ინოვაციების ფრონტის ხაზზე

ინოვაციების ფრონტის ხაზზე

თოდუას კლინიკის კონკურენტული უპირატესობა გამოცდილი ექიმებისა და უახლესი ტექნოლოგიების კომბინაციაა.
ცნობილი ბაბუის საქმეს
გიორგი დიასამიძე აგრძელებს. ის დღეს კლინიკის გენერალური მენეჯერია.

თოდუას კლინიკა 600 თანამშრომელს ასაქმებს და ყოველწლიურად ასიათასობით პაციენტს ემსახურება. გიორგი დიასამიძე ფრიდონ თოდუას შვილიშვილი და თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერია, სწორედ მასთან მაქვს ინტერვიუ ვერის ახლად გახსნილ კლინიკაში.

1999 წელს ფრიდონ თოდუა, ჰენრი კისინჯერთან ერთად, ერთიანი ევროპის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ევროპის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა; ამერიკის შეერთებული შტატების ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ ფრიდონ თოდუა საზოგადოების წინაშე კეთილშობილური მიღწევებისთვის აღიარებულია 2003, 2008 და 2011 წლებში „წლის საუკეთესო ადამიანად”; „ჰუმანიზმისა და ხალხის სამსახურისთვის” საფრანგეთის მთავრობის მიერ დაჯილდოებულია „მადლიერების ჯვრით”. „დიდი ქველმოქმედებისა და საქმის ერთგულებისთვის“ მიღებული აქვს „ანდრია პირველწოდებულის ორდენი“. მან პირველმა შეიმუშავა ე.წ. „უსისხლო“ მანიპულაციები სხვადასხვა დაავადების მკურნალობისთვის და პირველმა დანერგა ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ულტრაბგერითი კონტროლით, რაც რთული ოპერაციული ჩარევების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. მის მიერ შემუშავებული მეთოდები ფართოდ დაინერგა მსოფლიოს მრავალ კლინიკაში.

გიორგი დიასამიძე ბავშვობაში უფრო ექიმობაზე ფიქრობდა, რადგან მის გარშემო მხოლოდ ექიმები ტრიალებდნენ. თუმცა, როცა პროფესიული არჩევანის გაკეთების დრო დადგა, ოჯახის წევრების რჩევით და საკუთარი გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის მენეჯმენტი აირჩია.

თოდუას კლინიკას ყოველთვის ცენტრალიზებული მართვის გამოცდილება ჰქონდა. ეს ნაწილობრივ იმანაც განაპირობა, რომ 1991 წელს დაფუძნებულმა კლინიკამ უამრავი ქარტეხილი გამოიარა – სამოქალაქო ომი, უშუქობა, რევოლუცია, აგვისტოს ომი – შედეგად, ახალ გარემოებებთან სწრაფი ადაპტაციისთვის უფრო ხშირად ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღებოდა.

2017 წლის ოქტომბერში, ბაბუას გარდაცვალების გამო, გიორგი დიასამიძემ ევროპაში სწავლა შეწყვიტა და საქართველოში მისი საქმის გამგრძელებლად დაბრუნდა. მისი ევროპული გამოცდილებაც გახდა ერთი მიზეზი, რატომაც ბევრი სტილის მორგების შემდეგ, ისევ დეცენტრალიზებული მართვა არჩია.

თუმცა, ჯანდაცვის მენეჯერის კლასიკური განმარტების შესაბამისად, რადიკალურ ცვლილებებს თავი აარიდა და მენეჯმენტის ახალ სტილზე თანამიმდევრულად გადაერთო. მისი მართვის 5 წელი, შეიძლება ითქვას, იმასაც მოხმარდა, რომ მეტი დელეგირების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიეღო.

პროფესიული კონტაქტების გაფართოების აუცილებლობაც ისევე ესმის, როგორც თავის დროზე მის ბაბუას ესმოდა. ამაზე მანამდეც ფიქრობდა, სანამ თოდუას კლინიკის მართვის რთული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოუწევდა.

მაგალითად, შვეიცარიაში სასწავლებლად წასული, ავსტრიაში, ვებსტერის უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ გადავიდა, რომ იქ უკეთეს სანაცნობო წრეს შეიქმნიდა და ეს წრე – ბაბუასიც და მისი საკუთარიც – დღეს ძალიან ბევრ რამეში ეხმარება.

ფრიდონ თოდუას გარდაცვალებამ მისი ცხოვრება და პროფესიული კარიერაც თავდაყირა დააყენა.

გიორგი დიასამიძე „ფორბსს” უყვება, რომ საქართველოში დაბრუნებას აუცილებლად აპირებდა, ოღონდ გვიან – მას შემდეგ, რაც დოქტორანტურასაც დაამთავრებდა და ევროპაში მუშაობის გამოცდილებასაც შეიძენდა.

დაახლოებით 5 წლის წინ მოულოდნელად მოუწია სათავეში ჩასდგომოდა საქმეს, რომლისთვისაც დიდი ხნით ადრე ემზადებოდა.

„18 წლის ვიყავი, როცა საქმე გადავიბარე. ახლაც ვერ ვხვდები, ეს როგორ გავბედე. ალბათ, რამდენიმე ფაქტორის გამო: მქონდა პროფესიონალების მხარდაჭერა; დაგროვილი გამოცდილება – შედარებით უმნიშვნელო როლებით, მაგრამ მაინც ყოველთვის ჩართული ვიყავი იმ პროექტების უმრავლესობაში, რასაც ბაბუა ახორციელებდა და მიყვარდა ის საქმე, რომელსაც ხელს ვკიდებდი – თოდუას კლინიკის მართვა ჩემთვის არასდროს ყოფილა ძალდატანება, ყოველთვის მოტივაცია და გააზრებული პასუხისმგებლობა იყო, რაც მაშინაც და დღესაც ყველაზე მეტად მეხმარება“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

პასუხისმგებლობა ნამდვილად მაღალი იყო, რადგან თოდუას კლინიკა არა მხოლოდ საქართველოში, მთელ რეგიონში გამორჩეულია.

დაფუძნებიდან დღემდე თოდუას კლინიკაში დაცულია 85-ზე მეტი დისერტაცია, 21 გამოგონებაზე მიღებულია პატენტი, დახელოვნებულია 300-ზე მეტი ექიმი რადიოლოგი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწეობენ. მიღებულია 4 სახელმწიფო, 5 ეროვნული და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 9 სახელობითი პრემია. წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებებისათვის 11 თანამშრომელი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, 14 თანამშრომელი – ღირსების მედლით. 16 თანამშრომელს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული პრემიები.

ყველა შეფასებით, კლინიკის მთავარი კონკურენტული უპირატესობა საუკეთესო ექიმებისა და უახლესი აპარატურის კომბინაციაა.

ამ კომბინაციის წყალობით, თოდუას კლინიკის პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება. მათ შორის ისეთი თანამედროვე და იშვიათი მიმართულებებით, როგორიცაა გენეტიკური კვლევები, პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია, ენდოციტოსკოპია, ინტერვენციული რადიოლოგია, ტრანსბრონქული ბიოფსია, ლაპაროსკოპიული ონკოქირურგია, იმუნოთერაპია და რადიოქირურგია.

ამ სფეროების სიახლე და კომპლექსურობა შესაბამის მიდგომასაც გულისხმობს, რაც უკვე კარგა ხანია, თოდუას კლინიკის ხელწერად იქცა – კერძოდ, კლინიკაში დანერგილია მულტიდისციპლინური მიდგომები: ექიმები გუნდურად, კონსილიუმის პრინციპით მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის დაგეგმვა მხოლოდ სპეციალისტების საერთო შეფასებების შეჯერებით ხდება. განსაკუთრებით რთული პაციენტების მდგომარეობა კი უცხოელ კოლეგებთან, სპეციალური ტელეხიდების მეშვეობით განიხილება.

ეს ყველაფერი იმის მტკიცე ფუნდამენტია, რომ დღეს თოდუას კლინიკაში ზუსტად ისეთივე ხარისხის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიღებაა შესაძლებელი, როგორისაც ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში.

კიდევ ერთი მახასიათებელი, რაც თოდუას კლინიკას სხვებისგან გამოარჩევს – მისი გამოკვეთილი აქცენტებია განათლების, კვლევითი და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. კლინიკას ძალიან ძლიერი შიდა საგანმანათლებლო პროგრამა აქვს, რაც თოდუას კლინიკას ბაზარზე არსებული კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობის ნაწილობრივ დაბალანსებაშიც ეხმარება.

„ვკიდებთ ხელს ახალგაზრდას, რომელსაც შემდეგ – ვზრდით. ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ასეთი ახალგაზრდა გვყავს გაზრდილი, რომლებიც დღეს ჩვენს კლინიკებში წარმატებით მუშაობენ. ეს ძალიან პრესტიჟული, საინტერესო, საჭირო და ჰუმანური საქმეა. ახალგაზრდებს ასპარეზი უნდა გაუხსნა“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

თოდუას კლინიკაში ექიმებისთვის ასპარეზი ძალიან ფართოა: აქტიურად გადიან სხვადასხვა კურსს ევროპასა თუ ამერიკაში, მუდმივად ეცნობიან კვლევით პუბლიკაციებს.

ყველაფერი ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს რეგიონში კლინიკის ლიდერობას და მის საერთაშორისო დონის პროექტებში აქტიურ ჩართულობას.

„ჩვენ ვართ კლინიკა, რომელიც ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოსული წამლების კლინიკურ კვლევებს ატარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ წამალი მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდება, მანამდე მისი მოქმედების გავლენას ჩვენ ვსწავლობთ ანუ პირველები ვნახულობთ, რამდენად სასარგებლო იქნება ესა თუ ის ახალი წამალი. იმისთვის, რომ ეს უფლება მიიღო, შენი ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტს უნდა პასუხობდეს, ამას კი მსოფლიოს წამყვანი მარეგულირებლები ამოწმებენ. მაგალითად, ორი წლის წინ, სიმსივნის იმუნოთერაპიული წამლის შემქმნელებმა ამ წამლისთვის ნობელის პრემია მიიღეს – ძალიან ვიამაყეთ, რადგან 6 წლის განმავლობაში ამ წამლის კვლევა როგორც გლობალურად, ასევე ჩვენთან, თოდუას კლინიკაშიც მიმდინარეობდა“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

კლინიკურ კვლევას ცალკე განყოფილება აქვს. განყოფილებაში I- IV ფაზის კლინიკური კვლევები მიმდინარეობს. ეს შესაძლებელი იმიტომ ხდება, რომ კვლევის ყველა სტანდარტი დაცულია – როგორც ადამიანური რესურსის, ისე ბიოლოგიური მასალის უსაფრთხოებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის ორგანიზებულობის თვალსაზრისით.

ეს სტანდარტები კლინიკის შიგნით იმდენად დამკვიდრებულია, რომ განყოფილების თანამშრომლები ნებისმიერი ტიპის სამედიცინო დოკუმენტაციას FDA–ის, GCP–ის, ICH–ის, ლოკალური უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით და სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებენ.

გიორგი დიასამიძე და მედეა ანთელავა, თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის გენერალური მენეჯერი

შედეგად, ხარისხზე განუხრელი ზრუნვა და ძალისხმევა წამყვანი ფარმაცევტული კომპანიებისა და კვლევის კონტრაქტორი ორგანიზაციების მხრიდან არსებულ სტაბილურ ნდობაში ითარგმნება.

ამ ნდობას კი შენარჩუნება უნდა – მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებისთვის მაქსიმალურად ფეხის აწყობის გზით. სწორედ აქ იკვეთება გიორგი დიასამიძის, როგორც ჯანდაცვის მენეჯერის, ბიზნესხედვა.

„ჩვენი მოგების თითქმის ასივე პროცენტი ჩვენს საქმეში რეინვესტირდება. მედიცინა ტოვებს მოგებას – თუმცა, ისე როგორც ყველა სხვა საქმეში, გაქვს ორი არჩევანი: ან მოგება გაანაწილო, ან – ისევ საქმეს და განვითარებას მოახმარო. თუ ეს ყველაფერი საქმეს არ მოხმარდა, მე, როგორც მენეჯერი, საქმის კეთების ინტერესს დავკარგავ“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

მისი მენეჯერობით, თოდუას კლინიკას თანამიმდევრული ზოგადი ხედვა აქვს და ის კონკრეტული მიმართულებებიც იდენტიფიცირებულია, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს.

„ფართო ხედვაა, რომ ცნობიერების გაზრდა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა უნდა იყოს პრიორიტეტული. ვერ გეტყვით, ათ წელიწადში რა იქნება, რადგან ათი წლის წინ, მაგალითად, რადიოქირურგია საერთოდ არ არსებობდა, დღეს კი სიმსივნის სამკურნალოდ ერთ–ერთი პირველი მიდგომაა. თუმცა ერთი რამ ცხადია: არაფერი შეცვლის იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასთვის. ჩვენც ვცდილობთ, ამ კეთილშობილური მიზნის მიღწევაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

Comments are closed.