გაერო: 2023 წლისთვის, მოსახლეობის რაოდენობით, ინდოეთი ჩინეთს გადაუსწრებს

გაერო: 2023 წლისთვის, მოსახლეობის რაოდენობით, ინდოეთი ჩინეთს გადაუსწრებს

გაეროს განცხადებით, 2023 წლისთვის ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრებს და აღნიშნული კუთხით მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო გახდება. უნდა ითქვას, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინასწარი შეფასებით, ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის სტატუსი ინდოეთს 2027 წელს უნდა მოეპოვებინა.

გაეროს პროგნოზით, გლობალური მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს 15 ნოემბერს მიაღწევს, 2030 წლისთვის კი 8.5 მილიარდს გაუტოლდება. World Population Prospects 2022-ის ანგარიშით, ამ დროიდან 2050 წლამდე მოსახლეობის ზრდის ნახევარზე მეტი შემდგომ ქვეყნებზე: კონგოზე, ინდოეთზე, ეგვიპტეზე, ეთიოპიაზე, პაკისტანზე, ფილიპინებზე, ნიგერიასა და ტანზანიაზე გადანაწილდება.

აღსანიშნავია, რომ, ანგარიშის თანახმად, მომავალ წელს ჩინეთის 1.4-მილიარდიანი მოსახლეობის აბსოლუტური კლებაა მოსალოდნელი. ჩინეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში, 1950-იანი წლების შემდგომ, მოსახლეობის ზრდის ყველაზე ნელი ტემპი დაფიქსირდა.

სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლისა და დემოგრაფიული ცვლილებების შედეგად, 2037 წლისთვის ცენტრალური და სამხრეთი აზია შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი რეგიონი გახდეს. სუბსაჰარულ აფრიკაში კი 2040 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობის 2 მილიარდამდე გაორმაგებას ვარაუდობენ. რაც შეეხება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას, 2020 და 2021 წლებში რეგიონების მოსახლეობის ზრდის ტემპი თითქმის ნულოვანი იყო.

ახალი ანგარიში 2050 წლამდე გლობალური მოსახლეობის – 9.7 მილიარდამდე, ხოლო 2100 წლისთვის 10.4 მილიარდამდე ზრდასაც ვარაუდობს. გარდა ამისა, 2050 წლისთვის გათანაბრდება ქალებისა და მამაკაცების რაოდენობაც. ამჟამინდელი მონაცემებით, გლობალური მოსახლეობის 50.3%-ს მამაკაცები შეადგენენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *