უკრაინის უმდიდრესი ადამიანი, რინატ ახმეტოვი უზარმაზარი ზარალის გამო, რომელიც მას მარიუპოლში ფოლადის ქარხნების დაბომბვის შედეგად მიადგა, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას გეგმავს. ზარალის დაახლოებითი მოცულობა $17 მილიარდიდან $20 მილიარდამდეა.
ახმეტოვის მფლობელობაში არსებული ქარხანა „აზოვსტალი“, რომელსაც რუსული დაბომბვის შედეგად დიდი ზიანი მიადგა, სამხრეთით საპორტო ქალაქში თავდაცვის უკანასკნელ ბასტიონად იქცა. მარიუპოლის დაბომბვისას ასევე მნიშვნელოვნად დაზარალდა „ილიჩის სახელობის მეტალურგიული კომბინატი“. უკრაინაში ფოლადის უმსხვილესი საწარმო Metinvest-ის მფლობელის, რინატ ახმეტოვის განცხადებით, რუსეთს აუცილებლად უჩივლებენ და ზარალისთვის შესაბამის კომპენსაციასაც მოსთხოვენ.
ახმეტოვის წინასწარი შეფასებით, Metinvest-ისთვის „აზოვსტალისა“ და „ილიჩის კომბინატის“ დაზიანების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა $17 მილიარდიდან $20 მილიარდამდეა. ზუსტი თანხა რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში დადგინდება. აღსანიშნავია, რომ მილიარდერის ბიზნესიმპერიას ზიანი 24 თებერვალს დაწყებულ ომამდეც, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ ტერიტორიების დაკავების შედეგად წამოწყებული 8-წლიანი ბრძოლის შედეგადაც მიადგა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ, Metinvest-მა განაცხადა, რომ მიწოდების კონტრაქტების პირობის შესრულებას ვეღარ შეძლებდა. სანამ ახმეტოვის ფინანსური და ინდუსტრიული SCM-ჯგუფი ემსახურება მის სავალო ვალდებულებებს, ელექტროენერგიის კერძო მწარმოებელმა DTEK-მა მისი ვალების პორტფელის რესტრუქტურიზაცია მოახდინა.
დატოვე კომენტარი