გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები დაგროვდა. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კრიშტიანუ რონალდუ მოექცა, რომელიც, როგორც ირკვევა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრესეზონის მატჩებს გამოტოვებს – პარალელურად, ფეხბურთელის აგენტი მისთვის ახალი კლუბის ძიებაშია. ამასთანავე, შვეიცარიის სასამართლომ FIFA-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, მიშელ პლატინისა და ზეპ ბლატერს კორუფციის ბრალდება მოუხსნა. City Football Group-მა კი, რომელიც ამჟამად 12 საფეხბურთო კლუბს, მათ შორის ინგლისურ გრანდ „მანჩესტერ სიტის“ ფლობს, იტალიური „პალერმოს“ 80%-იანი წილი 13 მილიონ ევროდ შეიძინა.

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს – რაფაელ ნადალი მუცლის კუნთის ტრავმის გამო უიმბლდონის ტურნირს გამოეთიშა; „ჩელსი“ რაჰიმ სტერლინგის შესაძენად „მანჩესტერ სიტისთან“ შეთანხმების ბოლო დეტალებს აგვარებს; იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა, „ნაპოლიმ“ კომპანია Coca-Cola-სთან კონტრაქტი გააფორმა.

მოცემულ ბლოგში აღნიშნული სიახლეების შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობთ.

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრესეზონის მატჩებს გამოტოვებს – ფეხბურთელის აგენტი ახალი კლუბის ძიებაშია

ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი კლუბის ბოლო ვარჯიშებს არ დასწრებია. ახლახან კი „იუნაიტედმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რონალდუ კლუბის პრესეზონის მატჩებში მონაწილეობას არ მიიღეს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლების განცხადებით, პორტუგალიელს პირადი საკითხების მოსაგვარებლად დრო მიეცა. არ არის გამორიცხული, რომ ინგლისური კლუბი ფეხბურთელის შენარჩუნებაზე მუშაობდეს. თუმცა, რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში 37 წლის ფეხბურთელისთვის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალ კლუბს აქტიურად ეძებს.

როგორც ვარაუდობენ, კრიშტიანუს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურს, რისი საშუალებაც „იუნაიტედში“ დარჩენის შემთხვევაში არ მიეცემა. შეგახსენებთ, ბოლო სეზონში პრემიერ-ლიგაში მანჩესტერელები მე-6 ადგილზე გავიდნენ და შესაბამისად, ევროპა-ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

ფოტო: Getty Images

რონალდუს მომავალს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ – ბოლო დღეებში მის „ბარსელონაში“ გადასვლასთან დაკავშირებითაც კი დაიწერა. როგორც ირკვევა პორტუგალიელი აგენტმა მიუნხენის „ბაიერნს“ შესთავაზა. თუმცა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, ოლივერ კანმა განაცხადა, რომ რონალდუ „ბაიერნის“ ფილოსოფიას არ შეესაბამება.

კიდევ ერთი კლუბი, რომელთანაც რონალდუს აგენტი მუშაობს „ჩელსია“. ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ლონდონელები ფეხბურთელის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი, თუმცა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ბოლო დღეებში ფეხბურთელით „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნაპოლის“ დაინტერესების შესახებაც დაიწერა.

უფრო ადრე კი, მედიაში რონალდუს ლისაბონის „სპორტინგში“ სავარაუდო დაბრუნებაზეც გავრცელდა ინფორმაცია – მისი საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო. პორტუგალიელის მომავალს ასევე უკავშირებდნენ ჟოზე მოურინიოს „რომას“.

შვეიცარიის სასამართლომ მიშელ პლატინისა და ზეპ ბლატერს კორუფციის ბრალდება მოუხსნა

შვეიცარიის სასამართლომ FIFA-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, მიშელ პლატინისა და ზეპ ბლატერს კორუფციის ბრალდება მოუხსნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაახლოებით ექვსი წელი მიმდინარეობდა.

რაც შეეხება საქმის დეტალებს – ზეპ ბლატერს, რომელიც FIFA-ს პრეზიდენტის პოსტს 1998-დან 2015 წლამდე იკავებდა, ბრალად ედებოდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და პლატინისთვის 2011 წელს 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (1,98 მილიონი ევრო) გადახდა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ პერიოდში პლატინიმ წერილობითი თხოვნით მიმართა ორგანიზაციას, რომ პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობისთვის მისთვის დამატებითი ხელფასი გადაეხადათ.

ფოტო: Getty Images

86 წლის ბლატერი და 66 წლის პლატინი ბრალდებას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ აღნიშნული თანხის გადახდის თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ დადებული.

ეჭვს ის გარემოება იწვევდა, რომ 2011 წელს, როდესაც ბლატერმა პლატინის დამატებითი ხელფასი გადაუხადა, ის FIFA-ს ახალი ვადით პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს. პლატინის გავლენა კი ევროპელ ამომრჩევლებზე განიხილებოდა, როგორც მთავარი ფაქტორი არჩევნებში გამარჯვებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებების გამო 2015 წელს ზეპ ბლატერი FIFA-ს პრეზიდენტის პოსტიდან მოხსნეს. თანამდებობა დატოვა ასევე მიშელ პლატინიმაც, რომელიც UEFA-ს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

ცნობისთვის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბლატერსა და პლატინის თავისუფლების ხუთი წლით აღკვეთა ელოდათ.

რაფაელ ნადალი ტრავმის გამო „უიმბლდონს“ გამოეთიშა

ესპანელი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი მუცლის კუნთის ტრავმის გამო უიმბლდონის ტურნირს გამოეთიშა. ამის შესახებ განცხადება სპორტსმენმა 7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

შეგახსენებთ, ესპანელს ნახევარფინალური მატჩი ნიკ კირიოსის წინააღმდეგ 8 ივლისს უნდა გაემართა. ნადალის ტურნირიდან ჩახსნა იმას ნიშნავს, რომ ავსტრალიელი ჩოგბურთელი „უიმბლდონის“ ფინალში ავტომატურად მოხვდება, სადაც ის ნოვაკ ჯოკივიჩს დაუპირისპირდება.

ფოტო: REUTERS

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა ტრავმა ტურნირის მეოთხედფინალში, ტეილორ ფრიცთან გამართული მატჩის დროს მიიღო. ამის მიუხედავად, მან ამერიკელ ჩოგბურთელთან დაძაბული, ხუთსეტიანი შეხვედრის მოგება შეძლო ანგარიშით: 6:3; 5:7; 6:3; 5:7; 6:7.

36 წლის ნადალი „დიდი სლემის“ 22-გზის გამარჯვებულია, მათ შორის ესპანელს უიმბლდონის ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ რაფაელ ნადალს კარიერის განმავლობაში საპრიზო თანხის სახით $130,6 მილიონზე მეტი აქვს გამომუშავებული. მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში ჩოგბურთელმა კორტებიდან $5,7-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.

„მანჩესტერ სიტის“ მფლობელებმა იტალიური „პალერმო“ €13 მილიონად შეიძინეს

ჰოლდინგურმა კომპანია City Football Group-მა, რომელიც ამჟამად 12 საფეხბურთო კლუბს, მათ შორის ინგლისურ გრანდ „მანჩესტერ სიტის“ ფლობს, იტალიური „პალერმოს“ 80%-იანი წილი 13 მილიონ ევროდ შეიძინა. როგორც ცნობილია, კლუბის ყოფილი მფლობელი, დარიო მირი 20%-იან წილს შეინარჩუნებს და „პალერმოს“ პრეზიდენტად, ასევე საბჭოს თავმჯდომარედ დარჩება.

ფოტო: manchestereveningnews.co

შეგახსენებთ, „პალერმო“ მომდევნო, 2022-23 წლების სეზონში სერია B-ში იასპარეზებს. ის იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში, სერია A-ში ბოლოს 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა. 2019 წელს, ფინანსური პრობლემების გამო „პალერმო“ გაკოტრდა და სერია D-ში, მეოთხე დონის ლიგაში დაქვეითდა.

„„პალერმო“ დიდი ისტორიის მქონე კლუბია, ძლიერი და ამაყი იდენტობით. ჩვენ ვიმუშავებთ დარიო მირისთან ერთად, რათა მომდევნო წლების განმავლობაში „პალერმოს“ განვითარება გაგრძელდეს“, – განაცხადეს City Football Group-ის წარმომადგენლებმა.

გარიგებასთან დაკავშირებით განცხადება „პალერმოს“ პრეზიდენტმა, დარიო მირიმაც გააკეთა: „გვინდოდა, გვეპოვა შესაბამისი ინვესტორი, ფეხბურთის სფეროში გათვითცნობიერებული, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარებოდა. ჩვენ ის გვყავს – CFG“.

City Football Group-ი 2013 წელს დაფუძნდა. ჰოლდინგის 78%-ის მფლობელი Abu Dhabi United Group-ია, დანარჩენ წილს კი ამერიკული კომპანია Silver Lake-ი და ჩინური ფირმები: China Media Capital-ი და CITIC Capital-ი იყოფენ.

„ჩელსი“ რაჰიმ სტერლინგს ყიდულობს – ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება £45 მილიონია

ინგლისელი ფეხბურთელი, რაჰიმ სტერლინგი თანახმაა, მომდევნო სეზონიდან თამაში ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელოს. წამყვანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ამჟამად კლუბი „მანჩესტერ სიტისთან“ გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებს. მისივე თქმით, ტრანსფერის ღირებულება, სავარაუდოდ, 45 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება.

როგორც The Guardian-ი წერს, სტერლინგმა, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ ხელფასის სახით კვირაში 300,000 გირვანქა სტერლინგს იღებს, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელისგან, ტომას ტუხელისგან დაპირება მიიღო, რომ ის კლუბის მთავარი მოთამაშე იქნება.

ფოტო: Getty Images

რაჰიმ სტერლინგი „მანჩესტერ სიტში“ 2015 წლის ივლისში „ლივერპულიდან“ გადავიდა. მანჩესტერელებმა ფეხბურთელში 63.7 მილიონი ევრო გადაიხადეს. Transfermarkt-ის თანახმად, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებამ მისი კარიერის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს, 160 მილიონ ევროს სწორედ „სიტიში“ თამაშის დროს მიაღწია.

რაჰიმ სტერლინგს ინგლისის პრემიერ-ლიგაში საერთო ჯამში 320 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. 27 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე, აღნიშნულ ტურნირზე, 109 გოლი და 77 საგოლე გადაცემაა.

რაც შეეხება სტერლინგის სანაკრებო კარიერას, მას ინგლისის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში დებიუტი 2012 წლის ნოემბერში ჰქონდა. ფეხბურთელს ნაკრების მაისურით 77 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა განმავლობაშიც 19 გოლის გატანა შეძლო.

„ნაპოლიმ“ Coca-Colaსთან ხელშეკრულება გააფორმა

იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა, „ნაპოლიმ“ კომპანია Coca-Cola-სთან ხელშეკრულება გააფორმა. გარიგების ფარგლებში, ამ უკანასკნელს ენიჭება ექსკლუზიური სპონსორის სტატუსი გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში.

ტომასო ბიანჩინიმ, „ნაპოლის“ საერთაშორისო განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ  Coca-Cola-ს სპონსორობა კლუბის გლობალური გაფართოების სტრატეგიის ნაწილია. თავად Coca-Cola-სთვის კი ეს ნაბიჯი იტალიურ ფეხბურთში დაბრუნებას ნიშნავს. შეგახსენებთ, კომპანია მანამდე ტურინის „იუვენტუსს“ აფინანსებდა, 2020 წელს კი იტალიის თასის სპონსორი იყო.

ფოტო: sportsmintmedia.com

Coca-Cola „ნაპოლის“ სპონსორების სიაში „გლობალური პარტნიორის“ კატეგორიაში შევა და ადგილს ვიდეოთამაშების შემქმნელ კომპანია Konami-სა და Chiliz-ის მფლობელობაში არსებულ ფან-ტოკენის პლატფორმა Socios.com-ის გვერდით დაიკავებს.

რაც შეეხება კლუბის „მთავარ პარტნიორებს“, ესენი მოდის ბრენდი Emporio Armani, ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი, „ნაპოლის“ მაისურის სპონსორი Lete და MSC Cruises-ი არიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *