გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული ერთი კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. შოტლანდიაში ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს, ისრაელში კი ამედეო მოდილიანის ერთ-ერთი ნახატის უკან დამალულ სამ ესკიზს მიაკვლიეს. წარმატებული გამოდგა ფილმის „Thor: Love and Thunder“ საშინაო დებიუტი – გასულ უიკენდზე კინოსურათმა ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრების სალაროებიდან $144-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბობ დილანის სიმღერის „Blowin’ in the Wind“ 2021 წლის ჩანაწერი ლონდონში გამართულ Christie’s-ის აუქციონზე თითქმის 1,8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

მოცემული ბლოგი გასული კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში მომხდარ სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს აერთიანებს.

ვან გოგის ფერწერული ტილოს უკან მხატვრის ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს

შოტლანდიის ეროვნულმა გალერეამ ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი აღმოაჩინა. სპეციალისტებმა ხელოვნების ნიმუშს ვან გოგის ფერწერული ტილოს, „Head of a Peasant Woman“-ის რენტგენული გამოკვლევისას მიაგნეს. პროცედურა ნამუშევრის ედინბურგში, შოტლანდიის სამეფო აკადემიაში გამოფენის წინ ჩატარდა.

ვან გოგის ავტოპორტრეტი, რომელიც „Head of a Peasant Woman“-ის უკანა მხარესაა დახატული, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ადამიანთა თვალისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. ის წებოსა და მუყაოს ფენებით არის დაფარული.

ფოტო: Graeme Yule/National Galleries of Scotland

როგორც ცნობილია, ვან გოგი ფულის დაზოგვის მიზნით ტილოს ხშირად ხელახლა იყენებდა და მის მეორე მხარესაც მუშაობდა. პორტრეტზე გამოსახულ ხელოვანს ქუდი და ყელსახვევი ამშვენებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ტილოზე გამოკვეთილად ჩანს ვან გოგის მარცხენა ყური, რომელიც მან 1888 წელს მოიკვეთა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ადრეული ნამუშევარი, რომელიც ვან გოგმა თავის ცნობილ ავტოპორტრეტზე მუშაობის პროცესში, საწყის ეტაპზე შექმნა.

ნახატების განცალკევება შესაძლებელია, თუმცა წებოსა და მუყაოს მოშორების პროცესი დიდ დაკვირვებასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულის გაკეთება „Head of a Peasant Woman“-ის დაზიანების გარეშე.

ფილმმა „Thor: Love and Thunder“ საშინაო დებიუტისას $144-მილიონიანი შემოსავალი მიიღო

ტაიკა ვაიტიტის რეჟისორობით გადაღებული ფილმის „Thor: Love and Thunder“ საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $144 მილიონი შეადგინა. მონაცემები გასულ პარასკევს, შაბათსა და კვირას აშშ-სა და კანადაში არსებულ 4,375 კინოთეატრის სალაროში გაყიდული ბილეთების მიხედვითაა დათვლილი.

„Thor: Love and Thunder“-ის ბიუჯეტი 250 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, მსოფლიო კინოთეატრების სალაროებიდან მიღებული თანხა კი, მოცემული დროისთვის, 329 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

საშინაო დებიტისას მიღებული შემოსავლის მიხედვით, წელს გამოსული ფილმებიდან „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ ლიდერობს. მან ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრების სალაროებიდან, გამოშვებიდან პირველ უიკენდზე, $187 მილიონის შეგროვება შეძლო. კინოსურათის მიერ ბილეთების საერთაშორისო გაყიდვებით მიღებული შემოსავალი $1-მილიარდიან ნიშნულთან ძალიან ახლოსაა და, ბოლო მონაცემებით, $954 მილიონს შეადგენს.

„Thor: Love and Thunder“-ში მსახიობები: კრის ჰემსვორთი, ნატალი პორტმანი, რასელ ქროუ, კრისტიან ბეილი, ასევე ფილმის რეჟისორი, ტაიკა ვაიტიტი თამაშობენ. კინოსურათი „მარველის“ კომიქსების მიხედვითაა გადაღებული და სუპერგმირი თორის შესახებ მოგვითხრობს.

ბობ დილანის სიმღერის ჩანაწერი აუქციონზე თითქმის $1.8 მილიონად გაიყიდა

ბობ დილანის სიმღერის „Blowin’ in the Wind“ 2021 წლის ჩანაწერი ლონდონში გამართულ Christie’s-ის აუქციონზე დაახლოებით 1,76 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ სააუქციონო სახლი ჩანაწერის გაყიდვას $716,000-დან $1,194,000-მდე პროგნოზირებდა.

ფოტო: Getty Images

1962 წლის ფოლკ-სიმღერის 2021 წლის ჩანაწერი, რომელსაც „Ionic Recording“-ის სახელწოდებით მოიხსენიებენ, პროდიუსერი T Bone Burnett-ის მიერ ლოს-ანჯელესში, აცეტატის დისკზეა ჩაწერილი. დისკი სპეციალური საფარითაა აღჭურვილი, რომელიც მას ცვეთისგან იცავს. მისი დაკვრა ტიპურ პლეიერებზეც არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ „Blowin’ in the Wind“-ის 2021 წლის ჩანაწერი მხოლოდ პოტენციურმა მყიდველებმა მოისმინეს, მედიის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად. აუქციონის გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

ისრაელში მოდილიანის ნახატის მიღმა დამალული ესკიზები აღმოაჩინეს

ისრაელის მუზეუმის კურატორებმა მე-20 საუკუნის ცნობილი ფერმწერის, ამედეო მოდილიანის ნახატის მიღმა დამალული, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი სამი ესკიზი აღმოაჩინეს.

მოდილიანის დაუმთავრებელი ნამუშევრები მისი ფერწერული ტილოს, „Nude with a Hat“-ის მიღმა მაშინ შენიშნეს, როდესაც ჰაიფას უნივერსიტეტის ჰეხტის მუზეუმში ხელოვნების ნიმუშს სასამართლო ექსპერტიზის ფარგლებში რენტგენული სხივების მეშვეობით იკვლევდნენ, ვიდრე მას ფილადელფიაში გამოსაფენად გაგზავნიდნენ.

ამედეო მოდილიანიმ „Nude with a Hat“ 1908 წელს შექმნა. ტილოს ორივე მხარეს პორტრეტია გამოსახული. ისინი ერთმანეთის საპირისპიროდ არის დახატული.

ფოტო: AP

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ლონდონში მდებარე Tate Gallery-ში რენტგენული სხივების ტექნოლოგიის გამოყენებით სპეციალისტებმა მოდილიანის ერთი-ერთი ტილოს მიღმა მხატვრის მანამდე უცნობი პორტრეტი აღმოაჩინეს.

ამედეო მოდილიანის ფერწერული ტილოები აუქციონებზე საკმაოდ ძვირად ფასობს. მაგალითად, მისი ნამუშევარი „Reclining Nude“ 2015 წელს გამართულ აუქციონზე 170 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ხელოვნების ნიმუშად აქცევს. 2018 წელს, ხელოვანის კიდევ ერთი ტილო 157 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს.

იტალიაში დაბადებული ებრაული წარმოშობის მხატვარი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ დიდ მოდერნისტად არის მიჩნეული. მან სიცოცხლის ბოლო პერიოდი, რომელიც ბოჰემური ცხოვრების წესით ხასიათდებოდა, საფრანგეთში გაატარა და ადრეულ ასაკში, 35 წლის გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მოდილიანის შემოქმედებამ ფართო აღიარება ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ პოვა, მანამდე კი ფერმწერი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

Bloomberg-ის ცნობით, შესაძლოა, Tom Ford-ი გაიყიდოს

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, მოდის მდიდრული ბრენდი Tom Ford-ი გაიყიდოს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, Tom Ford-ი ბრენდის გაყიდვასთან დაკავშირებით საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-თან მუშაობს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, გარიგებამ შესაძლოა, ახალ მფლობელს კომპანიის დამფუძნებელთან, ტომ ფორდთან თანამშრომლობის საშუალება მისცეს. აღსანიშნავია, რომ მხარეებს ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ფოტო: todaybusinessupdates.com

ამერიკელმა დიზაინერმა, ტომ ფორდმა ბრენდი 2005 წელს, Gucci-ს დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ დააფუძნა. ცნობისთვის, ის Gucci-ს კრეატიული დირექტორის პოსტს დაახლოებით ათწლეულის განმავლობაში იკავებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციისა და ენერგიის ფასების ზრდის გამო, მდიდრული ბრენდები, ბოლო პერიოდში, წარმოებისა და ლოგისტიკის ხარჯების მომატებას განიცდიან. ანალიტიკოსების განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, ნაკლებად შეძლებული მომხმარებლები თანხის დაზოგვას ცდილობენ, თუმცა ეს ძვირად ღირებული პროდუქციის გაყიდვებზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან „დათვის ბაზარი“ მდიდარ მომხმარებლებს ჯერჯერობით ისე მნიშვნელოვნად არ შეხებია.

2022 წლის Emmy Awards-ის ნომინანტები ცნობილია

ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy Awards-ის ნომინანტები ცნობილია. წლევანდელი „ემი“ განსაკუთრებით წარმატებული სერიალებისთვის –  „მემკვიდრეობა“, „ტედ ლასო“ და „თეთრი ლოტოსი“ აღმოჩნდა. პირველმა მათგანმა Emmy Awards-ის 25 ნომინაცია მიიღო, მეორემ და მესამე კი – 20-20. 17-17 ნომინაცია მოიპოვეს სატელევიზიო სერიალებმა – „ხრიკები“ და „მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები“.

ფოტო: warnermedia.com

აღსანიშნავია, რომ პირველად „ემის“ ჯილდო 1949 წლის 25 იანვარს გაიცა, წელს კი დაჯილდოების რიგით 74-ე ცერემონია 12 სექტემბერს გაიმართება.

წარმოგიდგენთ 2022 წლის Emmy Awards-ის ნომინანტებს ტოპკატეგორიებში:

გამორჩეული დრამატული სერიალი:

  • „უმჯობესია, დაურეკოთ სოლს“
  • „ეიფორია“
  • „ოზარკი“
  • „იზოლაცია“
  • „კალმარის თამაში“
  • „უცნაური ამბები“
  • „მემკვიდრეობა“
  • „კრაზანები“

გამორჩეული კომედიური სერიალი:

  • „ებოტის დაწყებითი სკოლა“
  • „ბარი“
  • „შეაჩერე შენი ენთუზიაზმი“
  • „ხრიკები“
  • „საოცარი მისის მეიზელი“
  • „მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები“
  • „ტედ ლასო“
  • „რას ვაკეთებთ სიბნელეში“

მთავარი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში:

  • ბრაიან კოქსი, „მემკვიდრეობა“
  • ლი იუნგ-ჯე, „კალმარის თამაშები“
  • ბობ ოდენკირკი, „უმჯობესია, დაურეკოთ სოლს“
  • ადამ სკოტი, „იზოლაცია“
  • ჯერემი სტრონგი, „მემკვიდრეობა“

მთავარი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში:

  • ჯოდი კომერი, „ევას მკვლელობისას“
  • ლორა ლინი, „ოზარკი“
  • მელანი ლინსკი, „კრაზანები“
  • სანდრა ოუ, „ევას მკვლელობისას“
  • რიზ უიზერსპუნი, „დილის შოუ“
  • ზენდაია „ეიფორია“

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში:

  • ნიკოლას ბრაუნი, „მემკვიდრეობა“
  • ბილი კრუდაპი, „დილის შოუ“
  • კირან კალკინი, „მემკვიდრეობა“
  • პარკ ჰე-სუ, „კალმარის თამაში“
  • მეთიუ მაკფადენი, „მემკვიდრეობა“
  • ჯონ ტურტურო, „იზოლაცია“
  • კრისტოფერ უოკენი, „იზოლაცია“
  • ო იონ-სუ, „კალმარის თამაში“

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში:

  • პატრიცია არკეტი, „იზოლაცია“
  • ჯულია გარნერი, „ოზარკი“
  • ჩონ ჰო-იონი, „კალმარის თამაში“
  • კრისტინა რიჩი, „კრაზანები“
  • რეი სიჰორნი, „უმჯობესია, დაურეკოთ სოლს“
  • ჯეი სმიტ-კამერონი, „მემკვიდრეობა“
  • სარა სნუკი, „მემკვიდრეობა“
  • სიდნი სვინი, „ეიფორია“

მთავარი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში:

  • დონალდ გლოვერი, „ატლანტა“
  • ბილ ჰეიდერი, „ბარი“
  • ნიკოლას ჰოლტი, „დიადი“
  • სტივ მარტინი, „მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები“
  • მარტინ შორტი, „მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები“
  • ჯეისონ სუდეიკისი, „ტედ ლასო“

მთავარი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში:

  • რეიჩელ ბროსნაჰენი, „საოცარი მისის მეიზელი“
  • კუინტა ბრანსონი, „ებოტის დაწყებითი სკოლა“
  • კეილი კუოკო, „ბორტგამცილებელი“
  • ელ ფენინგი, „დიადი“
  • ისა რეი, „თეთრი ყვავი“
  • ჯინ სმარტი, „ხრიკები“

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში:

  • ენტონი კერიგანი, „ბარი“
  • ბრეტ გოლდსტაინი, „ტედ ლასო“
  • ტოიბ ჯიმო, „ტედ ლასო“
  • ნიკ მოჰამედ, „ტედ ლასო“
  • ტონი შალუბი, „საოცარი მისის მეიზელი“
  • ტაილერ ჯეიმს უილიამსი, „ებოტის დაწყებითი სკოლა“
  • ჰენრი უინკლერი, „ბარი“
  • ბოუენ იანგი, „შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში“

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი გამორჩეული მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში:

  • ალექს ბორშტეინი, „საოცარი მისის მეიზელი“
  • ჰანა აინბინდერი, „ხრიკები“
  • ჯანელ ჯეიმსი, „ებოტის დაწყებითი სკოლა“
  • კეიტ მაკინონი, „შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში“
  • სარა ნაილსი, „ტედ ლასო“
  • შერილ ლი რალფი, „ებოტის დაწყებითი სკოლა“
  • ჯუნო ტემპლი, „ტედ ლასო“
  • ჰანა ვედინგჰემი, „ტედ ლასო“
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *