გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული ერთი კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. 1-ელ ივნისს ნაფიცმა მსაჯულებმა მსახიობებს, ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის ცილისწამებასთან დაკავშირებით გამართულ სამართლებრივ დავაზე ვერდიქტი გამოაცხადეს. Paramount Pictures-ს კი „Top Gun: Maverick“-ის გამო უჩივიან და საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამავე ბრალდებით მერაია კერის წინააღმდეგ სასამართლოში $20-მილიონიანი სარჩელი შეიტანეს.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ახალი ანგარიშის მიხედვით, „Stranger Things 4“-მა ნახვების კუთხით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ასევე აღსანიშნავია, რომ მომდევნო თვეში, ანტონიო სტრადივარის მიერ დამზადებული ვიოლინო შესაძლოა, Christie’s-ის აუქციონზე $11 მილიონად გაიყიდოს. მარგარეტ ეტვუდის ნაწარმოების, „მხევლის წიგნის“ ცეცხლგამძლე ეგზემპლარი კი, რომელიც ამერიკულმა გამომცემლობა Penguin Random House-მა გამოუშვა, 7 ივნისს ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 130,000 აშშ დოლარად გაიყიდა.

გასული კვირის კულტურის სფეროს მიმოხილვაში სწორედ ამ სიახლეებს გაეცნობით.

ჯონი დეპმა ემბერ ჰერდს სასამართლო დავა მოუგო

1-ელ ივნისს ვირჯინიის შტატის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ცნობილ მსახიობებსა და ყოფილ ცოლ-ქმარს, ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის ცილისწამებასთან დაკავშირებით გამართულ სამართლებრივ დავაზე ვერდიქტი გამოაცხადეს. მათი განცხადებით, დეპის მტკიცებულებები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჰერდის მხრიდან ცილისწამება დადასტურებულიყო.

ემბერ ჰერდს ჯონი დეპისთვის $10-მილიონიანი კომპენსაციის, ხოლო სადამსჯელო ზომის სახით $5 მილიონის გადახდა დაევალა. თუმცა ვირჯინიის კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც სადამსჯელო ზომის სახით მაქსიმუმ  $350 ათასის მოთხოვნას ითვალისწინებს, მოსამართლემ $5-მილიონიანი სასჯელი სწორედ მოცემულ თანხამდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის გადახდა ჯონი დეპსაც მოუწევს – როგორც ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, მისმა ადვოკატმა, ერთ ეპიზოდში, ემბერ ჰერდს ცილი დასწამა. ამის გამო დეპმა ყოფილ ცოლს $2 მილიონი უნდა გადაუხადოს.

ფოტო: Steve Helber

ჯონი დეპმა ცილისწამების ბრალდებით ემბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აპრილის შუა რიცხვებში შეიტანა. ის ყოფილი ცოლისგან კომპენსაციის სახით 50 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა.

ყველაფერი 2018 წელს The Washington Post-ში გამოქვეყნებული ოპ-ედით დაიწყო, რომელშიც ჰერდი წერდა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ ოპ-ედში ჯონი დეპის სახელი ნახსენები არ არის, თუმცა, როგორც მსახიობის ადვოკატები ამტკიცებდნენ, ტექსტი სწორედ მას მიემართებოდა.

აგორებული სკანდალის გამო ჯონი დეპის სამსახიობო კარიერას სერიოზული საფრთხე შეექმნა. მან დაკარგა მნიშვნელოვანი როლები ფილმებში: „კარიბის ზღვის მეკობრეები“ და „ჯადოსნური ცხოველები“.

როგორც სასამართლო პროცესზე დეპის აგენტმა, ჯეკ უიგჰემმა განაცხადა, მსახიობი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში როლის შესრულებისთვის $22,5 მილიონს მიიღებდა, თუმცა ოჯახური ძალადობის ბრალდებების გამო მას ფილმში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

შეგახსენებთ, დეპმა 2020 წელს ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში ბრიტანულ გამოცემა The Sun-საც უჩივლა, რომელმაც მსახიობი ცოლზე მოძალადე კაცად მოიხსენია. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ეს დავა წააგო.

„Stranger Things 4“-მა ნახვების კუთხით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

Nielsen-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, „Stranger Things“-ის მეოთხე სეზონის პირველ ნაწილს Netflix-ის გამომწერებმა, ერთი კვირის განმავლობაში, 23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, საერთო ჯამში 5.1 მილიარდი წუთი დაუთმეს, რაც სტრიმინგ-სერვისის ინგლისურენოვან სატელევიზიო სერიალებს შორის საუკეთესო შედეგია.

რაც შეეხება ზოგადად, სხვადასხვა პლატფორმაზე გაშვებულ სატელევიზიო სერიალებს, ამ შემთხვევაში ერთი კვირის პერიოდში საუკეთესო შედეგი „Tiger King“-ს აქვს დაფიქსირებული, რომელსაც მაყურებლებმა 5.3 მილიარდი წუთი დაუთმეს. 5.2 მილიარდი წუთით მეორე ადგილს იკავებს „Ozark“-ი. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ სერიალებმა მოცემული შედეგები 2020 წლის მარტში დააფიქსირეს, როდესაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ლოკდაუნები დაიწყო.

ფოტო: Netflix

აღსანიშნავია, რომ „Stranger Things 4“-მა გასული თვის ბოლოს კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. Netflix-ის განცხადებით, სტრიმინგ-სერვისის გამომწერებმა მას სადებიუტო უიკენდზე საერთო ჯამში 286.7 მილიონი საათი დაუთმეს, რაც პლატფორმაზე ინგლისურენოვან სატელევიზიო შოუებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

ცნობისთვის, Netflix-ზე სხვადასხვაენოვან სატელევიზიო შოუებს შორის, გაშვებიდან 28 დღის განმავლობაში, ნახვების კუთხით რეკორდი „Squid Game“-ს ეკუთვნის. სტრიმინგ-სერვისის გამომწერებმა მას თითქმის ერთი თვის პერიოდში 1.6 მილიარდი საათი დაუთმეს.

სტრადივარის ვიოლინო შესაძლოა, Christie’s-ის აუქციონზე $11 მილიონად გაიყიდოს

ცნობილი იტალიელი ოსტატის, ანტონიო სტრადივარის მიერ 1679 წელს დამზადებული ვიოლინო შესაძლოა, Christie’s-ის აუქციონზე 11 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდოს. აუქციონი 7 ივლისს, ლონდონში გაიმართება.

ინსტრუმენტს, რომელიც ორნამენტებითა და სპილოს ძვლით არის გაფორმებული, ანტონიო სტრადივარი დამზადებიდან 55 წლის განმავლობაში ინახავდა. ოსტატმა ის 1734 წელს ინგლისელ სამუელ ჰელიერს 40 გირვანქა სტერლინგად მიჰყიდა.

სტრადივარის ვიოლინოები დახვეწილი ოსტატობით არის შექმნილი. Christie’s -ის სააუქციონო სახლის წარმომადგენლების თქმით, მათი ღირებულება 8-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს.

ფოტო: Christie’s

„დაახლოებით 1100 ინსტრუმენტიდან, რომლებიც სტრადივარიმ  სიცოცხლის განმავლობაში შექმნა, მხოლოდ ათზე ოდნავ მეტია შემკული დეკორაციებით და ამ კონკრეტულ ნიმუშს სმიტსონის მუზეუმის კურატორები ყველაზე კარგად შემონახულად მიიჩნევენ“, – ნათქვამია Christie’s -ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2011 წელს ლონდონში გამართულ აუქციონზე ანტონიო სტრადივარის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ვიოლინო ინსტრუმენტებისთვის რეკორდულ ფასად, 15.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Paramount Pictures-ს „Top Gun: Maverick“-ის გამო უჩივიან

1983 წელს ჟურნალ California-ში ეჰუდ იონეიმ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ფილმ „Top Guns“-ს დაედო საფუძვლად – კინოსურათი სამი წლის შემდეგ გამოვიდა. ცოტა ხნის წინ კი ეკრანებზე ფილმის მეორე ნაწილი, „Top Gun: Maverick“-ი გამოჩნდა. იონეის მემკვიდრეები Paramount Pictures-ს აღნიშნულ კინოსურათთან დაკავშირებით საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, Paramount Global-ის შვილობილმა კომპანიამ ახალი ფილმის ეჰუდ იონეის სტატიის მიხედვით გადაღებასთან დაკავშირებით ავტორის ოჯახისგან ნებართვა ვერ მიიღო.

ფოტო: Getty Images

ეჰუდის ქვრივი და ვაჟი, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ, „Top Gun: Maverick“-ის მოგებიდან კომპენსაციას ითხოვენ. თანხის რაოდენობა არ გასაჯაროებულა. მათ ასევე ფილმის დისტრიბუციისა და „Top Guns“-ის მომდევნო ნაწილების დაბლოკვა სურთ.

„ეს პრეტენზიები უსაფუძვლოა და ჩვენ თავს მაქსიმალურად დავიცავთ“, – ნათქვამია Paramount-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმი „Top Gun: Maverick“-ი კინოთეატრებში მაისის ბოლოს გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ $170-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე კინოსურათის შემოსავალმა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადებიუტო უიკენდზე, 124 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს, ბოლო მონაცემებით, ის 557.2 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

„მხევლის წიგნის“ ცეცხლგამძლე ეგზემპლარი Sotheby’s-ის აუქციონზე 130,000 აშშ დოლარად გაიყიდა

კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის ნაწარმოების, „მხევლის წიგნის“ ცეცხლგამძლე ეგზემპლარი, რომელიც ამერიკულმა გამომცემლობა Penguin Random House-მა გამოუშვა, 7 ივნისს ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 130,000 აშშ დოლარად გაიყიდა. ასლი წიგნების აკრძალვის გასაპროტესტებლად და ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ გამოიცა.

აღსანიშნავია, რომ Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი ცეცხლგამძლე „მხევლის წიგნის“ გაყიდვას 50,000-დან 100,000 აშშ დოლარად იმედოვნებდა.

ფოტო: Penguin Random House

როგორც ცნობილია, ნივთის გაყიდვიდან მიღებული თანხა PEN America-ს ანგარიშზე გადაირიცხება. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც სიტყვის თავისუფლების დაცვას ცდილობს.

„მხევლის წიგნის“ აღნიშნული ეგზემპლარის ტექსტი სპეციალური მასალით დამზადებულ ცეცხლგამძლე ქაღალდზეა დაბეჭდილი, რომელიც ასევე ცეცხლგამძლე ყდაშია ჩასმული. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის განცხადებით, ეს უკანასკნელი 1530°C ტემპერატურას უძლებს.

მერაია კერის საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ და $20-მილიონიან კომპენსაციას სთხოვენ

მერაია კერის თავისი ცნობილი საშობაო სიმღერის, „All I Want for Christmas Is You“-ის გამო სასამართლოში უჩივიან. კომპოზიტორი ენდი სტოუნი ამერიკელ მომღერალს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და მისგან კომპენსაციის სახით 20 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ კერის „All I Want for Christmas Is You“ 1994 წელს გამოვიდა და მალე მთელ მსოფლიოში პოპულარულ საშობაო ჰიტად იქცა.

ფოტო: Kevin Mazur

ენდი სტოუნის სარჩელში ნათქვამია, რომ კერიმ და მისმა თანამშრომლებმა სიმღერის საავტორო უფლებები „შეგნებულად, მიზანმიმართულად და განზრახ“ დაარღვიეს. სტოუნის მიერ ლუიზიანის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, მან ამავე სახელწოდების სიმღერა კერის „All I Want for Christmas Is You“-ის გამოსვლამდე ხუთი წლით ადრე დაწერა, მისი სათაურის გამოყენების ნებართვა კი არ გაუცია.

უნდა ითქვას, რომ სიმღერებს, ერთნაირი სათაურების მიუხედავად, განსხვავებული ტექსტი და მელოდია აქვს.

მერაია კერიმ „All I Want for Christmas Is You“ 1994 წელს გამოშვებულ ალბომ „Merry Christmas“-ში შეიტანა. სიმღერამ გამოჩენიდან მალევე რამდენიმე ქვეყნის მუსიკალურ ჩარტებში ლიდერობა მოიპოვა. ცნობისთვის, 2017 წლის მონაცემებით, ამერიკელმა მომღერალმა ჰიტის წყალობით 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ჰონორარი მიიღო.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. One skill you need to master when matching clothes is that the color of sports shoes should be similar to the color of bottoms. Matching with the same color will have a visual extension effect and will naturally make your legs longer. Disappearing bottoms is the most common way of dressing in summer. Its advantages are very obvious. It can not only highlight the youthful atmosphere, but also achieve the effect of lengthening legs.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *