტიციო ფირმა Kingdom Holding-ის წილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. Kingdom Holding-ის 16.87%-იანი წილის შესყიდვაზე შეთანხმება პრინცსა და საუდის არაბეთის სუვერენულ სიმდიდრის ფონდს შორის შედგა.
საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF) პრინცის ჰოლდინგის 625 მილიონ აქციას $1.5 მილიარდად შეისყიდის. აღსანიშნავია, რომ შესყიდვის პროცესში, ხუთშაბათს, აქციის ფასი მიმდინარე წელს მისთვის ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო, ხოლო კვირას 6%-ით გაიზარდა. კომპანიის განცხადებით, საუდის არაბეთის საფონდო ბირჟაზე ტრანზაქცია კვირის ბოლოსთვის განხორციელდება.
პრინცი ალვალიდი, რომელიც სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ბიზნესფიგურაა, გარიგების შემდგომ, Kingdom Holding-ის 78.13%-იან წილს შეინარჩუნებს. საჯარო საინვესტიციო ფონდი, რომელიც $600 მილიარდზე მეტის აქტივებს მართავს, საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის ამბიციური გეგმის ერთ-ერთი ძირითადი აქტორია.
უახლესი გეგმებით, გვირგვინოსან პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ნავთობისგან ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია აქვს განზრახული. გარდა ამისა, პრინცის განცხადებით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი, საუდის არაბეთი, 2060 წლამდე სათბურის გაზების ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავს.
დატოვე კომენტარი