გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირა სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. UEFA-მ ქალთა და მამაკაცთა შორის 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა. გარდა ამისა, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წლის შემოსავლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ამასთან, Audi-მ განაცხადა, რომ ფორმულა 1-ს 2026 წლიდან შეუერთდება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ McLaren-ის F1-ის გუნდს ავსტრალიელი პილოტი, დანიელ რიკარდო კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

ბოლო დღეებში ორი მნიშვნელოვანი სასამართლო დავის შედეგები გახდა ცნობილი – გაირკვა, რომ NBA-ის ვარსკვლავის, კობი ბრაიანტის ცხედრის ფოტოების უნებართვოდ გავრცელებისთვის, მისი ქვრივი ბრალდებული მხარისგან $16 მილიონს მიიღებს; „კარდიფს“ კი „ნანტისთვის“ ავიაკატასტროფაში დაღუპული ემილიანო სალას სატრანსფერო საფასურის ნაწილის გადახდა დაეკისრა.

მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარ სწორედ ამ სიახლეებს გაეცნობით.

UEFA-მ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა, UEFA-მ ქალთა და მამაკაცთა შორის 2021/22 წლების საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა. გამარჯვებულები 25 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს, სტამბულში გამართულ ღონისძიებაზე გამოცხადდნენ.

ჟიური იმ კლუბების მწვრთნელებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც 2021/22 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, უეფას ევროპა ლიგასა და უეფას კონფერენს ლიგაზე ჯგუფურ ეტაპებზე თამაშობდნენ. ჟიურის შემადგენლობაში ასევე წარმოდგენილი იყო ევროპის სპორტული მედიის (ESM) მიერ შერჩეული ჟურნალისტების ჯგუფი.

ქალთა შორის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიური „ბარსელონის“ მოთამაშე, ალექსია პუტელიასი დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა ეს ტიტული უკვე მეორედ მოიგო. „ბარსელონის“ კაპიტანმა 2021-22 წლების სეზონში ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 34 გოლის გატანა შეძლო, რაც მის მიერ ერთ სეზონში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია. მან კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა.

ფოტო: fcbarcelona.com

ქალთა შორის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ნიდერლანდელი სარინა ვიგმანი დასახელდა, რომელიც ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მენეჯერია. მან ივლისში ნაკრებთან ერთად UEFA Women’s EURO 2022 მოიგო.

მამაკაცთა შორის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ქარიმ ბენზემა გახდა. მადრიდის „რეალის“ მოთამაშემ კლუბის მიერ ჩემპიონთა ლიგის რიგით მე-14 ტიტულის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა. ბენზემამ ტურნირზე 15 გოლი გაიტანა და გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საერთო ჯამში კი ფრანგი ფეხბურთელის მიერ 2021/22 წლების სეზონში საკლუბო ჩემპიონატებში გატანილი გოლების რაოდენობა 44-ს შეადგენს.

ფოტო: football-espana.net

რაც შეეხება მამაკაცთა შორის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელს, ეს სტატუსი კარლო ანჩელოტიმ მიიღო, რომელიც მადრიდის „რეალის“ მთავარი მენეჯერია. იტალიელმა 2021/22 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგა კარიერის განმავლობაში მეოთხედ მოიგო.

2021 წელს ITF-$66,6-მილიონიანი შემოსავალი მიიღო

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციამ 2021 წლის განმავლობაში შემოსავლის სახით 66,6 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა 2020 წელს დაფიქსირებულ შედეგთან შედარებით, როდესაც ITF-ის მიერ გამომუშავებულმა თანხამ მხოლოდ 35,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა 2021 წლის შემოსავალი კოვიდპანდემიამდელ დონეს კვლავ ჩამორჩება. მაგალითისთვის, 2019 წელს ITF-ის მიერ გამომუშავებული თანხა 88.7 მილიონი აშშ დოლარს გაუტოლდა.

ჩოგბურთის გლობალური მმართველი ორგანო იძულებული გახდა 2020 წლის „დეივისის თასის“ მამაკაცთა გუნდური ტურნირი და „ბილი ჯინ კინგის თასის“ ქალთა გუნდური ტურნირი ერთი წლის ნაცვლად ორ წელზე გაენაწილებინა. აქედან გამომდინარე, ტურნირები 2020 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდა. სწორედ ამას უკავშირდება 2021 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში შემოსავლის მცირე რაოდენობა.

ფოტო: thredbo.com.au

ამის პარალელურად, 2021 წელს ITF-მა საკუთარი საოპერაციო ხარჯები 67.3%-ით, $74.8 მილიონამდე გაზარდა, 2020 წლის 44.7 მილიონი აშშ დოლარიდან.

მიმდინარე წლიდან ზემოხსენებულმა ტურნირებმა კვლავ ყოველწლიური ხასიათი მიიღო. აქედან გამომდინარე, ITF-ის წლიური შემოსავლების ზრდაა ნავარაუდები.

კობი ბრაიანტის ქვრივს სასამართლომ $16-მილიონიანი კომპენსაცია მიანიჭა

NBA-ის ვარსკვლავის, კობი ბრაინტის ქვრივ ვანესა ბრაიანტს ფედერალურმა სასამართლომ $16-მილიონიანი კომპენსაცია მიანიჭა, 2020 წელს ავიაკატასტროფის ადგილზე კალათბურთელის ცხედრისთვის გადაღებული ფოტოების უნებართვოდ გავრცელების გამო.

ცხრა ნაფიცმა მსაჯულმა განაჩენი ერთსულოვნად გამოიტანა. მათი განცხადებით, ავიაკატასტროფის ადგილზე მისული შერიფის თანაშემწეები და მეხანძრეები კობი ბრაიანტისა და მისი 13 წლის ქალიშვილისთვის, ჯიანასთვის ფოტოების გადაღებითა და საზოგადოებისთვის დაუკითხავად გაზიარებით, ვანესას პირად ცხოვრებაში ჩაერივნენ და მას ემოციური ზიანი მიაყენეს.

ფოტო: BACKGRID

სარჩელი ლოს-ანჯელესის ოლქის წინააღმდეგ ვანესა ბრაიანტმა და კრის ჩესტერმა შეიტანეს, რომელმაც ზემოხსენებული ავიაკატასტროფის შედეგად ცოლი და 13 წლის ქალიშვილი დაკარგა. სასამართლომ ბრალდებულ მხარეს ჩესტერისთვის კომპენსაციის სახით 15 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც NBA-ის 41 წლის ვარსკვლავი და მისი ქალიშვილი შვიდ ადამიანთან ერთად იმყოფებოდნენ, 2020 წლის 26 იანვარს კალიფორნიაში, კალაბასასში ჩამოვარდა.

Audi ფორმულა 1-ს 2026 წლიდან შეუერთდება

გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანული ავტომწარმოებლის, Volkswagen-ის პრემიუმ ბრენდები, Audi და Porsche ფორმულა 1-ს შეუერთდებიან. ახლა კი Audi-მ განაცხადა, რომ F1-ში 2026 წლიდან ჩაებმება.

„მოხარული ვარ, მივესალმო Audi-ს ფორმულა 1-ში – საკულტო საავტომობილო ბრენდს, პიონერსა და ტექნოლოგიების ნოვატორს. ჩვენი სპორტისთვის ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია. ეს ხაზს უსვამს უზარმაზარ ძალას გლობალური პლატფორმისა, რომელიც ზრდას განაგრძობს“, – განაცხადა F1-ის პრეზიდენტმა, სტეფანო დომენიკალიმ.

მოსალოდნელია, რომ ძვირად ღირებული ბრენდი ფორმულა 1-ში Sauber-ის პარტნიორი იქნება, თუმცა Audi-მ მხოლოდ ის განაცხადა, რომ 2026 წლიდან ამ კომპანიასთან ერთად ძრავების წარმოებას დაიწყებს.

ფოტო: formula1.com

ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია Audi-სა და McLaren-ის სავარაუდო პარტნიორობასთან დაკავშირებით, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ყურადღება სწორედ Sauber-მა მიიპყრო. ეს უკანასკნელი ამჟამად Alfa Romeo-სთან თანამშრომლობს, თუმცა მოლაპარაკებებს სხვა ბრენდებთანაც აწარმოებს.

რაც შეეხება Porsche-ს, მოსალოდნელია, რომ ფორმულა 1-ში ის Red Bull-ის პარტნიორი იქნება, რომელთანაც სხვადასხვა მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს.

დანიელ რიკარდო McLaren2022 წლის F1-ის სეზონის ბოლოს დატოვებს

ავსტრალიელი მრბოლელი, დანიელ რიკარდო „მაკლარენის“ ფორმულა 1-ის გუნდიდან 2022 წლის სეზონის შემდეგ, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე წავა. ამის შესახებ გუნდის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი.

„საიდუმლო არ არის, რომ ვიმედოვნებდით, ერთად უფრო მეტს მივაღწევდით, მაგრამ მისი დანახვა პოდიუმის ზედა საფეხურზე, როგორც „მაკლარენის“ პილოტის, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო“, – თქვა McLaren-ის F1-ის გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაკ ბრაუნმა.

ფოტო: AFP

დანიელ რიკარდოს განცხადებით, „რამდენიმეთვიანი დისკუსია“ იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოოდ კი მხარეები კონტრაქტის ერთი წლით ადრე გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.

„არასდროს ვყოფილვარ ასეთი მოტივირებული შეჯიბრებისთვის და იმისთვის, რომ  ვიყო სპორტის ნაწილი, რომელიც ძალიან მიყვარს. მოუთმენლად ველი მომავალ გამოწვევას“, – თქვა 33 წლის ავსტრალიელმა.

მაქს ვერსტაპენის აღზევების გამო Red Bull-იდან წასვლის შემდეგ, რიკარდომ ორი წელი გაატარა „რენოში“, სანამ გასული სეზონის დასაწყისში „მაკლარენის“ გუნდში გადავიდოდა. 2021 წელს რბოლის მოგების მიუხედავად, ავსტრალიელის კარიერა McLaren-ის გუნდში მაინც იმედგამაცრუებლად ფასდება. გუნდის მიერ მასთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა სწორედ აღნიშნულს უკავშირდება.

სასამართლომ „კარდიფს“ „ნანტისთვის“ ემილიანო სალას სატრანსფერო საფასურის გადახდა დააკისრა

არგენტინელი ფეხბურთელის, ემილიანო სალას ტრაგიკული დაღუპვიდან დაახლოებით 4 წელი გავიდა – ის 2019 წლის 21 იანვარს, 28 წლის ასაკში, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ორი დღით ადრე, 19 იანვარს „კარდიფმა“ დაადასტურა, რომ სალა ფრანგულ კლუბ „ნანტს“ დატოვებდა და კარიერას ინგლისში, მის რიგებში გააგრძელებდა. ცნობილი გახდა ტრანსფერის ღირებულებაც – 17 მილიონი ევრო.

ფოტო: AFP

ტრაგედიის შემდეგ ტრანსფერის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით „ნანტსა“ და „კარდიფს“ შორის სასამართლო დავა დაიწყო. ამ უკანასკნელს ფრანგული კლუბისთვის კონტრაქტით გაწერილი თანხის გადახდა არ სურდა. მისი განცხადებით ფეხბურთელი კლუბში დარეგისტრირებამდე გარდაიცვალა. თუმცა, ახლახან სასამართლომ ვერდიქტი გამოაცხადა, რომლის თანახმად, დავა „ნანტმა“ მოიგო.

უფრო კონკრეტულად კი, „კარდიფს“ „ნანტისთვის“ სატრანსფერო თანხის პირველი ნაწილის, 6 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *