რომელი ქვეყნები დომინირებენ კოსმოსში?

რომელი ქვეყნები დომინირებენ კოსმოსში?

მისი მასშტაბებიდან გამომდინარე რთული დასაჯერებელია, თუმცა კოსმოსის ათვისების დაწყებიდან დღემდე კოსმოსში 11,000-მდე ობიექტია გაგზავნილი. კოსმოსური რბოლა ცივი ომის პერიოდში დაიწყო და ადრეულ ეტაპზე საბჭოთა კავშირმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. თუმცა, კოსმოსის ჰეგემონის ტიტული რამდენიმე წლის წინ ილონ მასკის SpaceX-ის დამსახურებით აშშ-მ უკან დაიბრუნა.

საინტერესოა, რა სახის ობიექტებს უშვებენ სხვადასხვა სახელმწიფოები კოსმოსში, რა არის მათი დანიშნულება და რომელი ქვეყნები დომინირებენ ამ მხრივ.

ძირითად შემთხვევაში კოსმოსში ოთხი სახის ობიექტი იგზავნება: სატელიტები, ეკიპაჟიანი კოსმოსური ხომალდები, კოსმოსური ზონდები და კოსმოსური სადგურის ფრენისათვის საჭირო ინვენტარი, აღჭურვილობა.

კოსმოსური ზონდერი და როვერები მეცნიერებს სხვა პლანეტების შესწავლაში ეხმარებიან. სატელიტები კი კაცობრიობას ყოველდღიურ სატელეფონო კავშირს, სატელევიზიო სიგნალს, სატელიტურ გამოსახულებასა და GPS სიგნალს აწვდიან.

2021 წლისათვის, დედამიწის ორბიტაზე 4,852 ფუნქციური სატელიტი იყო, რომლის უმეტესობაც შეერთებული შტატების საკუთრებაში გახლდათ. 2,944 ამერიკული სატელიტიდან 2,516-ის დანიშნულება კომერციულია. 230 სატელიტი სამხედრო დანიშნულების გახლავთ, 168 – სამთავრობო, ხოლო 30 – სამოქალაქო.

საინტერესოა, რომ არაფუნქციური სატელიტები კოსმოსში ბევრად უფრო დიდი რაოდენობითაა. NASA-ს ინფორმაციით, ორბიტაზე 27,000-მდე ერთეული კოსმოსური ნარჩენია.

კოსმოსური რბოლის საწყის წერტილად 1957 წელს საბჭოთა კავშირის მიერ კოსმოსში პირველი სატელიტის, Sputnik 1-ის გაშვება ითვლება. ამ მოვლენის შემდეგ საბჭოთა კავშირსა და კაპიტალისტურ შეერთებულ შტატებს შორის პოლიტიკურ-იდეოლოგიური დაპირისპირება კოსმოსის ათვისების შეჯიბრში გადაიზარდა. აშშ-სა და სსრკ-ს შორის არსებულ დაპირისპირებას ისეთივე მასშტაბურად ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეუერთდა.

მათ შემდეგ ყველაზე მეტი ობიექტი კოსმოსში ჩინეთს ჰყავს გაშვებული და მათი რიცხვი 731-ს შეადგენს. დიდი ბრიტანეთისათვის ეს რიცხვი 515-ია. 300 ობიექტი ჰყავს გაგზავნილი კოსმოსში იაპონიას, საფრანგეთს კი – 130.

საინტერესოა, რომ საერთო ჯამში კოსმოსის ათვისებას 86 ქვეყანა ეცადა. თუმცა, 2022 წლის მონაცემებით, კოსმოსში ობიექტების დამოუკიდებლად, საკუთარი გამშვები დანადგარებით გაგზავნა მხოლოდ 11 ქვეყანას შეუძლია. ადამიანები კი კოსმოსში მხოლოდ 3 ქვეყანას, აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს ჰყავს გაგზავნილი.

კოსმოსის ათვისების მომავალი პერსპექტივები მეტად საინტერესოა. თუკი აქამდე ამ საქმის მთავარი ინიციატორი სამთავრობო ორგანოები იყვნენ, ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს, რომ კომერციული დაინტერესებაც საკმაოდ გაზრდილია. მაგალითად ილონ მასკის SpaceX-ი, 2,200 ერთეული Starlink-ის სატელიტით მსოფლიო ინტერნეტის ქსელის შექმნას გეგმავს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოთხოვნა კოსმოსურ ტურიზმზეც. კომერციული კოსმოსური ტურიზმის პირველი პრეცედენტის მომსწრენი გასულ წელს გავხდით, როდესაც რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic-მა და ჯეფ ბეზოსის Blue Origin-მა კოსმოსში პირველი ტურისტები გაიყვანა. შესაბამისად, ინვესტიციების რაოდენობა კოსმოსის ასათვისებლად ყოველდღიურად იზრდება.

წყარო: Visual Capitalist
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *