1991 წლის შემდგომ პირველად, გერმანიაში მიმდინარე თვეს სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიზეზი იმპორტის მაღალი ფასებია.
სეზონური მაჩვენებლების თანახმად, ევროპის უდიდესი ეკონომიკისთვის საგარეო სავაჭრო დეფიციტმა თითქმის €1 მილიარდი შეადგინა. მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ექსპორტი 0.5%-ით, 125.8 მილიარდ ევრომდე დაეცა, მაშინ როდესაც იმპორტი 2,7%-ით გაიზარდა და €126.7 მილიარდს მიაღწია. გერმანული იმპორტის ფასები 30%-იაა გაზრდილი, რაც ენერგიისა და საქონლის მაღალ ფასებში გამოიხატება, ხოლო საექსპორტო ფასები თითქმის 16%-ითაა მომატებული.
იმპორტის ზრდას ანალიტიკოსები უმეტესწილად ინფლაციას უკავშირებენ. რაც შეეხება მაისში, გერმანიის მთლიანი ექსპორტის ვარდნას, ეს ნაწილობრივ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ყოველთვიურმა 2.8%-ით შემცირებამ განაპირობა, მაშინ როდესაც ამ ქვეყნებიდან იმპორტი 2.5%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 5.7%-ით, ხოლო ჩინეთში 0.5%-ით გაიზარდა, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში 2.5%-ით შემცირდა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ენერგიის მაღალი ფასები და სუსტი ექსპორტი მიმდინარე წელს გერმანიის ზრდას ხელს შეუშლის.
აღსანიშნავია, რომ მაისის თვის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, რუსეთში გერმანიის ექსპორტი თითქმის 30%-ით, €1 მილიარდამდეა გაზრდილი. მიუხედავად ამისა, მიმდინარე მონაცემები კვლავ ერთი წლის წინანდელი დონის ნახევარზეა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა ბოლო კვირებში გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაც შეწყვიტა. შედეგად, გერმანიის იმპორტი რუსეთიდან თითქმის 10%-ით €3.3 მილიარდამდე დაეცა.
დატოვე კომენტარი