მეორე კვარტალში Netflix-მა კიდევ მილიონი გამომწერი დაკარგა

მეორე კვარტალში Netflix-მა კიდევ მილიონი გამომწერი დაკარგა

სტრიმინგ სერვისების პოპულარული კომპანიის, Netflix-ის გამომწერების რაოდენობა კლებას განაგრძობს. კომპანიამ მეორე კვარტალში, აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, თითქმის მილიონი გამომწერი დაკარგა. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ Netflix-ი ამ პერიოდის განმავლობაში უფრო მეტ გამომწერთან „გამომშვიდობებას“ მოელოდა.

კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, რიდ ჰასტინგის განმარტებით, მოსალოდნელზე ნაკლები გამომწერების დაკარგვა პოპულარული ამერიკული სატელევიზიო შოუს, Stranger Things-ის ახალი სეზონის გამოსვლამ განაპირობა.

Netflix-ის გამომწერების კლების ფონზე კი კონკურენტი კომპანიები სულ უფრო მეტ მომხმარებელს იჩენენ. Netflix-ის სტრიმინგ სერვისი მეორე კვარტალში ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ აშშ-სა და კანადაში გააუქმეს.

ცნობისთვის, კომპანია მესამე კვარტალში მომხმარებლების ზრდას ვარაუდობს. კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Netflix-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 8%-ით გაიზარდა. როგორც ჩანს, ინვესტორებისათვის მეორე კვარტლის შედეგები ოპტიმისტურ მოლოდინებს ქმნის. საერთო ჯამში, კომპანიის აქციათა ფასი წლის დაწყებიდან დღემდე 67%-ით არის შემცირებული.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ სტრიმინგ სერვისების ყველაზე დიდმა პროვაიდერმა მომდევნო წლიდან Microsoft-თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. როგორც ჩანს Netflix-ი საკუთარ სერვისებში რეკლამის ფუნქციის დამატებას და ამ გზით შემოსავლების ზრდას გეგმავს.

კომპანიის მიერ აპრილში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეორე კვარტალში 2 მილიონი გამომწერის დაკარგვა იყო ნავარაუდევი. თუმცა, რეალურად Netflix-მა ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 970,000 გამომწერი დაკარგა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *