დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიცოცხლის ბოლო დღეები შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაატარა.
დედოფალი ბოლოს კამერების წინ 6 სექტემბერს გამოჩნდა, როდესაც დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ლიზ ტრასს ბალმორალის სასახლეში უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ, ტრადიციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის დასანიშნად შეხვედრა ლონდონში უნდა გამართულიყო. როგორც ფოტომასალებზე ჩანს, ელისაბედ II ტრასთან შეხვედრისას გადასაადგილებლად ყავარჯენს იყენებდა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 7 სექტემბერს დედოფალმა ექიმების რჩევით მნიშვნელოვანი ვირტუალური შეხვედრა გადადო. დღეს, 8 სექტემბერს კი ბუკინგემის სასახლემ ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
შეგახსენებთ, ელისაბედ II-მ სამეფო ტახტი მამის გარდაცვალების შემდგომ, 1952 წლის 6 თებერვალს, 25 წლის ასაკში დაიკავა. 2015 წლის სექტემბერში ელისაბედმა თავის დიდ ბებიას, დედოფალ ვიქტორიას გადაასწრო და ბრიტანეთის ყველაზე ხანგრძლივი დროის მონარქის ტიტული მოიპოვა. მსოფლიოში, მმართველობის ხანგრძლივობით, მონარქებს შორის ის მეორე ადგილზეა.
დატოვე კომენტარი