ავსტრალიაში დაფუძნებულმა საავიაციო უსაფრთხოების სარეიტინგო სააგენტო AirlineRatings.com-მა მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
AirlineRatings.com-ის ჩამონათვალში უკვე ზედიზედ მეორე წელია, პირველ ადგილს არ თმობს Qatar Airways-ი, რომელმაც ამავდროულად ყველაზე შორ მანძილზე ფრენისთვის და საუკეთესო ბიზნესკლასისთვის ჯილდოც დაიმსახურა. AirlineRatings.com-ის მთავარი რედაქტორის განცხადებით, პანდემიის პერიოდში ავიაკომპანიის მხრიდან ოპერირების გაგრძელების გადაწყვეტილებამ Qatar Airways-ს უდიდესი საერთაშორისო ავიაკომპანიის ტიტული და უზარმაზარი მოგება მოუტანა.
AirlineRatings.com-ის რეიტინგის შედგენისას რედაქტორთა გუნდმა მოგებიანობის გარდა ავიახაზები შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასა: გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების სერტიფიკატი, მგზავრთა შეფასებები, პროდუქტების შეთავაზებები და სხვა. სააგენტოს განცხადებით, შედეგები ასახავს Covid-19-ის გავლენას ავიაციაზე, თუმცა ფრენების შეფერხებებისა და გადადების ბოლოდროინდელ ზრდას რეიტინგის შედგენაზე არ უმოქმედია.
Qatar Airways-ს რეიტინგში მეორე ადგილით Air New Zealand-ი მოსდევს, რომელიც გასულ წლებში AirlineRatings.com-ის სიის სათავეში ექვსჯერ მოექცა, მის შემდგომ კი არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიახაზები Etihad Airways-ი მოდის. აღსანიშნავია, რომ AirlineRatings.com-ის 2022 წლის რეიტინგის თანახმად, Qatar Airways-ი პრემიუმ- და ეკონომ-კლასის საუკეთესო ავიაგადამზიდადაც დასახელდა.
AirlineRatings.com-ის მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზების 2022 წლის რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
- Qatar Airways
- Air New Zealand
- Etihad Airways
- Korean Air
- Singapore Airlines
- Qantas
- Virgin Australia
- EVA Air
- Turkish Airlines
- All Nippon Airways
ცნობისთვის, რეიტინგის ფარგლებს გარეთ, AirlineRatings.com-მა 2022 წლის საუკეთესო ბიუჯეტური ავიაკომპანიებიც დაასახელა, რომელთა შორის Allegiant Air-ი, AirAsia, easyjet-ი, Jetstar-ი, Flair-ი, Fly Dubai, Ryanair-ი, Scoot-ი, Southwest-ი და VietJet Air-ი მოხვდნენ.
დატოვე კომენტარი