კანადამ გერმანიისთვის Nord Stream 1-ის მილსადენის შეკეთებული ტურბინის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრის განცხადებით, ტურბინის დაბრუნება ევროპაში ენერგიის მიწოდების გაგრძელებას შეუწყობს ხელს იმ დრომდე, ვიდრე რეგიონი რუსულ გაზზე დამოკიდებულებას სამუდამოდ შეწყვეტს.
უკრაინა გერმანიისთვის ტურბინის გადაცემას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ კანადის გადაწყვეტილება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კორექტირების ტოლფასია. თავის მხრივ კი, კანადის მთავრობამ, ტურბინების რუსული სანქციებისგან გასათავისუფლებლად „დროებითი ნებართვა“ გასცა, მოსკოვის წინააღმდეგ კი დამატებით ახალი ზომები მიიღო. კანადის ახალი სანქციები რუსეთის ენერგოსექტორსა და სამრეწველო წარმოებას შეეხება.
კანადის მთავრობა თვლის, რომ „რუსულ გაზისგან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, აღჭურვილობის მიწოდება ევროპისთვის საიმედო და ხელმისაწვდომ ენერგიაზე წვდომას უზრუნველყოფს“. ცნობისთვის, გასულ თვეში რუსეთმა ტურბინის დაგვიანებული დაბრუნება Nord Stream 1-ის მილსადენით გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების მიზეზად დაასახელა. აღნიშნული მიზეზით, კრემლმა გერმანიას ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეუმცირა. კანადაში ტურბინებზე პასუხისმგებელი გერმანული Siemens Energy-ია.
ამ ეტაპისთვის უცნობია, რა დრო დასჭირდება ტურბინის გერმანიისთვის დაბრუნებას. თუმცა Siemens Energy უახლოეს პერიოდში ტურბინის გერმანიისთვის მიწოდების საკითხზე უკვე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ კრემლი, ტურბინის დაბრუნების შემთხვევაში, ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდის პირობას იძლევა.
დატოვე კომენტარი