გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. სტარტაპმა Synchron-მა აშშ-ში ადამიანის ტვინში იმპლანტის ჩანერგვის პირველი პროცედურა წარმატებით ჩაატარა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ბოლო დღეებში სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა კოსმოსის კვლევისა და ათვისების მიმართულება – მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე უძველესი გალაქტიკაა აღბეჭდილი; ჩინეთმა დედამიწის ორბიტაზე საკუთარი კოსმოსური სადგურის, Tiangong-ის მეორე მოდული გაუშვა, ამის პარალელურად კი, 2024 წლისთვის იქ ჰაბლის ტელესკოპზე 300-ჯერ უფრო ფართო ხედვის აპარატის გაგზავნა დააანონსა.
მოცემული ბლოგი მეცნიერების სფეროს სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსა და მოვლენებს ეთმობა.
აშშ-ში ადამიანის ტვინში იმპლანტის ჩანერგვის პირველი პროცედურა ჩატარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ინტერფეისი (BCI) რეალობად იქცა. ახლახან სტარტაპმა Synchron-მა განაცხადა, რომ მან ქვეყანაში პირველად, ადამიანის ტვინში მსგავსი იმპლანტის ჩანერგვის პროცედურა წარმატებით ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კომპანიამ საკუთარი მოწყობილობა, რომელსაც Stentrode-ს უწოდებენ, ავსტრალიაში ოთხი პაციენტის ტვინში ჩანერგა.
პროცედურა ნიუ-იორკში მდებარე მაუნტ სინაი უესტის საავადმყოფოში COMMAND-ის სახელწოდებით ცნობილი კვლევის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც Synchron-ის მოწყობილობის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის განსაზღვრას ემსახურება. ექიმებმა ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ინტერფეისი, რომელიც დაახლოებით 3.8 სანტიმეტრი სიგრძისაა და მავთულებისა და ელექტროდებისგან შედგება, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით, იმავე ამიოტროფული ლატერალური სკლეროზით დაავადებულ ადამიანს ჩაუნერგეს.
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ პაციენტი, რომელსაც სიარულისა და მეტყველების უნარი აქვს დაკარგული, ინტერნეტში სერფინგს, ელ. ფოსტისა და ზოგადად, ტექსტის გამოყენებით კომუნიკაციას მხოლოდ ფიქრის მეშვეობით შეძლებს – მოწყობილობა მის აზრებს კომპიუტერში გასაგზავნ ბრძანებებად გადააქცევს.
ექიმებმა Synchron-ის მოწყობილობის ადამიანის ტვინში ჩასანერგად ენდოვასკულარულ მეთოდს მიმართეს, რისი დახმარებითაც ტვინის ღია ოპერაციის აუცილებლობის თავიდან არიდება შეძლეს. შედეგად, იმპლანტი ტვინში თავის ქალის ან ქსოვილის დაზიანების გარეშე მოათავსეს.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტმა სახლში დაბრუნება პროცედურიდან 48 საათის შემდეგ შეძლო. აქვე გეტყვით, რომ წარმატებული აღმოჩნდა ავსტრალიაში ჩატარებული ოპერაციებიც. Synchron-ის ინფორმაციით, ცდაში მონაწილე პირები იმპლანტის ჩანერგვის პროცედურიდან ერთი წლის შემდეგ თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას ამ დრომდე საფრთხე არ დამუქრებია.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში Synchron-მა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდისთვის ნებართვა მარეგულირებელი ორგანო FDA-ისგან გასული წლის ივლისში მიიღო. შეგახსენებთ, ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ინტერფეისის განვითარებაზე ილონ მასკის სტარტაპი Neuralink-იც მუშაობს, თუმცა ამ უკანასკნელს თავისი მიკროჩიპების ადამიანებზე გამოცდისთვის FDA-ისგან ნებართვა ჯერჯერობით არ მიუღია.
მასკის ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა ჩიპების ადამიანებზე გამოცდის დაწყების თარიღად თავდაპირველად 2020 წელი დაასახელა. მოგვიანებით მილიარდერმა განაცხადა, რომ ტესტირებები 2021 წლის ბოლოდან დაიწყებოდა. უკანასკნელი ინფორმაციით კი, Neuralink-ი გეგმის განხორციელებას 2022 წლისთვის იმედოვნებს, თუმცა მანამდე FDA-ისგან ნებართვა უნდა მიიღოს.
მეცნიერების ვარაუდით, ჯეიმს ვების ტელესკოპმა უძველესი გალაქტიკა დააფიქსირა
ცოტა ხნის წინ NASA-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული სამეცნიერო ხარისხის სურათები გაასაჯაროვა. პირველი ფოტო თეთრ სახლში გამართულ პრეზენტაციაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა. აღნიშნული სურათი, NASA-ს თქმით, კოსმოსის ყველაზე შორეული და მკვეთრი ინფრაწითელი გამოსახულებაა, რაც კი აპარატებს ოდესმე დაუფიქსირებიათ.
ახლახან გამოქვეყნებული ორი ნაშრომის თანახმად, ბაიდენის მიერ წარმოდგენილ ფოტოზე, სავარაუდოდ, უძველესი გალაქტიკაა აღბეჭდილი. ობიექტი, რომელსაც GLASS-z13-ის სახელწოდებით მოიხსენიებენ ჩვენგან 13.5 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. ეს იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკა 13.5 მილიარდი წლის წინ, ანუ „დიდი აფეთქებიდან“ 300 მილიონი წლის შემდეგ უკვე არსებობდა.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ დრომდე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე შორეული გალაქტიკის სტატუსი ჰაბლის ტელესკოპის მიერ 2016 წელს დაფიქსირებულ GN-Z1-ს ეკუთვნოდა, რომელიც დედამიწიდან 13.4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
მკვლევართა განცხადებით, ახლახან დაფიქსირებული გალაქტიკა GLASS-z13 ზომით ირმის ნახტომის გალაქტიკას ჩამოუვარდება. მისი სიგანე დაახლოებით 1,600 სინათლის წელს შეადგენს.
ახალი აღმოჩენა იმას ნიშნავს, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით შორეულ წარსულში მოგზაურობისა და კიდევ არაერთ უძველესი ობიექტის შესწავლის შანსი გვაქვს. რაც უფრო ვუახლოვდებით „დიდ აფეთქებას“, მით უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ სამყაროს წარმოშობისა და განვითარების შესახებ.
WHO-მ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ვინაიდან ვირუსი სულ რამდენიმე კვირაში ათეულობით ქვეყანაში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, აფრიკის გარეთ, „მაიმუნის ყვავილის“ 16,000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
„ჩვენ ვართ ეპიდემიის წინაშე, რომლის შესახებაც ძალიან მცირე რამ ვიცით და რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში გადაცემის ახალი გზების წყალობით. შექმნილი ვითარება აკმაყოფილებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციის კრიტერიუმებს“, – აღნიშნა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაისში განაცხადა, რომ დაავადების გავრცელების პრევენცია შესაძლებელი იყო, თუმცა ამისთვის სასწრაფო ზომები უნდა მიეღოთ.
ექსპერტების ნაწილი ჯანმოს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით არ ეთანხმება. მათ მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციის ნაბიჯი ნაადრევია და ზედმეტ სიფრთხილეს ემყარება. ზოგის აზრით კი, ნაადრევი ზომების მიღება ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამართლებულია.
ჯანმოს ინფორმაციით, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები მსოფლიოს 75 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ორგანიზაციის ცნობით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მან ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „მაიმუნის ყვავილით“ დაავადების პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 1958 წელს დაფიქსირდა. დაავადება, რომელსაც ორთოპოქსვირუსი იწვევს, კვლევითი მიზნებისთვის განკუთვნილ მაიმუნში გამოვლინდა. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება.
რაც შეეხება ადამიანებს, „მაიმუნის ყვავილით“ დაავადების პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა.
ჩინეთმა ორბიტაზე კოსმოსური სადგურის მეორე მოდული გაუშვა – ქვეყანამ 2024 წლისთვის იქ ტელესკოპის გაგზავნა დააანონსა
ჩინეთმა დედამიწის ორბიტაზე საკუთარი კოსმოსური სადგურის, Tiangong-ის მეორე მოდული გაუშვა, რომელიც Wentian-ის სახელწოდებით არის ცნობილი. მისია რაკეტა Long March 5B-ის დახმარებით 24 ივლისს, ადგილობრივი დროით 2:25 საათზე განხორციელდა.
მოდული, რომლის სიგრძე 17.9 მეტრს შეადგენს, მალე ჩინური კოსმოსური სადგურის ძირითად მონაკვეთს, Tianhe-ს მიუერთდება. ეს უკანასკნელი კოსმოსში 2021 წლის აპრილში გაუშვეს. აზიური სახელმწიფო ოქტომბერში ორბიტაზე კიდევ ერთ მოდულს, Mengtian-ს გაგზავნის.
ამჟამად კოსმოსურ სადგურზე ჩინელი ასტრონავტები – ჩენ დონგი, ლიუ იანგი და კაი ქსუჟე იმყოფებიან. ისინი ორბიტაზე გასული თვის დასაწყისში გაფრინდნენ. ასტრონავტების დავალება Tiangong-ის ორი მოდულის, Wentian-ისა და Mengtian-ის მანევრირების გაკონტროლებაა.
ჩინეთს სურს, აღნიშნული კოსმოსური სადგური დაახლოებით 10 წლის განმავლობაში გამოიყენოს. ამ პერიოდში აზიური სახელმწიფო იქ ყოველ ექვს თვეში ერთხელ სამ-სამი ასტრონავტით დაკომპლექტებული ეკიპაჟის გაგზავნას გეგმავს.
აზიური ქვეყნის განცხადებით, ის მზად არის, მომავალში Tiangong-ზე უცხოელი ასტრონავტები და ტურისტები მიიღოს, ასევე საერთაშორისო ექსპერიმენტებსა და კვლევებს უმასპინძლოს.
რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა კიდევ ერთი სიახლე გაავრცელა. ცნობილი გახდა, რომ ქვეყანა თავის პირველ კოსმოსურ ტელესკოპს ორბიტაზე დაახლოებით 2024 წელს გაუშვებს. შეგახსენებთ, ამ მისიის შესახებ აქამდეც დაიწერა, თუმცა ამჯერად უფრო დაზუსტებული ინფორმაცია ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალება, CGTN-მა გაავრცელა.
როგორც ცნობილია, Xuntian-ის სახელწოდებით ცნობილ აპარატს, რომელსაც CSST-საც უწოდებენ ორბიტაზე დედამიწიდან იმავე დისტანციაზე განალაგებენ, რომელზეც კოსმოსური სადგური Tiangong-ი იმყოფება. შეკეთების ან გადატვირთვის საჭიროების შემთხვევაში, დროდადრო ტელესკოპი კოსმოსურ სადგურს მიურთდება.
CSST ოპტიკური, ულტრაიისფერი კოსმოსური ობსერვატორიაა, რომელიც 2 მეტრი დიამეტრის მქონე ობიექტივით აღიჭურვება. აღსანიშნავია, რომ ჩინური ტელესკოპისა და NASA-ს კუთვნილი ჰაბლის ტელესკოპის გარჩევადობა ერთმანეთის მსგავსი იქნება, თუმცა CSST-ის ხედვის არე ამ უკანასკნელისას დაახლოებით 300-ჯერ აღემატება.
მეცნიერებს CSST ერთდროულად ცის ბევრად უფრო დიდ მონაკვეთზე დაკვირვების საშუალებას მისცემს, ვიდრე 32 წლის „ჰაბლი“. გეგმის მიხედვით, ჩინური ტელესკოპი თავისი 2,5-მილიარდპიქსელიანი კამერით შორეულ კოსმოსურ ობიექტებს 10-წლიანი მისიის განმავლობაში შეისწავლის.
NASA-მ მთვარის შორეული მხარის შესასწავლად დაგეგმილი მისიისთვის Draper-ი შეარჩია
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მთვარის შორეული მხარის შესასწავლად დაგეგმილი მისიისთვის ციური სხეულის ზედაპირზე ტვირთვის გადასატანად კომპანია Draper-ი შეარჩია. NASA დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ხელსაწყოების გაგზავნას 2025 წლისთვის, პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში აპირებს.
სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, NASA-სგან Draper-ი 73 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. კონტრაქტის პირობების მიხედვით, კომპანია პასუხისმგებელია მიწოდების სერვისებზე, ხელსაწყოების მთვარის ზედაპირზე დაშვებასა და ჩამოტვირთვის ოპერაციებზე.
NASA-ს ინფორმაციით, კვლევისთვის საჭირო ინსტრუმენტებს მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე შროდინგერის კრატერში Draper-ი ლენდერით SERIES-2 დაუშვებს. ამ გეოლოგიური კუთხით საინტერესო ადგილის დიამეტრი დაახლოებით 200 კილომეტრს შეადგენს. შროდინგერის კრატერი მთვარის ზედაპითან უცხო სხეულის შეჯახების შედეგად არის წარმოქმნილი.
როგორც აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, Draper-ი მთვარის შორეული მხარის შესასწავლად იქ სამი ხელსაწყოს ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რომელთა საერთო წონა 95 კილოგრამს შეადგენს.
ერთ-ერთი მათგანია Farside Seismic Suite-ი (FSS), რომელიც მთვარის შორეული მხარიდან სეისმურ მონაცემებს დედამიწაზე გამოგზავნის – ეს მასალა მეცნიერებს ციური სხეულის აღნიშნული რეგიონის ტექტონიკური აქტივობის შესწავლაში დაეხმარება. ინსტრუმენტი შედგება ორი ყველაზე მგრძნობიარე სეისმომეტრისგან, რომელიც კოსმოსური მისიისთვის ოდესმე შეუქმნიათ.
მეორე ინსტრუმენტია Lunar Interior Temperature and Materials Suite-ი (LITMS), რომელიც ორ მოწყობილობას აერთიანებს: ერთი მათგანი მთვარის ნიადაგის ქვეშ სითბური ნაკადების, ხოლო მეორე ელექტრული ველის შესწავლას უზრუნველყოფს.
მესამე ხელსაწყო Lunar Surface ElectroMagnetics Experiment-ია (LuSEE) რომელიც მთვარის ზედაპირზე ელექტრომაგნიტურ ფენომენებს გაზომვას.
დატოვე კომენტარი