“გაზპრომი” და დივერსიფიკაცია - კითხვები, რომლებიც პასუხს მოითხოვს

“გაზპრომი” და დივერსიფიკაცია - კითხვები, რომლებიც პასუხს მოითხოვს

12 მარტს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია: “გაზპრომთან” მიღწეულია ახალი შეთანხმება, რითაც უმჯობესდება რუსული გაზის სომხეთში გატარების საფასური და მცირდება საქართველოსთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ღირებულება. ცხადდება, რომ ამ ახალი ხელშეკრულებით “გაზპრომი” და “სოკარი” კონკურენციაში მოექცევიან, რითაც კომერციული მომხმარებლები ისარგებლებენ. დაინტერესებულ კომპანიებს ექნებათ საშუალება, გაზი პირდაპირ “გაზპრომისგან” შეიძინონ. .

თავად ხელშეკრულება დახურულია. კომერციული საიდუმლოების საბაბით არ ცხადდება არც ტრანზიტის საფასური, არც გაზის შესყიდვის ფასი, არც სხვა დოკუმენტირებული ან არადოკუმენტირებული შეთანხმებები და შესაძლო დათმობები. ამიტომ, მიუხედავად მთავრობის პატაკისა, თუ მოლაპარაკებების ცნობილი გამოთქმის პარაფრაზს გავაკეთებთ, უნდა ჩავთვალოთ, რომ სანამ ყველაფერი არ ვიცით – არაფერი არ ვიცით და ხელშეკრულების ავკარგიანობის შეფასებისგან თავი უნდა შევიკავოთ. შესაძლებელია არაპირდაპირი ინფორმაციით ზოგიერთ დეტალებსა და თავად პროცესზე მსჯელობა.

კერძოდ, ფასებთან დაკავშირებით უნდა ვივარაუდოთ, რომ გაზის ახალი ფასი 2017-ში გაცხადებულ 185 დოლარზე (ათას კუბურ მეტრზე) ნაკლები იქნება, ხოლო ტრანზიტის საფასური გაიზარდა ჩვენი ჩრდილოეთ-სამხრეთის რთული მილსადენისთვის ადეკვეტურ ნიშნულამდე.

მაშ ვისგან და რატომ არის გასაიდუმლოებული ეს ხელშეკრულება, რომელსაც ორი პოლიტიკური და არაკომერციული მოთამაშე დებს ერთმანეთთან? ვინ არიან ის დაინტერესებული მხარეები, ვინც შეიძლება გასაიდუმლოებული ინფორმაცია სათავისოდ გამოიყენოს, თანაც სხვა მხარეების ხარჯზე? მოდი, გამორიცხვის მეთოდით ვიმოქმედოთ.

ერთი შეხედვით, ალოგიკურად გამოიყურება “გაზპრომისგან” გაზის შესყიდვის ღირებულების დაფარვა. მართლაც, თუ ქართული კომპანიები ღიად შეძლებენ “გაზპრომისგან” გაზის შესყიდვას, ბუნებრივია, რომ მათ ეს ფასი წინასწარ უნდა იცოდნენ (შესყიდვის შემდეგ ხომ ნამდვილად ეცოდინებათ). ასევე ძნელი დასაჯერებელია, რომ ღია გაყიდვის პირობებში ამ ფასს ან აზერბაიჯანული ან სომხური მხარე ვერ გაიგებს. ან თუნდაც რატომ არ უნდა გაიგოს “სოკარმა”, თუ გვინდა, რომ თავადაც დაუკლოს ფასს კომერციული საწარმოებისათვის.

ასევე ალოგიკურად გამოიყურება ტრანზიტის საფასურის დამალვა. მართლაც, საერთაშორისო პრაქტიკით, ენერგეტიკული ქარტიისა და ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, მილსადენები, როგორც ბუნებრივად მონოპოლისტური ინფრასტრუქტურა და მისი გამოყენების გონივრული პირობები ღია უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისათვის (უფრო დეტალურად იხ.WEG.ge).

ასოცირების შეთანხმებით, საქართველოსთვის ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენზე გამონაკლისი მხოლოდ ტრანზიტის სახარბიელო პირობების (10% ნატურით) გამო იქნა დაშვებული. 2016 წელს ამ პირობის დაკარგვის შედეგად ეს მოტივაცია გაქრა და ახლა უმჯობესია, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ამ გაზსადენით სარგებლობის პირობები სემეკმა ღიად დაადგინოს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ:

– ამ მილსადენით დაინტერესებული რუსეთი და სომხეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან და ამ ინფორმაციას ერთმანეთთან ადვილად გაცვლიან. თანაც “გაზპრომს” აქვს შესაძლებლობა, საქართველოსა და სომხეთის ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპიროს, მაგალითად, სომხეთში მიწოდებული გაზის ღირებულების ზრდა დაუკავშიროს საქართველოს ტრანზიტზე გაზრდილ მოთხოვნებს.

– აზერბაიჯანს ან თურქეთს ამ მილსადენთან შემხებლობა და კომერციული ინტერესი არა აქვს, ხოლო მომავალში თუ მისი ალტერნატიული გამოყენების პირობები გაჩნდება, ამას მხოლოდ უნდა მივესალმოთ.

– გაზსადენით ტრანზიტის საფასური ასევე ვერ გამოდგება სხვა ქვეყყნებისათვის რაიმე ორიენტირად, ვინაიდან მილსადენი სპეციფიკურ და ძალიან რთულ რელიეფზე გადის.

– თუ საქართველოს მომხმარებლები რუსეთიდან გაზს შეიძენენ, მათთვის მილსადენით სარგებლობის პირობები წინასწარ უნდა იყოს ცნობილი.

მეტ ახსნას მოითხოვს ისიც, თუ რატომ წავიდა “გაზპრომი” დათმობაზე წელს და რატომ გვთავაზობს ისეთ პირობებს, რომელთაც 2016 წელს ვერ მივაღწიეთ. თანაც ეს ხდება მაშინ, როდესაც 2019 წლიდან სომხეთში მიწოდებული გაზის ფასი 150-დან 165 დოლარამდე გაიზარდა. ხოლო მოლდოვისთვის გაზის ფასი 25%-ით გაიზარდა და 237 დოლარით ევროპაში მიწოდების ფასებს გაუტოლდა. ამ მაგალითებით ნათლად ჩანს ფასებით პოლიტიკური მანიპულაცია, რაც ჩვენს შემთხვევაში რატომღაც საქართველოს სასარგებლოდ ტრიალდება.

ყველა ეს გარემოება ძალიან ბუნებრივ კითხვებს ბადებს და პასუხებს მოითხოვს. ბუნდოვანება გაქრება, თუ ვივარაუდებთ, რომ ხელშეკრულება მისი ხელმოწერის შემდეგ გასაჯაროვდება. სხვა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ხელშეკრულება ფორმდება “გაზპრომთან” დაახლოებული “რჩეული” კომპანი(ებ)ისთვის და ეს ინფორმაცია დამალულია საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვეულებრივი ბიზნესებისთვის, ვისაც შესაძლებელია, გაზის ალტერნატიული წყაროდან ყიდვა მოუნდეს, მაგრამ “გაზპრომთან” კავშირი არ ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ღია დივერსიფიცირებული ბაზრის ნაცვლად სეგმენტირებული ბაზარი და ორმაგი დამოკიდებულება გაჩნდება ორ მონოპოლისტზე.

ამ ეჭვების გასაქარწყლებლად კი უფრო სარწმუნო და სრული ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო. სხვა მხრივ, დარჩება ეჭვი, რომ “გაზპრომმა” კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მისი უძლიერესი იარაღი – გაუმჭვირვალე კორუფციული კავშირები ეფექტიანად გამოიყენა, ინტერესთა ჯგუფების საკუთარ მიწოდებაზე მიბმით ახალი დასაყრდენი იპოვა, ეჭვისა და უნდობლობის ნაპრალი გააჩინა ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის, რათა გაეძლიერებინა უმწეო უიმედობის გრძნობა, რომ ჩვენს ბედს ისევ განკარგავენ ჩვენს უკითხავად და ჩვენი პატივისცემის გარეშე.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *