აშშ და ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებს განაახლებენ

აშშ და ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებს განაახლებენ

ფოტო: REUTERS/Carlos Barria

ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებს განაახლებენ. შეხვედრა ვენაში, მიმდინარე კვირაში შედგება.

ირანის მთავარი მომლაპარაკებელი ალი ბაგერ კანიმი, ვენაში გამგზავრებამდე, შეთანხმების გადარჩენაზე ვალდებულებას აშშ-ის აკისრებს და ვაშინგტონს „პასუხისმგებლიანი“ მოქმედებისკენ მოუწოდებს. „მოვალეობა ეკისრება მათ, ვინც დაარღვია შეთანხმება და ვერ ჩამოშორდა ავის მომასწავებელ მემკვიდრეობას“, დაწერა ბაგერი კანიმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების თანახმად, ირანს ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, თავისი ბირთვული პროგრამა უნდა შეეზღუდა.

გაეროში სიტყვით გამოსვლისას, ირანის ელჩმა გაეროში, მაჯიდ რავანჩიმ განაცხადა, რომ თეირანი შეთანხმების აღდგენაზე მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად აწარმოებდა. „როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ირანი, თავის მხრივ, განაახლებს აღებული ვალდებულებების სრულყოფილად განხორციელებას.“ – დასძინა მან.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანში, რობ მალი, მოლაპარაკებებისგან დიდ პროგრესს არ ელოდება, თუმცა ვენაში შეხვედრაზე დასასწრებად მაინც მიემგზავრება. „ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ევროკავშირის ძალისხმევას და შეთანხმების მისაღწევად კეთილსინდისიერი მცდელობისთვისაც მზადაა. მალე გაირკვევა, არის თუ არა მზად ირანიც იგივესთვის“, დაწერა მალიმ Twitter-ზე.

მალის განცხადებით, მოლაპარაკებები, ევროკავშირის ტექსტის საფუძველზე წარიმართება. 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად ტექსტი მხარეებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა შესთავაზა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *