FTX-ის CEO: „ზოგიერთი კრიპტობირჟა, სინამდვილეში - გადახდისუუნაროა“

FTX-ის CEO: „ზოგიერთი კრიპტობირჟა, სინამდვილეში - გადახდისუუნაროა“

„ზოგიერთი კრიპტობირჟა, სინამდვილეში – გადახდისუუნაროა“, – ამის შესახებ ერთ-ერთი უდიდესი კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა ამერიკულ Forbes-თან საუბრისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ კრიპტომილიარდერის ეს განცხადება კრიპტოვალუტების ბაზრის განვითარების უარყოფით დინამიკას ეხმიანება, რომელიც მაისში $16-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე სტეიბლკოინის, TerraUSD-ის ჩამოშლით დაგვირგვინდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ გასული წლის ნოემბრის შემდეგ, კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის $2 მილიარდითაა შემცირებული.

თუმცა, როგორც ჩანს, კრიპტოვალუტების ბაზრის რღვევა ჯერ არ დასრულებულა, რაც ამ ინდუსტრიაში არსებულ კომპანიებს აიძულებთ, დამატებითი კაპიტალი მოიზიდონ, ხშირად სესხის სახით. ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩნდა სინგაპურული Three Arrows Capital-ი, რომელიც Luna-ს კოლაფსის შემდეგ თითქმის გადახდისუუნაროდ იქცა და Voyager Digital-ის, BlockFi-სა და კიდევ რამდენიმე კრიპტოკომპანიისგან აღებული ვალდებულებების გასტუმრება ვერ მოახერხა. ამ კომპანიებმა დახმარებისთვის სემ ბენკმენ-ფრიდს მიმართეს, რომელმაც მათ $750-მილიონიანი საკრედიტო ხაზი გაუხსნა.

ახალგაზრდა კრიპტომილიარდერს კარგად ესმის, რომ შეიძლება, ეს ფული ვერ დაიბრუნოს: „იცით რა, შედარებით ცუდ გარიგებაზეც წავალთ, თუ ეს [ბაზრის] სტაბილიზაციისა და მომხმარებლების დაცვისთვის არის აუცილებელი“, – ამბობს ბენკმენ-ფრიდი ამერიკულ Forbes-თან საუბრისას.

თუმცა, ბენკმენ-ფრიდის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები ალტრუიზმად ნაკლებად ჩაითვლება – პირიქით, ამ „დათვის ბაზრის“ ფონზე, ის ერთ-ერთ გამორჩეულ კრიპტოინვესტორად იქცა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბენკმენ-ფრიდი ციფრული სავაჭრო პლატფორმის, Robinhood-ის 7.6%-იან წილს ფლობს. ამასთანავე, მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელი მილიარდერი კომპანიის სრულად შესყიდვას გეგმავს.

თუმცა, ახლახან, ეს ეჭვები ნაწილობრივ თავად ბენკმენ-ფრიდმა გააქარწყლა: „აღელვებულნი ვართ Robinhood-ის ბიზნესის მომავლით და ჩვენ შორის არსებული პოტენციური პარტნიორობით. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ Robinhood-ს შერწყმასა და შესყიდვასთან დაკავშირებით არ ველაპარაკებით“. ისე კი, ეს საკითხი სრულად ამოწურული მაინც არ არის, რადგან Robinhood-ის აქციების შესყიდვის დროს ბენკმენ-ფრიდმა 13D-ტიპის ფორმა გამოიყენა, რომელსაც, როგორც წესი, მაშინ ავსებენ, როცა ინვესტორი კომპანიის 5%-ზე უფრო დიდ წილს ყიდულობს და თან, სამომავლოდ, კომპანიის სრულად შესყიდვის უფლებას იტოვებს.

სემ ბენკმენ-ფრიდის FTX-ი ერთ-ერთი უდიდესი კრიპტობირჟაა მსოფლიოში, რომელიც, უმეტესწილად, ამერიკულ Coinbase-თან, Kraken-თან და ჩინურ Binance-თან კონკურირებს. ეს კრიპტობირჟები, ჯამურად, ასობით მილიონ მომხმარებელს ემსახურებიან. თუმცა, ზემოხსენებული ვეშაპების გარდა, მსოფლიოში 600-ზე მეტი სხვა კრიპტობირჟაც არის, რომლებიც, უმეტესწილად, რეგულაციებს მიღმა ფუნქციონირებენ.

არასაკმარისი რეგულაცია, ხშირად, კრიპტობირჟებს კიბერთაღლითების სამიზნედ აქცევს. იაპონური Coincheck-იდან, მაგალითად, 2018 წელს, $530 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. ორი წლის შემდეგ, ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სინგაპურული KuCoin-ი და კაიმანის კუნძულებზე დაარსებული Bitmart-ი, რომელთაც $275 მილიონისა და $200 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა დაკარგეს.

ისე კი, გულუხვი ფულადი დახმარების მიუხედავად, ბენკმენ-ფრიდი ზოგიერთი კრიპტოკომპანიის კატასტროფულ მდგომარეობაზეც საუბრობს: „არსებობენ კომპანიები, რომელთაც საბალანსო უწყისში არსებული გარღვევის, სამართლებრივი საკითხებისა ან ბიზნესის გადასარჩენად დარჩენილი ნაწილის სიმწირის გამო იმდენად ღრმად შეტოპეს, რომ მათი დახმარება, უბრალოდ არაპრაქტიკულია“.

მოულოდნელი სულაც არ არის, რომ კრიპტობაზრის რღვევაზე სემ ბენკმენ-ფრიდი ისევე რეაგირებს, როგორც ჯონ პირპონტ მორგანი – საფონდო ბირჟის 1907 წლის კრიზისზე. ახალგაზრდა კრიპტომილიარდერი ქაოსს მის სასიკეთოდ იყენებს და საკუთარ იმპერიის საზღვრებს ნაბიჯ-ნაბიჯ აფართოებს. ცოტა ხნის წინ, ბენკმენ-ფრიდმა პრობლემური იაპონური კრიპტობირჟა, Liquid-ი შეიძინა. რაც შეეხება BlockFi-სა და Voyager Digital-ს, ამერიკელი კომპანიებს მათთვის გახსნილი საკრედიტო ხაზის საშუალებით აკონტროლებს. სულ მალე, შეიძლება, ამ სიას Robinhood-იც შეემატოს.

საინტერესოა, რომ კრიპტობაზრის კოლაფსის ფონზე, ბენკმენ-ფრიდის FTX-ი მოგებიან ბიზნესად რჩება და ეს ტენდენცია არც ბოლო ათი კვარტლის განმავლობაში შეცვლილა. აქვე უნდა ითქვას, რომ FTX-ის მთავარმა კონკურენტმა, ამერიკულმა Coinbase-მა 2022 წლის პირველ კვარტალში $432 მილიონი დაკარგა, ხოლო მისი აქციების ღირებულება პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 90%-ით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *