რუსეთი ჩინეთის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებელი გახდა

რუსეთი ჩინეთის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებელი გახდა

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ოკუპანტი ქვეყნისთვის დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ჩინეთმა რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა დაიწყო.

იმპორტის მოცულობის 55%-იანი ზრდის ფონზე, რუსეთმა საუდის არაბეთს გადაუსწრო და ჩინეთის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებლის პოზიცია დაიკავა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში ჩინეთი რუსეთიდან ყოველდღიურად, დაახლოებით, 1.98 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდულობდა.

რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბირჟაზე მისი ფასების შემცირებას უკავშირდება. საგულისხმოა, რომ აშშ-მა რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ევროპული კომპანიები კი მის შესყიდვას თავს არიდებენ, შესაბამისად, მოთხოვნის შემცირების პირობებში, ბირჟაზე რუსული ნავთობი სხვა კონკურენტებთან შედარებით 20-25%-ით იაფად იყიდება.

რუსული ნავთობის უმსხვილეს შემსყიდველებს შორის არიან ჩინური სახელმწიფო კომპანია Sinopec-ი და Zhenhua Oil-ი.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს რუსეთის ფედერაციამ ნედლი ნავთობისა და საწვავის ექსპორტით 20 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, აღნიშნული მაჩვენებელი 11%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, რაც საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი ენერგორესურსების ფასებითაა განპირობებული.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის უდიდეს საექსპორტო ბაზრად ისევ ევროკავშირი რჩება, სადაც საერთო მოცულობის 44.1%-ის ექსპორტი განხორციელდა; შესყიდვებში მეორე ადგილს 26.0%-იანი წილით ჩინეთი იკავებს; 11.7%-ით – ინდოეთი; 3.9%-ით – თურქეთი; ხოლო სხვა ქვეყნებზე ექსპორტის მოცულობის 13.0% მოდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *