საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და საქართველოში ამჯერად USAID-ის დახმარებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 13 საინვესტიციო კონსულტანტს ვმასპინძლობთ, რომლებიც მსხვილ ინვესტორებს ურჩევენ, სად განახორციელონ ინვესტიცია, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხოელ კონსულტანტებთან, ე.წ. ლოკაციის კონსულტანტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი საინვესტიციო კონსულტანტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.
„გვინდა, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ საქართველოს პოტენციალზე და ვაჩვენოთ, თუ როგორ წარმატებულად მუშაობენ სხვადასხვა სექტორში უცხოური კომპანიები ჩვენს ქვეყანაში. მსოფლიო პრაქტიკით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და კონკრეტული კომპანიების შემოყვანის მხრივ. საერთაშორისო კონსულტანტებთან ასეთ ნაყოფიერ თანამშრომლობას შედეგად მოაქვს ის, რომ საქართველო სულ უფრო ხშირად ჩანს წამყვანი კომპანიებისა და მსხვილი ინვესტორების რუკაზე“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
გაცნობის ტურში მონაწილე საიტის ლოკატორები წარმოადგენენ გლობალურ კომპანიებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ საინვესტიციო ლოკაციებსა და ობიექტებს.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, საქართველოში საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს ე.წ. ლოკაციის კონსულტანტების რამდენიმედღიან გაცნობით ტურს მასპინძლობს. ტურის მიზანია, საიტის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულების შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საიტების ლოკატორები, ტურის ფარგლებში მოინახულებენ კახეთსა და ქუთაისში მათთვის საინტერესო ობიექტებს. ასევე შეხვდებიან სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციებს წარმომადგენლებს, მიიღებენ ინფორმაციას და რიგ ინდუსტრიებში საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავენ.
დატოვე კომენტარი