Veuve Clicquot-ს ჯილდო - "ოსკარი" საქმიანი ქალებისთვის

Veuve Clicquot-ს ჯილდო - "ოსკარი" საქმიანი ქალებისთვის

ACT-ის დამფუძნებელი თინათინ რუხაძე 2018 წლის Veuve Clicquot-ს სახელობის, საქმიანი ქალის ჯილდოს მფლობელია.

მას არასოდეს აშინებდა სიახლე,თამამად მიდიოდა რისკზე და შედეგად იმდენი მოახერხა, რომ საკუთარი ბიზნესი დედამიწის ოთხივე მხარეს გააფართოვა. მისთვის ამოსავალი წერტილი საკუთარი შამპანური ღვინოების ხარისხის განუხრელი დაცვა გახლდათ. მან თავადაც დანერგა წარმოების სრულყოფილებამდე მისული ტექნოლოგია. საუბარია ლუქს-კლასის შამპანურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხარისხიან ბრენდ Veuve Clicquot-ს დამაარსებელ მადამ კლიკოზე.

1805 წელს, სულ რაღაც 27 წლის ასაკში, მეუღლის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, მადამ კლიკო შამპანურის სახლს ჩაუდგა სათავეში და, ბიზნესის სამყაროში ახლად გამოჩენილმა, ეჭვქვეშ დააყენა გავრცელებული კანონები და ტრადიციები. კლიკოს ქვრივის დამსახურებით გახდა ბრენდი ევროპის ბურჟუაზიის საყვარელი სასმელი. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ინოვაცია ღვინის სამყაროში, როგორიცაა რემუაჟის მაგიდის გამოგონება, მან შექმნა პირველი, ჩვენთვის ცნობილი ვინტაჟური შამპანური და ასევე წითელი და თეთრი ღვინის შერევით მიღებულ “როზეს” ჩაუყარა საფუძველი. ბრენდს კლიკოს ქვრივის გამბედაობისა და სრულყოფილების კვალი ამჟამადაც ეტყობა და დღეს Veuve Clicquot-ს ჯილდოს, როგორც წარმატებისა და წინსვლის საზომს, უკვე კანონიერი ადგილი უკავია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ეს ყოველწლიური ჯილდო იმ ქალებს გადაეცემათ, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ბიზნესის სფეროს გამრავალფეროვნებაში, ხოლო მათი წარმატების შესაფასებლად, უპირველეს ყოვლისა, თავად ქალბატონი კლიკოს მიერ დამკვიდრებულ მახასიათებლებს ითვალისწინებენ: საქმიან ალღოს, ფინანსურ წარმატებას, სოციალურ პასუხისმგებლობასა და ნოვატორულ თვისებებს.

“ნომინანტები უნდა იყვნენ 27 წელზე მეტი ასაკის. მინიმუმ იმ წლოვანების, როდესაც მადამ კლიკომ ბიზნესის სადავეები აიღო ხელში. ისინი უნდა იყვნენ ბიზნესის დამფუძნებლები ან ადგილობრივი ბიზნესის ლიდერები, მამოძრავებელი ძალა, მეწარმეები, რომლებიც უზრუნველყოფენ მდგრად, მოგებიან ბიზნესს და ჯანსაღ ბალანსს”, – აცხადებს დოროტეა შედვილი, Veuve Clicquot-ს სახლის ბიზნესგანვითარების მენეჯერი ევროპის ქვეყნებში.

ინოვაციური აზროვნების, თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის ტრადიციულ ჯილდოს შამპანურის სახლი Veuve Clicquot ყოველწლიურად მსოფლიოს 27 ქვეყანაში გასცემს. საქმიანი ქალებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად, რომელიც საქართველოში წელს მეორედ გაიცემა, ეროვნულმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ირმა დაუშვილი, კომპანია “დიოს” დამფუძნებელი და მმართველი, “Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდოს” 2017 წლის გამარჯვებული; გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების “საქმიანი დილა” და “საქმის კურსის” ავტორი; ნინო  ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ოთხი ნომინანტი შეარჩია:

1. ნინო კვერნაძე, კომპანია “უდაბნოს” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ამერიკაში 15–წლიანი ცხოვრებისას Goldman Sachs-ის ანალიტიკოსად მუშაობდა, საქართველოში კი პატრიოტული მიზნებით დაბრუნდა და 500 ჰექტარზე ნუშის ბაღის განაშენიანებას ჩაუდგა სათავეში. ასე დაიწყო პროექტი “უდაბნო”, რომელიც ამჟამად 1200 ჰექტარს მოიცავს.

2. თამარ ჩიგოგიძე , ჰოლდინგ “ფორტუნას” ხელმძღვანელი. მისი დაარსებულია მუსიკალური კონკურსი “ოქროს ტალღა”. ამჟამად კომპანიაში 120 ადამიანია დასაქმებული.

3. თინათინ რუხაძე, ACT-Analysis Consulting Team-ის დამფუძნებელი.

მან საქმე 2002 წელს 1000 დოლარის კაპიტალით დაიწყო. დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში 100-ზე მეტი მცდელობიდან, მხოლოდ 8 წარმატებული კონტრაქტი ჰქონდა. თუმცა უკვე 2005 -ში კომპანია ბაზრის ლიდერი ხდება, 2009-ში კი აზერბაიჯანსა და ყაზახეთში იწყებს ოპერირებას.

4. თამარ ბაღდავაძე, სასტუმროების: Coste-და “კრუიზის” მმართველი პარტნიორი და Green Tower-ის დამფუძნებელი.

თამარმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, 2008 წელს კი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. დაღმავლობის პირას მყოფ საოჯახო ბიზნესს მოჰკიდა ხელი და დღეს უკვე 200 ადამიანის დამსაქმებელია  

“Veuve Clicquot-ს საქმიანი ქალის” 2018 წლის გამარჯვებულის დაჯილდოება 20 დეკემბერს, მრავალფუნქციურ სივრცე “რესპუბლიკაში” გაიმართა. კომპეტენტური ჟიურის არჩევანი თინათინ რუხაძეზე შეჩერდა.

“დიდი ხანია, თვალყურს ვადევნებ თინათინ რუხაძის კარიერას და ACT ზრდას. საამაყო ამბავია, რომ ქართული კომპანია გამორჩეული იყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ACT და მისი პარტნიორი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რით შეგვიძლია ვიყოთ ქართველები გამორჩეული და კონკურენტული თანამედროვე მსოფლიოში”, – განაცხადა Veuve Clicquot-ის ჟიურის წევრმა, Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა და სატელევიზიო გადაცემების “საქმიანი დილისა” და “საქმის კურსის” ავტორმა, გიორგი ისაკაძემ.

გამარჯვებულს გადაეცა სამახსოვრო თასი ინდივიდუალური გრავირებით. ის წლის განმავლობაში ბრენდის ელჩის როლს შეითავსებს; გარდა ამისა, გამარჯვებული Veuve Clicquot-ს შამპანურის სახლს ეწვევა და საფრანგეთის ქალაქ რეიმსში დაესწრება საქმიან ქალთა ჯილდოს მფლობელების ფორუმს. ასევე, Veuve Clicquot-ს ვენახში ვაზის ერთ ძირს თინათინ რუხაძის სახელი დაერქმევა.

Veuve Clicquot-ს ჯილდო მსოფლიოში უკვე 350-ზე მეტ ცნობილ ქალს გადაეცა, მათ შორის, ლეგენდარულ არქიტექტორს, ზაჰა ჰადიდს, ბრიტანელ დიზაინერს ანია ჰინდმარჩს და სხვებს. ეს ჯილდო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საქმიანი ქალებისათვის ერთგვარ “ოსკარად” იქცა. მათთვის Veuve Clicquot ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს შემდგომი წინსვლისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *