კრემლის განცხადებით, პუტინი G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

კრემლის განცხადებით, პუტინი G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი G20-ის წლევანდელ სამიტში მონაწილეობას გეგმავს. სამიტში მონაწილეობის შემთხვევაში, უკრაინაში შეჭრის ბრძანების გაცემის შემდგომ პირველად, რუსეთის პრეზიდენტი მისი მოწინააღმდეგე მთავარი სახელმწიფოების ლიდერებს, მათ შორის ბაიდენსა და ზელენსკის შეხვდება.

სამიტში მონაწილეობას რუსეთის სახელმწიფო მედიასთან პუტინის მრჩეველი იური აშაროვი ადასტურებს. თუმცა უცნობია, Covid-19-ის საფრთხის გამო, გაემგზავრება თუ არა თავად პრეზიდენტი სამიტზე. წლევანდელი G20-ის სამიტი ინდონეზიაში 15 და 16 ნოემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყნისა და ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა სამიტზე პუტინის მოწვევის შესახებ და აღნიშნა, რომ სპეციალური მოწვევით სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ უკრაინა G20-ის წევრი სახელმწიფო არ არის.

ბაიდენმა, მარტში, რუსეთს G20-ის დატოვებისკენ მოუწოდა, ხოლო ზელენსკიმ სამიტზე დასწრება გასულ თვეში დააანონსა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრაზე „ოკუპანტები“ არ იქნებოდნენ. სამიტზე შეხვედრა, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებსა და პუტინს შორის, პირველი საჯაროდ ცნობილი კონტაქტი იქნება. ცნობისთვის, ბაიდენსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი ბოლოს 12 თებერვალს შედგა, პირადად კი ქვეყნის ლიდერები 2021 წლის ივნისში, ჟენევის სამიტზე შეხვდნენ.

G20 მსოფლიოს ოც ყველაზე გავლენიან ეკონომიკას, მათ შორის აშშ-ს, რუსეთს, იაპონიასა და ჩინეთს აერთიანებს. დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთის გლობალური ეკონომიკისგან იზოლირების მიუხედავად, G20-ის ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის ბრაზილიამ, ჩინეთმა, ინდოეთმა და სამხრეთ აფრიკამ რუსეთთან სავაჭრო კავშირები კიდევ უფრო გააძლიერეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *