მეოცნებე კალიფორნიიდან

მეოცნებე კალიფორნიიდან

მაშინ როცა ამერიკული სავაჭრო ცენტრები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებულნი, რიკ კარუზო – უძრავი ქონების მილიარდერი ლოს-ანჯელესიდან – შოპინგის უოლტ დისნეიდ გვევლინება.

The Grove-ისა და სხვა სავაჭრო ჯადოქრობების უკან მდგომი დეველოპერი დღეს კიდევ უფრო შეუპოვრად მისდევს თავის წარმატებულ ბიზნესმოდელს: ის წარსულს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, პარალელურად კი ელ-ვაჭრობის გაკვეთილებს ითავისებს.

The Grove-ის გასაცნობად, სჯობს, ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე ამ 575,000 კვადრატული ფუტის სავაჭრო ტიტანის მეპატრონეს, რიკ კარუზოს მივცეთ საშუალება, მისი მეზობელი, საკულტო Farmers Market-ი დაგათვალიერებინოთ. ის ყასაბის დახლთან მიგიყვანთ, სადაც დაახლოებით 80 წლის წინ კარუზოს მამა იატაკს ხვეტდა. შემდეგ პიცის სტენდისკენ გაიშვერს ხელს, პატსი დ’ამორმა რომ დააფუძნა, რომელმაც 1939-ში ლოს-ანჯელესის პირველი ღვეზელი გამოაცხო. “მის მუხლებზე გავიზარდე”, – ამბობს კარუზო. რეალური ცხოვრებიდან რეალური ცხოვრებიდან ზოლიან შავ–წითელ ყელსაბამსა და კლასიკურ კოსტიუმში კოხტად გამოწყობილი, ქაოსში გზას იკვალავს, თუმცა ხშირად ჩერდება და გამყიდველებს ეკითხება: “აბა, როგორ მიდის საქმე?”

იმავე კითხვით მიმართავს კარუზო თავის მოიჯარეებსაც, რომლებმაც უძრავი ქონების ეს 59 წლის დეველოპერი Forbes 400-ში 179-ე ადგილას გაიყვანეს. თუ Farmers Market-ი უხეშად რეალისტური და ავთენტიკური სტილისაა, The Grove-ი ხელოვნური გრანდიოზულობის განსახიერებას წარმოადგენს, სადაც ყოველ დეტალს მნიშვნელობა ენიჭება. სპილენძის ნაგვის ყუთების თავსახურები ლაპლაპებს; ბავშვს თუ ძირს ნაყინი დაუვარდება, მყისვე დაცვის თანამშრომელი გაჩნდება ცოცხითა და აქანდაზით; ტემპერატურა 30 გრადუსზე თუ არ ავა, თანამშრომელ კაცებს აუცილებლად ყელსაბამები უნდა ეკეთოთ; კარუზო უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევს ხეების განლაგებასაც, რომლებიც მის შენობებში ბოლომდე გაზრდილი სახით მიაქვთ. ეს აქტიური კათოლიკე შობის დაგეგმვას ერთი წლით ადრე იწყებს და სანტა კლაუსების საკუთარი ბიზნესიც იმიტომ წამოიწყო, რომ არსებული სააგენტოები მის ჩრდილოეთ პოლუსის მაღალ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

და მთელი ამ წლების შემდეგ კარუზოს არც ის გაკვეთილები დავიწყებია, Farmers Market-ის მიდამოებში გაზრდილმა ბიჭმა რომ ისწავლა. “თუ მომხმარებელს რაღაც უნიკალურს და აქტუალურს შესთავაზებ, თანაც ისეთ ატმოსფეროში, რომელიც ხალხს აჯადოებს, ეს ნიშნავს, რომ საქმე კარგად წაგივა, – ამბობს ის. – საცალო ვაჭრობას იმიტომ უდგას ცუდი დღეები, რომ ყოველდღიური მოხმარების საგნად იქცა. არაა აუცილებელი, მაღალტექნოლოგიური იყო, მთავარია, გესმოდეს, რა სურთ შენს მომხმარებლებს”.

რიცხვები იმას მიუთითებს, რომ კარუზოს ეს გაკვეთილი კარგად აქვს ნასწავლი. The Grove-ის 58-მა მაღაზიამ და რესტორანმა შარშან 20 მილიონ სტუმარს უმასპინძლა, რაც ჩინეთის დიდი კედლის ან Disneyland-ის სტუმართა რიცხვს აღემატება. მისი $2,200-ის ტოლფასი გაყიდვები კვადრატულ მეტრზე მას მხოლოდ მაიამის Bal Harbour Shops-ის უკან აყენებს აშშ-ში. ამერიკული სავაჭრო ცენტრების ვაკანტურობის საშუალო მაჩვენებელი 11%-ია (მუდმივ კლიენტთა გამოკლებით), მაგრამ, კარუზოს თქმით, The Grove-ში მომლოდინეთა სია სამი წლით ადრე დგება. ინდუსტრია, მეტწილად, უფასოდ აძლევს სივრცეს გლამურულ მუდმივ ბინადრებს, აი, კარუზო კი უფასოდ არაფერს იძლევა და გაყიდვებიდან პროცენტსაც იღებს.

“მეტს იხდი, მაგრამ მეტს იღებ”, – ამბობს როკო ბაზილიკო, რომელიც Ray-Ban-ის ვაჭრობის განყოფილების ხელმძღვანელია ჩრდილო ამერიკაში. მისი თქმით, ბრენდის პაწაწინა მაღაზია Grove-ში კვადრატულ ფუტზე ყველაზე მაღალ გაყიდვებზეა პასუხისმგებელი აშშ-ის მის ნებისმიერ სხვა მაღაზიასთან შედარებით.

The Grove-ში მდებარე Dominique Ansel-ის საცხობიც (კრუასანისებრი დონატით განთქმული), გაცილებით უფრო სარფიანია, ვიდრე მისი ორიგინალი, ნიუიორკული ვერსია, ხოლო კინოთეატრი, რომელსაც კარუზო ოპერირებს, გაყიდული ადგილების მიხედვით, ამერიკაში ათ ყველაზე პროდუქტიულ კინოთეატრს შორისაა. The Grove-მა და მისმა ცხრა გაგირავებულმა სავაჭრო ცენტრმა ამ რეგიონში კარუზო $4 მილიარდის პატრონად აქცია. ის იმედოვნებს, რომ მისი ოთხი შვილი, რომელთა ასაკი 18-დან 28-მდე მერყეობს, ერთ დღესაც, მის იმპერიას დაეპატრონება. შვილები მას ფარული სიმბოლიკით თავის უძრავ ქონებებში ჰყავს წარმოდგენილი, მაგალითად, საოჯახო სააღდგომო კვერცხების სახით, რომელსაც რიგითი მყიდველი ვერაფერს მიუხვდება, თუმცა თავად კარუზოსთვის ეს სიამაყის საგანია.

თუ მთელი ეს წარმატება ეწინააღმდეგება ტრადიციული ვაჭრობის პრობლემებს 2018 წელს, ცხადია, ამას მიზეზი ექნება. კარუზო ერთ-ერთია იმ იშვიათ ოპტიმისტ დეველოპერთაგან, ვინც ფსონს იმაზე დებს (ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ Amazon-ი შეძლებს კართან ადამიანური ურთიერთობები მოგიტანოთ), რომ მაღაზიები კვლავ გააგრძელებენ სარგებლის მოტანას. მართლაც, ის დაჟინებით ამტკიცებს, რომ Amazon-ს მისი ბიზნესისთვის მხოლოდ კარგი მოაქვს. ონლაინმოვაჭრეებს, კარუზოს თქმით, მათი კლიენტების ესმით. მისი საქმე კი ცენტრებში მისული მომხმარებლების გაგებაა.

მართალია, რიკ კარუზოუძრავი ქონების დინასტიის შთამომავალი არ გახლდათ, ის ანტრეპრენიორობისთვის უთუოდ იყო დაბადებული. მამამისი, ჰენკი, რომელიც გასულ წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჯერ Farmers Market-ში იატაკს წმენდდა, მერე კი Dollar Rent A Car-ი წამოიწყო (კომპანია, გავრცელებული ცნობებით, 1990-ში Chrysler-ს მიჰყიდა – $80 მილიონად). ჰენკი პირველი იყო, ვინც რიკს (რომელმაც University of Southern California ბიზნესის განხრით დაამთავრა, Pepperdine-ში კი სამართალმცოდნეობაში აიღო დიპლომი) უძრავი ქონების გემო გაასინჯა: სამხრეთ კალიფორნიაში მიწა აყიდვინა და მანქანის გაქირავების ბიზნესისთვის მიაცემინა იჯარით. როცა 1987-ში რიკმა სამსახური დაკარგა (მისი დამქირავებელი იურიდიული ფირმა ფინანსურმა კრიზისმა იმსხვერპლა), მისთვის ახალ კარიერაზე გადართვა შედარებით იოლი გამოდგა.

კარუზომ ინდუსტრიულ უძრავ ქონებაში მოსინჯა ძალები, მაგრამ მალევე მოსწყინდა. 1992-ში, ლოს-ანჯელესის ბევერლი-გროუვში, 333 La Cienega-ს მეშვეობით, სავაჭრო საქმიანობა წამოიწყო. იქაურობას აწ უკვე აღარარსებულ Loehmann’s-ზე აქირავებდა ოცი წელი, ამჟამად კი ამ მიწას სახეს უცვლის, რათა შერეული გამოყენების პროექტი განახორციელოს, რომლის გახსნაც 2020-ში აქვს დაგეგმილი.

ყოველი ახალი უძრავი ქონებით, რომელთაც კარუზო 1990-იანებში ხსნიდა, ის სავაჭრო ცენტრის კონცეფციას აფართოებდა. The Encino Marketplace-ში, მაგალითად, მწვანე სივრცე და შადრევანი შეიტანა; ვესტლეიკში მდებარე The Promenade-ი კი ისეთი მიხვეულ-მოხვეული იყო, სიარულისას ადვილად ხედავდი, საით აგეღო გეზი. “დეველოპერები სწორ ან ბრტყელ სივრცეებს აშენებდნენ, რადგან ეს ნაკლებად ძვირი უჯდებოდათ”, – განმარტავს კარუზო, რომელიც საკუთარ თავს დღემდე ცოტათი თეთრ ყვავად მიიჩნევს. კალაბასაში მდებარე Commons-ისთვის მან Hollywood-ის სცენის დიზაინერი დაიქირავა.

The Grove-ით, რომელიც 2002-ში გაიხსნა, კარუზომ, როგორც იქნა, ცხოვრების ყველა გაკვეთილს მოუყარა თავი. ჩარლსტონითა (სამხრეთი კაროლინა) და სავანათი (ჯორჯია) შთაგონებულმა, ფართო ქუჩები და დაბალი შენობები თავის ახალ, ღია სივრცეში განთავსებულ სავაჭრო ცენტრად აქცია, სადაც Walt Disney-ს ერთ-ერთი გამომგონებლის დიზაინით შექმნილი ოქროსფერ-მწვანე ვაგონს სტუმრები მეოთხედი მილის მანძილზე, ცენტრის ერთი ბოლოდან მეორეში, გადაჰყავს.

The Grove-ის საერთო სივრცე, ჯამში, ერთ აკრს შეადგენს. მეტოქეები კომპანიას გამოუყენებელი სივრცის გამო დასცინოდნენ, თუმცა ამას წინათ კინოსტუდიამ მასში $600,000 გადაიხადა, ორი დღე რომ გამოეყენებინა. წლევანდელი ზაფხულის ანაზღაურებადი სარეკლამო აქცია მოიცავდა Amazon-ის გიგანტურ ყუთს, Jeep Wrangler-სა და Jurassic Park-ის უახლეს ეკრანიზაციას. ინდუსტრიის წყაროთა თანახმად, The Grove-ში განთავსებული რეკლამებით კარუზოს წლიური შემოსავალი რვანიშნა ციფრს შეადგენს.

“როგორც კომპანია, ფილოსოფიური თვალსაზრისით, სასტუმრო ბიზნესს წარმოვადგენთ”, – განმარტავს კარუზო. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მყიდველები სავაჭრო ცენტრებიდან გადიან, ცარიელი კუჭები და სავსე ხელებია, ჰოდა, The Grove-ს 25 კონსიერჟი ჰყავს, სადილის წინასწარ დაჯავშნა და ნაყიდი ნივთების მყიდველთა მანქანებამდე მიტანა რომ იყოს შესაძლებელი. კარუზოს მტკიცებით, სტუმრები ცენტრში საშუალოდ სამ საათს ატარებენ, მაშინ როცა ინდუსტრიის ნორმა 90 წუთია, ხოლო მათი 93% რაღაცას აუცილებლად ყიდულობს.

სავაჭრო ცენტრთა სკეპტიკოსების თქმით, მსგავსი ზიზილ-პიპილები მოგების მარჟებს ამცირებს. მაგრამ ყველაზე დიდი კონკურენცია კარუზოსთვის ახლაღა იწყება. გასულ წელს, $1-მილიარდიანი რემონტის შემდეგ, Westfield-ი კვლავ გაიხსნა სენჩერი-სიტიში. ეს უძრავი ქონება, რომელსაც The Grove-ამდე ხუთიოდე მილი აშორებს, მომხმარებელს ღია სივრცეში მდებარე დიზაინერულ სავაჭრო ცენტრებსა და მოსასვენებელ სივრცეებს სთავაზობს, აქვს კონსიერჟის სერვისები სტილისტებისა და კოსტიუმის დიზაინერებისთვის და ღია სივრცე კონცერტებისა და კინოჩვენებებისთვის. “საცალო მოვაჭრეებს სწორედ კარუზოს მიერ გაკეთებულისკენ აქვთ აღებული გეზი”, – ამბობს Principal Global Investors-ის უძრავი ქონების ინვესტიციათა მმართველი დირექტორი და ლოს-ანჯელესის ბინადარი ინდი კარლეკარი.

სექტემბერში კარუზომ PALISADES VILLAGE-ი გახსნა – დაახლოებით $200-მილიონიანი სავაჭრო ცენტრი ლოს-ანჯელესის დასავლეთში, მდიდრულ უბან პასიფიკ–პალისეიდსში. როცა 7 წლის სოფი ჰერონმა გაიგო, რომ ახლომდებარე Baskin-Robbins-ი იხურებოდა, მის გადასარჩენად, ადგილობრივ ბავშვებთან ერთად, პეტიცია წამოიწყო. ბავშვების მოძრაობა წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ როცა სოფის პეტიციამ და ვიდეომ კარუზომდეც მიაღწია, უკვე იცოდა, რაც უნდა გაკეთებინა: სექტემბერში, Palisades Village-ში, გოგონას სახლიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, Mc-Connell’s Fine Ice Creams-მა – 70 წლის ბრენდმა მეზობელი სანტა-ბარბარადან – თავისი მეექვსე ობიექტი გახსნა.

სწორედ ესაა, კარუზოს აზრით, საცალო ვაჭრობის მომავალი. კარგი მოვაჭრეები – და საცალო ვაჭრობის კარგი დეველოპერები, ზოგადად – კომუნას ემსახურებიან. “ამიტომაა, რომ Amazon-მა ამდენს მიაღწია წიგნის ბიზნესში, – განმარტავს კარუზო. – შერჩევას იმ მონაცემების საფუძველზე ახდენენ, რომლებიც შესაბამისი უბნიდან აქვთ მოპოვებული”.

ყველა კომუნა როდი ხვდება კარუზოს გაშლილი ხელებით. ამას წინათ იძულებული გახდა, სან–დიეგოსთან ახლო, კარლსბადში, 200-აკრიან შერეული გამოყენების პროექტთან დაკავშირებულ გეგმებზე უარი ეთქვა: მის შეთავაზებას მცხოვრებლებმა უარით უპასუხეს გარემოზე მავნე ზეგავლენის მიზეზით. სანაყინის მიუხედავად, პალისეიდსის ბინადრებმა კიდევ უფრო ხარჯიანი შეღავათი მოითხოვეს: მიწისქვეშა სივრცეში ავტოსადგომის დამატებითი სართული, 1,100 კვადრატული ფუტის ცენტრი კომუნისათვის და საცხოვრებელი ქუჩის წინ მდებარე მაღაზიათა დიზაინის შეცვლა ისე, რომ სახლის მფლობელებს (რომელთაც $5.7 მილიონი გადაე ხადათ) დაევიწყებინათ, სავაჭრო ცენტრს რომ უყურებდნენ.

Palisades Village-ში კარუზოს 48 მაღალი ხარისხის მაღაზია და რესტორანი აქვს რვა ძვირფას გასაქირავებელ ბინასთან ერთად. მოვაჭრეთა 40% ის ფირმებია, რომლებსაც ფესვები ელ-ვაჭრობაში აქვთ; მართლაც, ექვს მათგანს აქამდე ფიზიკური მაღაზია არასდროს ჰქონია. ცენტრალური კუთხე Amazon Books-ს მასპინძლობს. “პალისეიდსის მთელი პროექტი, მისი სავაჭრო ულუფა, თავისუფლად შეგვიძლია, The Grove-ის Nordstrom-ში დავატიოთ”, – ამბობს კარუზო.

კარუზოს პირველი დიდი ნაბიჯი საცხოვრებელი სივრცის მშენებლობაში 2012 წელს შედგა – 87-ბინიანი გლამურული ნაგებობით. შემდეგ, 2016-ში, პირველი საოფისე შენობა გახსნა, ახლა კი თავის პირველ სასტუმროზე, Rosewood Miramar Beach Montecito-ზე, მუშაობს – ხუთვარსკვლავიან კურორტზე, რომელიც ჯავშნების გაკეთებას 2019-ის იანვრისთვის დაიწყებს. ყოველ ოთხშაბათს კარუზო თავის ბრენტვუდის მამულს ტოვებს და კალიფორნიის სანაპიროზე მიფრინავს, ეს ახალი სასტუმრო რომ მოინახულოს. Rosewood Hotels & Resorts-თან თანამშრომლობის შედეგად, სასტუმრო 161 ოთახს გააერთიანებს, რომელთა ფასი, გახსნის ღამეს, $695-დან დაიწყება, თუმცა აქაც კი კარუზო კომუნის იდეას ეყრდნობა. ბევრი ძვირფასი კურორტისგან განსხვავებით, მისი კამპუსი საზოგადოებისთვის ღია იქნება – ადგილობრივებს კინოღამეებსა და სანაპიროზე გამართულ ბარბექიუზე დაპატიჟებს და საშუალებას მისცემს, გვინეტ პელტროუს ბრენდ Goop-ის მეორე მაღაზიას ეწვიონ.

თავის საყვარელ ორძრავიან შვეულმფრენში, Sikorsky S-76-ში მოკალათებული კარუზო ნამდვილ ექსკურსიამძღოლად იქცევა და ნისლის მეცნიერებაზე საუბრობს, ვენის-ბიჩის, ზუმა-ბიჩის, გეტი-ვილასა და მალიბუს ისტორიას კი მერძევეობის ისტორიად იხსენიებს. მალიბუს სანაპიროზე სახლი აქვს და Invictus-ი – 215 ფუტის იახტა. ამ უკანასკნელის სახელი, რომელიც კარუზოს შვილებმა შეარჩიეს, უილი ამ ერნესტ ჰენლის 1875 წლის პოემიდან იღებს სათავეს: “ჩემი ბედის ბატონი თავად ვარ. თავად ვარ ჩემი სულის კაპიტანი”…

როცა უძრავ ქონებაზე არ არის კონცენტრირებული, თავისი ალმა მატერის ერთგული რჩება. მაისში USC-ის ნდობით აღჭურვილ პირთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. და ლამის ოცდაათ წელზე გაჭიმულ გამოძიებას უძღვება, რომელიც ერთი გინეკოლოგის სექსუალურ უსაქციელობას უკავშირდება, სკოლა კი მტკიცებულებათა მოგროვება-განკარგვის საქმით არის დაკავებული. ეს მას უფრო ცნობადს გახდის, თუმცა თავადაც და მისი ცოლი ტინაც, საცურაო კოსტიუმების ყოფელი მოდელი, კალიფორნიის მასშტაბით, უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობენ ცნობილი ხალხის “ექსპერტებში”.

ამგვარმა საჯარო პროფილმა კარუზოს მშვენიერი საშუალება მისცა, 2022-სთვის ლოს-ანჯელესის მერობის კანდიდატად წარდგეს. მართალია, საკუთარი განზრახვების შესახებ საჯარო განცხადებები ჯერ არ გაუკეთებია, აღიარებს, რომ ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს. მის უძრავ ქონებაზე როცა მიდგება საქმე, არ არსებობს მისთვის არც ზედმეტად მცირე დეტალი და არც ზედმეტად დიდი ხარჯი, ასე რომ, რთული სათქმელია, როგორ იმუშავებს ეს ფილოსოფია ქალაქის მერიაში, საკრამენტოს ან ვაშინგტონს (კოლუმბიის ოლქი) სულ რომ თავი დავანებოთ (თუ პოლიტიკოსად ქცეული უძრავი ქონების დეველოპერის სცენარი გეცნობათ, ნუ გაუმხელთ კარუზოს. ნებისმიერი მინიშნება, რომ საერთოდ რამე საერთო შეიძლება, ჰქონდეს დონალდ ტრამპთან, გარდა იმისა, რომ ორივენი 2018 წელს მცხოვრები ამერიკელები არიან, მას სრულიად აღაშფოთებს).

სტერეოტიპში მოქცევისადმი ლამის ზიზღით განმსჭვალული, უფრო მემარჯვენე განწყობების მქონე კარუზო დემოკრატებს უჭერს მხარს, მათ რიცხვში, კალიფორნიის გუბერნატორ ჯერი ბრაუნს. 2016-ში კარუზომ $244,600 შესწირა New Day for America-ს – ჯონ კასიჩის მხარდამჭერ სუპერ-PAC-ს (პოლიტიკური ბრძოლის კომიტეტს). კამპანიის დროს მან იხუმრა კიდეც, ტრამპს The Grove-ში შესვლა ეკრძალებაო (ასე არ ყოფილა). და, მართალია, პრეზიდენტი იქ, შესაძლოა, სულაც არ იყოს არასასურველი სტუმარი, კარუზო ნამდვილად უკრძალავს The Grove-ში მისვლას მოკრივე მანი პაკიაოს იმ ანტი-გეი კომენტარების გამო, რომლებიც ამ უძრავ ქონებაში დაგეგმილ სატელევიზიო გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა.

დღეს, კარუზოს თქმით, The Grove-ში ყველას მიესალმებიან. ბოლო-ბოლო, ეს ბიზნესისთვის არის კარგი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *