რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ ჰოლანდიას, ასევე გერმანიისა და დანიის ფირმების ნაწილს გაზის მიწოდება შეუჩერა. რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰოლანდიის მთავარ ენერგეტიკულ ფირმა GasTerra-ს, დანიის Ørsted-სა და Shell Energy-ის გერმანიისთვის გაზის მიწოდების კონტრაქტს შეეხო.
რუსეთის ქმედება ევროკავშირის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ევროკავშირმა, ფინანსური სანქციების ფარგლებში, რუსულ გაზზე ნაწილობრივი ემბარგო დააწესა. საპასუხოდ, რუსეთმა GasTerra-სთვის, ჰოლანდიის მთავრობის სახელით გაზის მთავარი მოვაჭრისთვის, ბუნებრივი აირის შეჩერების პერიოდი გაახანგრძლივა, ხოლო მოგვიანებით, დანიური ენერგეტიკული ფირმა Ørsted-ისა და Shell Energy-ისთვის, კერძოდ კი მისი გერმანიისთვის გაზის მიწოდების კონტრაქტისთვის, გაზის მიწოდება შეაჩერა.
რუსულმა მხარემ კომპანიებისთვის გაზის მიწოდების შეჩერების მიზეზად საფასურის რუბლებში გადაუხდელობა დასახელდა. „გაზპრომის“ განცხადებით, Shell-მა და Ørsted-მა, 31 მაისის სამუშაო დღის ბოლომდე ვერ გადაიხადეს გაზის საფასური, მიწოდება კი შეჩერდება მანამ, სანამ ფირმები თანხას რუსეთის მოთხოვნების შესაბამისად არ გადაიხდიან. თავის მხრივ, Shell Energy Europe Limited-მა რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადა. Shell-სა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებული კონტრაქტი წელიწადში 1,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ჰოლანდიურ GasTerra-ს, ფირმის ინფორმაციით, 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე კომპანია მოლაპარაკებებს სხვა მომწოდებლებთან უკვე აწარმოებს. გაზის სწორედ ეს მოცულობა უნდა მიეღო მას „გაზპრომისგან“ ოქტომბრამდე.
ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგო დაუყოვნებლივ შეეხება რუსული ნავთობის იმპორტის 75%-ს, წლის ბოლოსთვის ემბარგოს გავლენა 90%-მდე გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა, გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება ბულგარეთს, პოლონეთსა და ფინეთს უკვე შეუჩერა.
დატოვე კომენტარი