„ნოვა“ ქმნის ქართულს

„ნოვა“ ქმნის ქართულს

750–ზე მეტი დასაქმებული, ბიუჯეტში გადახდილი მილიონობით ლარი, ბაზარზე თვითდამკვიდრების მე–16 წელი და ურთულეს გამოწვევებში დანახული შესაძლებლობები – ეს „ნოვაა“. ხუთი მეგობრის მიერ დაფუძნებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დღეს ზვიად აბულაძეა.

ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად აბულაძე, 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჩვენი ინტერვიუ სწორედ მის საიუბილეო თარიღს ემთხვევა.

ინტერვიუს ჩასაწერად „ნოვას“ სათავო ოფისში ვხვდებით. ოჯახზე, მეგობრებზე, საქმიან პარტნიორებსა და საქმეზე საუბარი დაუსრულებლად შეუძლია. მასთან საუბრის დროს ხვდები, რომ 50 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ განვლილი გზის შეფასებამ საინტერესო მიგნებები დაუტოვოს როგორც დამწყებ, ისე უკვე გამოცდილ ბიზნესს.

გადამდებია მისი რწმენაც იმისა, რომ თავდაუზოგავი შრომით, ნდობით, სწორი არჩევანით, გამჭვირვალე და სწორი გადაწყვეტილებებით შესაძლებელია 50 წლის მანძილზე შემხვედრი ყველა გამოწვევის დაძლევა და მეტიც, მათი წარმატებად გარდაქმნა. გადამდებია მისი მაგალითიც – შესაძლებელია, ნულიდან დაიწყო, თუნდაც ელიავას ბაზრობიდან და 50 წლის თავზე სრულიად სხვა სიმაღლიდან შეაფასო საქმეც და ცხოვრებაც.

სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება, უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელი, ექსპორტი, ექვსი მეგაცენტრი საქართველოს მასშტაბით და ონლაინმაღაზია – ეს ყველაფერი სინამდვილეში ერთი კომპანიის, „ნოვას“, ქოლგის ქვეშაა.

„ნოვა“ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. კომპანიის სახელწოდებას კი ძალიან საინტერესო ისტორია უკავშირდება. კომპანიის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, მისი სახელწოდება პარტნიორების დაბადების ადგილების პირველი ასოებით შეეკრათ.

ასე გამოვიდა ნოვა: – ჯემალ ანთაძის დაბადების ადგილი ნასაკირალი; – რამაზ და ემზარ ირემაძეების დაბადების ადგილი ორთაბათუმი; – ზვიად აბულაძის დაბადების ადგილი ვაშლოვანი და – ჯემალ ბოლქვაძის დაბადების ადგილი ახალშენი.

„ფორბს ჯორჯია“ „ნოვას“ ერთ–ერთ პარტნიორს და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ზვიად აბულაძეს „ნოვას“ სათავო ოფისში ესტუმრა.

ტერიტორია, სადაც ეს საინტერესო ინტერვიუ შედგა, საკმაოდ დიდია, თუმცა 2006 წელს, როცა კომპანია ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა, მხოლოდ 90 კვადრატული მეტრი იყო. სწორედ აქ დაფუძნდა სამშენებლო მასალების კომპანია, რომელიც პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას ახორციელებდა.

2011 წელი „ნოვას“ ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა. სწორედ ამ წელს კომპანიამ, იმპორტთან ერთად, საკუთარი ძირითადი სარეალიზაციო საქონლის წარმოება დაიწყო.

ჩვენს რესპონდენტს, რომელიც იუბილარი გახლავთ, ყოველთვის გამოარჩევდა კომპანიის განვითარების სტრატეგიული ხედვა. პარტნიორებმა ეს უნარი პასუხისმგებლობად აქციეს და მართვის სადავეები სრულად მას მიანდვეს.

ზვიად აბულაძე სოფელ ვაშლოვანში, სკოლის დირექტორისა და ექთნის ოჯახში დაიბადა. იგი ბავშვობიდანვე ბევრისგან გამოირჩეოდა მათემატიკური ნიჭით.

სკოლა მაღალი ქულებით დაასრულა. იმავე წელს კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, პროფესიით ერთი დღეც არ უმუშავია.

მალევე დაოჯახდა და როცა მიხვდა, რომ იმ დროისთვის არსებული სკოლის დირექტორისა და ექთნის ხელფასი ბევრს ვერაფერს გასწვდებოდა, მცირე ბიზნესი წამოიწყო. შრომა არასოდეს ეთაკილებოდა: მაღაზიაში გამყიდველადაც მუშაობდა და საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკურადაც შრომობდა. რისკის სწორად გაწევაც ახალგაზრდობიდან ისწავლა.

ადამიანის თავგადასავალი ოჯახიდან იწყება. ოჯახური სტაბილურობა ზვიად აბულაძისთვის წარმატებას ნიშნავს.

მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს, შვილებმა კი განათლება საზღვარგარეთ მიიღეს და თავიანთ სფეროებში წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას. ზვიად აბულაძის ყველა სიტყვაში იგრძნობა მადლიერება, – განსაკუთრებით კი მეუღლის მიმართ – რადგან მიაჩნია, რომ ოჯახში ჰარმონია ბიზნესში მისი წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ოჯახზე საუბრის შემდეგ, ზვიად აბულაძე ახსენებს მეგობრებს, რომლებიც ამავე დროს საქმიანი პარტნიორებიც არიან.

მეგობრების ბიზნესს ზვიად აბულაძე 2005 წლიდან შეუერთდა. მაშინ აგლაძის ქუჩაზე, სადაც „ფორბს ჯორჯიამ“ „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ინტერვიუ ჩაწერა, მხოლოდ 90 კვადრატული მეტრის ოფისი იყო განთავსებული. ზვიად აბულაძემ, მეგობრებთან ერთად, ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა დაინახა და კომპანია დღემდე წარმატებით განაგრძობს ზრდას.

სიტყვა მარკეტინგი, კომპანიის დაფუძნების მომენტისთვის, შეიძლება ითქვას, საერთოდაც არ არსებობდა. თუმცა ბიზნესის წარმოების ალღომ დღევანდელ ჩვენს იუბილარს არც მაშინ უღალატა და სამთვიანი აქტიური განხილვების შემდეგ, ახალგაზრდა საოჯახო კომპანია „ვესტაში“ „ნოვას“ ლოგოსთვის სახურავიც მოიხაზა.

კომპანიის ისტორიაში გარდამტეხ, 2011 წელს, „ნოვამ“ საკუთარი წარმოება სწორედ სახურავებით დაიწყო. მოგვიანებით სახურავების წარმოებას დაემატა თაბაშირ–მუყაოს პროფილების, შემდეგ კი პოლიეთილენის ავზების წარმოება. ეს პროცესები წარმოების ხაზებში ინვესტირებას, მეტი ფართის საჭიროებას, თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის მოგვარებას მოითხოვდა.

ხუთი მეგობრის მიერ შექმნილი ბიზნესი „ნოვას“ სახელწოდების ქვეშ დღეს რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, ესენია: წარმოება, B2B + საცალო გაყიდვები, ექსპორტი და იმპორტი.

90 კვადრატული მეტრიდან კომპანია თბილისსა და ბათუმში, 90 ათას კვადრატულ მეტრამდე გაფართოვდა, ხოლო პარტნიორების, საქართველოს საფინანსო სექტორის, სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, დღეს ეს ტერიტორიები „ნოვას“ საკუთრებაა. თავად კომპანია კი მხოლოდ და მხოლოდ იზრდება.

კომპანია 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა: პოლიეთილენის ავზები, სახურავის მასალები, წყალდამწრეტი სისტემები, ფასადის მოსაპირკეთებელი საიდინგები, თაბაშირ-მუყაოს და მეტალოპლასტმასის პროფილები, ნაგავშემკრები კონტეინერები, წყლის ბარიერები, სხვადასხვა აქსესუარი და ა.შ.

„ნოვა“ საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: NIPPON PAINT-ის ჯგუფი – BETEK, FAWORI და SAINT GOBAIN-ის ჯგუფი – IZOCAM-ი, RIGIPS-ი; ასევე INGCO; და BIEN-ი.

2020 წელი კომპანიის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი გარდამტეხი წელი იყო, რადგან კომპანიამ პანდემიაც შესაძლებლობად აქცია.

2020 წლიდან „ნოვამ“, საცალო მიმართულებით, თბილისსა და ბათუმში სამშენებლო მასალების ორი მეგაცენტრი გახსნა. დღეს „ნოვას“ მეგაცენტრები უკვე ექვს ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და მარნეულში „ნოვას“ მეგაცენტრებში 40 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტია გაერთიანებული.

კომპანიაში 750-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

თქვენს საიუბილეო თარიღს ემთხვევა ჩვენი ინტერვიუ. 50 წელი დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთია იმის­თვის, რომ დღეს მიღწეული წარმატებაც გავზომოთ და ისიც ვთქვათ, სად ხედავთ „ნოვას“ მომავალში?

თავიდან კომპანიაში, რომელიც ჩვენ შევქმენით, სულ ათი ადამიანი მუშაობდა, დამფუძნებლების ჩათვლით. დღეს კი 800– მდე თანამშრომელი გვყავს.

შარშან კომპანიამ დღგ–ის და სხვა გადასახადების სახით ბიუჯეტში 45 მილიონი ლარი შეიტანა. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი კომპანია მსხვილ გადამხდელთა ასეულშია. იმავე „ფორბსის“ რეიტინგების მიხედვით, ჩვენი წარმოება ქვეყნის მასშტაბით 20–ეულში შედის. სულ ვცდილობთ, ეს შედეგები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.

სულ რაღაც ორი წელია, რაც საცალო გაყიდვების მიმართულების განვითარება დავიწყეთ. ეს ჩვენთვის მასშტაბური სიახლეა. წელს უკვე ჩვენი მეგაცენტრები ქვეყნის შვიდ ქალაქში იქნება წარმოდგენილი.

ჩვენი მიზანია, უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით მსხვილ გადამხდელ 50 კომპანიას შორის ვიყოთ, ხოლო როგორც მწარმოებლებს, მსხვილ მწარმოებელთა 10–ეული გვიზიდავს.

B2B-მიმართულება პრიორიტეტად რჩება?

რა თქმა უნდა. გვჯერა, რითეილ-მიმართულების განვითარება გავლენას არ მოახდენს ჩვენს B2B-მომხმარებელთან ურთიერთობაზე.

ჩვენი სწორი საფასო პოლიტიკით თუ მომსახურების მაღალი სტანდარტით, ვეცდებით, მათთვის ყოველთვის საინტერესო დავრჩეთ.

გვესმის, რომ გვყავს კონკურენტები და გვჯერა, ამ ბალანსს სწორად შევინარჩუნებთ. ხელი ყოველთვის გვიდევს ბიზნესის პულსზე და კარგად ვაცნობიერებთ, რომ საკმაოდ რთულია, აწარმოო კონკურენტუნარიანი ბიზნესი.

ამ კონკურენციაში ინოვაციური მიდგომები თქვენი ძლიერი მხარეა?

სადაც არის ინტელექტი, იქ მოდის ინოვაციაც. 2010 წლიდან ნელ–ნელა მივხვდით, რომ ჩვენს ბიზნესს გარკვეული სისტემატიზება სჭირდებოდა და მხოლოდ ნდობაზე დაფუძნებული მიდგომები ვეღარ დარჩებოდა.

ISO – სტანდარტის სერტიფიკატები მივიღეთ – ძირითადი მიზანი კომპანიის სტრუქტურის დახვეწა იყო. გვინდოდა, სტრუქტურა ისე ყოფილიყო აწყობილი, რომ ნებისმიერი კარგად თუ ცუდად შესრულებული საქმე ერთი ადამიანის ან ადამიანთა ერთი ჯგუფის პასუხისმგებლობამდე დასულიყო.

EBRD-მა საქართველოში მხოლოდ ორ წარმოებას 300 ათასი ევროს ღირებულების გრანტი გამოუყო და მათ შორის ვიყავით ჩვენც. გრანტი გადმოგვეცა ევროპელი ექსპერტების ჩამოსაყვანად, რომ მათ ადგილზე გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება. მსოფლიო დონის პროფესიონალებს ვუმასპინძლეთ და ეს პროგრამა კიდევ მიმდინარეობს. ახლა HR-მიმართულების კუთხით ვმუშაობთ. წარმოების, ლოჯისტიკის, ფინანსებისა და საცალო გაყიდვების მიმართულებებით პროექტები უკვე განვახორციელეთ და შედეგებიც თვალნათლივ ჩანს.

BDO-სთან ერთად ახალი პროგრამა 1C დავნერგეთ. აქვე სიამაყით აღვნიშნავ, რომ კომპლექსური პროგრამის თითქმის ყველა მოდული კომპანიამ სამ თვეში სრულად აითვისა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სისტემურ გაუმჯობესებას. ვიცით, რომ შედეგები მყისიერი ვერ იქნება, მაგრამ კარგი ფუნდამენტია იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ინოვაცია დავნერგოთ და სტაბილურად განვვითარდეთ.

როცა ამბობთ სიტყვას – კონკურენცია – რას გულისხმობთ უფრო კონკრეტულად: ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას, თუ ეს ცნება თქვენთვის უფრო ფართო მნიშვნელობისაა?

ჩვენი ქვეყანა ლიბერალური ეკონომიკის ქვეყანაა. ეს, ერთი მხრივ, უდიდესი შესაძლებლობაა, თუმცა მეორე მხრივ – გამოწვევაც არის.

საქართველოს მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ქვეყნებთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ესენია: თურქეთი, ჩინეთი, პოსტსაბჭოთა ქვეყნები და ევროპა.

ამერიკასთან აქვს პარტნიორული ურთიერთობა და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შეერთებულ შტატებთანაც გაფორმდება. ეს ექსპორტის თვალსაზრისით დიდი შესაძლებლობაა.

მეორე მხრივ, სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით ქვეყანა ნედლეულის 95%–ის იმპორტს ახორციელებს. საქონელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, მეტწილად ნულოვანი ბაჟითაა, რაც ქვეყნის გარეთ თანაბარ კონკურენციაში გვამყოფებს. სწორედ ლიბერალური ეკონომიკის გამო კონკურენცია მაღალია ადგილობრივ ბაზარზე.

თუმცა ბიზნესი იმიტომ არის საინტერესო, რომ სულ ფორმაში უნდა იყო, ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდე იმისთვის, რომ კონკურენტული დარჩე. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა.

რა მიუთითებს ამაზე?

მაგალითად: 2021 წელს კომპანიის ბრუნვა დღგ–ის ჩათვლით 200 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა. ეს რიცხვი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალია და იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარზე ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი პოზიცია გვიჭირავს.

მიზანია, კიდევ უფრო მეტად გავიზარდოთ. ამის ხედვაც გვაქვს და კონკრეტული ინსტრუმენტებიც.

2020 წლამდე ჩვენი კომპანია საკმაოდ ცნობილი იყო B2B-ის მიმართულებით, მაგრამ რითეილ-ბიზნესის განვითარებამ დღის წესრიგში, ცნობადობის ზრდის კუთხით, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები გააჩინა. ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ კომპანიის რებრენდინგი, შევქმენით ბრენდბუქი და შევცვალეთ ლოგო.

გვესმის, რომ გარეთ 21–ე საუკუნეა. ცნობადობას მოჰყვება ნდობა.

მენეჯმენტის როგორი სტილი და დისციპლინა აქვს არჩეული „ნოვას“?

ეს კომპანია ხუთმა პარტნიორმა დავაფუძნეთ. მე–16 წელია, ასე მოვდივართ: არასდროს გვქონია კამათი ფულის განაწილებაზე, რადგან ჩვენი ფინანსები ძალიან გამჭვირვალეა. ეს ერთმანეთის მიმართ ნდობის, პატივისცემისა და დისციპლინის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

2017 წლის ჩათვლით კომპანიის გენერალური დირექტორი ვიყავი. თუმცა კომპანიის განვითარებასთან ერთად, საჭირო გახდა კომპანიის პარტნიორების მენეჯმენტიდან გასვლა და შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ხუთი პარტნიორით დაკომპლექტდა. ჩვენ ვინაწილებთ კურატორობას იმ მიმართულებებზე რაზეც მენეჯმენტში ყოფნის დროს ვიყავით პასუხისმგებლები. რამაზ ირემაძე წარმოებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებას კურატორობს. მისი უდიდესი დამსახურებაა კომპანიის წარმოების გამართულად მუშაობა. ჯემალ ბოლქვაძე და ჯემალ ანთაძე იმპორტის მიმართულებას ზედამხედველობენ. ბიზნესის დაწყების მომენტიდან ეს მათი სამუშაოს ძირითადი მიმართულება იყო. რაც შეეხება ემზარ ირემაძეს, ის ძირითადად ლოჯისტიკის საკითხებით არის დაკავებული. ჩემი კონტროლის ძირითადი სფერო ფინანსები და ადამიანური რესურსებია.

2018 წელს კომპანიაში განხორციელდა მასშტაბური სტრუქტურული ცვლილებები. კომპანიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა ედიშერ ხიმშიაშვილი, რომელიც კომპანიის ექვს დირექტორთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად სრულად მართავს კომპანიის საოპერაციო საქმიანობას.

როგორც ჩანს, მოვალეობები და პასუხისმგებლობები სრულად დელეგირებულია. „ნოვა“ პატარა კომპანია აღარ არის. გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებთ?

კომპანიაში არსებობს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სტრატეგია, რომელიც ამარტივებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. სტრატეგიის გადახედვა და დამტკიცება ხდება ყოველწლიურად.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მართლაც საკმაოდ დიდია, გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად ხდება, რადგან პასუხისმგებლობები სწორად არის დელეგირებული.

სისტემაზე დაფუძნებული მენეჯმენტი მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია კორპორაციული კულტურა და ამ კულტურის გათავისება ყველა თანამშრომლის მიერ.

კიდევ ერთი ჭეშმარიტებაა, რომ ბიზნესის 50% მენეჯმენტია, მენეჯმენტის 50% კი – დისციპლინა.

მუდმივად ვზრუნავთ, რომ თითოეული თანამშრომელი იყოს მოტივირებული, მათი შრომის პირობები – საუკეთესო და გადინება იყოს დაბალი.

კვალიფიციური კადრი დღეს გამოწვევაა?

კადრების დეფიციტი ნამდვილად გამოწვევაა, რომელსაც თვალს ვუსწორებთ. გვირჩევნია, ადამიანები დიდი ხნით შევინარჩუნოთ, გავზარდოთ და ჩვენს კომპანიაში პროფესიონალებად ჩამოვაყალიბოთ. გვინდა, თითოეული თანამშრომელი იყოს კმაყოფილი შრომის პირობებითა და შესაბამისი ანაზღაურებით. ჩვენთან მუშის ხელფასი საშუალოდ 1200 ლარია; შემდუღებელის კი – 4000 ლარამდე, კვალიფიკაციის შესაბამისად.

თანამშრომლებს მუდმივად ვეუბნებით, რომ მათი პროფესიული ზრდა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. თუ კომპანიაში მათი განვითარება ვერ მიაღწევს მაქსიმუმს, ჩვენ აუცილებლად შევუქმნით პირობებს იმისთვის, რომ ისინი მეტად პროფესიონალები გახდნენ.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თანამშრომელი გრძნობდეს, რამდენად ზრუნავს მასზე კომპანია. პანდემიისა და ომის პირობებში, გაზრდილი ინფლაციის გათვალისწინებით, ხელფასზე დანამატები გავეცით და ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ სახელფასო განაკვეთის ზრდა ინფლაციის შესაბამისი უნდა იყოს.

გარდა ამისა, კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. ამის მაგალითებია დაზღვევის პაკეტები, თანამშრომელთა კვების სისტემა, სპეცაღჭურვილობა და საკმაოდ დიდი ბიუჯეტი თანამშრომელთა მოტივაციისთვის თუ მათი ერთ გარემოში უკეთესად არსებობისთვის.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ როცა კომპანია იზრდება – ყველა თანამშრომელი თავის თავს ეკითხება: მე როგორ შემეხო ეს ზრდა? პირადად ჩემს შემთხვევაში, შემოსავალი როგორ გაიზარდა?

მეორე მხრივ, როცა კომპანია იზრდება, ყველა რგოლში სულ უფრო მეტი კადრია საჭირო. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, ადამიანები ჯერ კომპანიის შიგნით დავაწინაუროთ. ამ დაწინაურებას უფრო მაღალი ხელფასი და მეტი კეთილდღეობა მოჰყვება. იმასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ სხვა თანამშრომლები სამართლიანად გრძნობდნენ, რომ ვინც დაწინაურდა, მას ეს შანსი ნამდვილად ეკუთვნოდა.

ჩვენი კორპორაციული კულტურის მთავარი ამოსავალი ადამიანია: ის უნდა გრძნობდეს, რომ მასზე ზრუნავენ. წარმატებას მხოლოდ გუნდი ქმნის.

ბაზარზე არსებობის 15 წელი ცოტა ნამდვილად არ არის. ამ პერიოდში არაერთი მსხვილი გამოწვევა გამოიარეთ. მათ შორის: 2008 წლის რუსეთ–საქართვე­ლოს ომი, 2008–2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი, 2015 წლის კრიზისი, 2020 წელს პანდემია და ახლა უკვე რუსეთ–უკრაინის ომი და ჯერ კიდევ ბოლომდე არდასრულებული პანდემია. როგორ უმკლავდებით?

არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც არ მოაქვს შესაძლებლობების ფანჯარა. ბიზნესში ასეა: ძალიან ხშირად ეჯახები კედელს და ან კარი უნდა იპოვო, ან ეს კედელი გაანგრიო, რომ ფონს გახვიდე. შესაძლოა, ამას დრო დასჭირდეს. განსაკუთრებით მტკივნეულია იმის აღქმა, რომ გამუხრუჭებს არა შენი შესაძლებლობები, არამედ გარემო ფაქტორები. ასეთ დროს შესაძლებლობის ფანჯრის დანახვა უნდა შეძლო.

2020 წელს, როცა ლოკდაუნი მოიხსნა, ჩვენ 120 თანამშრომელი დავიმატეთ. ძალიან დიდი შრომა გვქონდა ჩადებული რითეილ-ბიზნესის გაფართოებაში და ინფრასტრუქტურის გამართვაში, დამატებითი კადრების გადამზადებაში – ამიტომ აღარ გავჩერდით და განვითარება არ გადავავადეთ.

2021 წელი ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ფინანსური მაჩვენებლები თითქმის გაორმაგდა.

ამას დაემატა ისიც, რომ ადამიანებს პანდემიის დროს სხვა პრიორიტეტები გაუჩნდათ: აგარაკი, ბინის გაფართოება ან რემონტი. ესეც შესაძლებლობად აღვიქვით.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 300 სამუშაო ადგილი შევქმენით, გავზარდეთ ბრუნვა, შესაბამისად გაიზარდა საბიუჯეტო გადასახადების მოცულობა, დავამატეთ საწარმოო ხაზები, გავხსენით მეგაცენტრები. რისკებიც სწორად გავთვალეთ და შესაძლებლობებიც სწორად ამოვიცანით.

რა თქმა უნდა, გამოწვევებიც იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ნედლეულის და მზა მასალების იმპორტის ვადები 3-4 თვეს შეადგენს, დაახლოებით 30 მილიონი ლარის ღირებულების საქონელი სულ გზაშია. ეს ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს. ყოფილა დღე, როცა 500 ტონა პროდუქცია მიგვიღია და იმავე დღეს მომხდარა რეალიზაცია. წლიურად „ნოვას“ ტვირთბრუნვა 150 ათას ტონაზე მეტს აღწევს. ცხადია, ლოჯისტიკის პრობლემები ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის და დღესაც რჩება. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ასევე ფასების მკვეთრი ცვლილება.

„არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც არ მოაქვს შესაძლებლობების ფანჯარა. ბიზნესში ასეა: ძალიან ხშირად ეჯახები კედელს და ან კარი უნდა იპოვო, ან ეს კედელი გაანგრიო, რომ ფონს გახვიდე“.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიაზე მეტად რუსეთ– უკრაინის ომმა დაგაზარალათ?

პანდემიის ყველაზე გრძელვადიანი გამოძახილი მაღალი ინფლაციაა. ის უარყოფითად მოქმედებს მომხმარებელზე – მსყიდველუნარიანობა იკლებს და ეს, ცხადია, ბიზნესისთვის ყოველთვის გამოწვევაა. თუმცა ჩვენთვის პანდემიის პერიოდი უფრო შესაძლებლობა აღმოჩნდა, ვიდრე გამოწვევა.

რაც შეეხება ომს შუაგულ ევროპაში, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი იყო „მეტინვესტი“ და „აზოვსტალის“ ქარხანა. რაც იქ მოხდა, სრული კატასტროფაა. ადამიანების სიცოცხლე ეწირება ამ ომს, პირველ რიგში – ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია.

რაც შეეხება „მეტინვესტთან“ ჩვენს თანამშრომლობას, წარმოიდგინეთ, კომპანიას 10 ათას ტონაზე მეტი ტვირთი უნდა მიეღო – ამისთვის სრულად გავმართეთ ინფრასტრუქტურა ადლიაში, აშენდა 2000 კვადრატული მეტრის ინდუსტრიული საწყობი, დამონტაჟდა 32–ტონიანი ამწე. ეს იყო უდიდესი შესაძლებლობა – წარმოება და ნედლეული ერთმანეთის გვერდით.

ევროკავშირმა მოგვცა შესაძლებლობა, ევროპის ქვეყნებში ჩვენ მიერ გადამუშავებული ნედლეულის რეალიზაციისა. უკრაინული ან თურქული ნედლეულით საქართველოში წარმოებული პროდუქცია ითვლება ქართულ წარმოებად. ევროკავშირის ბაზარზე ორივე ამ ქვეყანას აქვს კვოტები. იანვარ–თებერვალში მათი კვოტები იწურება. ეს ჩვენთვის უდიდესი შესაძლებლობაა, ვაწარმოოთ საქართველოში და გავყიდოთ ევროპაში. ამ შესაძლებლობის სრულად ათვისების პერსპექტივა ომმა 2–3 წლით წაგვართვა.

რუსეთის ბაზარი თქვენთვის ფაქტორია?

ყველაზე დიდი პლუსი, რაც ჩვენს კომპანიას აქვს ისაა, რომ რუსეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი გათვლები არასდროს გაგვიკეთებია. ის ჩვენთვის იმდენად მიმზიდველი არასდროს ყოფილა, რომ სისტემურად მასზე ვყოფილიყავით დამოკიდებული.

ომის გარეშეც, ჩვენ რუსეთის ბაზარს სტაბილურ ბაზრად არ მივიჩნევდით, რადგან ბიზნესის მიმართ პოსტსაბჭოთა მიდგომა აქვთ. ბიზნესს როცა აკეთებ, იცი, რომ ბიზნესს საზღვრები არა აქვს. ეს ჩვენც ვიცით. მაგრამ ამ დრომდე რუსეთთან სტაბილური ბიზნესის წარმოების სურვილი არ გაგვჩენია.

მესმის, რომ გაურკვევლობა ძალიან მაღალია, მაგრამ თუ გაქვთ უკვე გამოკვეთილი სამომავლო გეგმები? სიამოვნებით მოვისმენდი, რას გეგმავთ.

პანდემიის დროს გაჩნდა შესაძლებლობების ფანჯრები და მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან მზაობა და მხარდაჭერა დაგვეხმარა ამ შესაძლებლობების ათვისებაში.

2021 წლიდან, როცა სახელმწიფო პროგრამამ – „აწარმოე საქართველოში“ – სესხების რაოდენობა გააორმაგა, წარმოებაში დამატებით დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტირება შევძელით, რითაც სრულად შევავსეთ მთავარი მიმართულების, სასახურავე მასალების წარმოების ხაზები, შევიძინეთ და გავმართეთ ქართული ბაზრისთვის ახალი პროდუქტის, ფასადის მოსაპირკეთებელი საიდინგის წარმოების ხაზი. ასევე დავიწყეთ ნაგავშემკრები კონტეინერების წარმოება. მოგვიანებით კიდევ 20 მილიონი ლარის დამატება გადავწყვიტეთ, რაც სრულად 2022 წელს იქნება ათვისებული.

„აწარმოე საქართველოში“ დიდი შესაძლებლობაა როგორც ბიზნესისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, რადგან იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, ბიუჯეტში შეტანილი შემოსავლები, ექსპორტი და ბიზნესს ჰყავს სტაბილური პარტნიორი სახელმწიფოს სახით.

2021 წელს ჩვენ დავგეგმეთ, რომ 2022 წელს უნდა გაგვეხსნა ოთხი ახალი მეგაცენტრი – სამი უკვე გავხსენით და მეოთხე აგვისტოში, ხაშურში გაიხსნება.

„მეტინვესტთან“ თანამშრომლობის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2022 წლის ბოლოს ჩვენ მაინც გავუშვებთ ლითონის კვადრატული და მრგვალი მილების წარმოებას. საუბარია სამ დანადგარზე, რომლებიც ლითონის გრძივი და განივი ჭრის შესაძლებლობას იძლევა და მთავარი ხაზი, რომელიც უზრუნველყოფს ლითონის მრგვალი და კვადრატული მილების წარმოებას. ეს დანადგარები შესაძლებლობას მოგვცემს, ჩავანაცვლოთ დაახლოებით 15 ათასი ტონა ლითონის (რკინის) მზა პროდუქციის იმპორტი.

სრული ასორტიმენტის შესაქმნელად სამომავლოდ ალბათ დაახლოებით 2.5 მილიონი ევროს ინვესტირება დაგვჭირდება იმისთვის, რომ ლითონის კვადრატული და მრგვალი მილების სრული კომპლექტაცია შევკრათ, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზეც გავყიდით და ექსპორტზეც გავიტანთ.

ბათუმში ადლიის ლოკაცია 5 ჰექტრამდე გავზარდეთ, ინფრასტრუქტურაც მალე სრულად მზად იქნება იმისთვის, რომ ეს წარმოება ბოლომდე გაიმართოს და საჭირო ნედლეული შემოვიდეს.

თბილისშიც წელს ორი წარმოება გაეშვება. მათ შორის ერთი – საიზოლაციო მასალების (XPS) წარმოებაა. ამ მასალის წარმოება არათუ საქართველოში, არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში არ არის. საკმაოდ დიდი წარმადობის წარმოება შევიძინეთ, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის CE სტანდარტს – ინვესტიცია 1.3 მილიონი აშშ დოლარია.

ასევე, 1.3 მილიონამდე ევროს ინვესტირება განვახორციელეთ წებო–ცემენტის წარმოების მიმართულებით: მშრალი ცემენტის ფუძეზე დაფუძნებული მასალების წარმოებას ვიწყებთ საქართველოში. NIPPON PAINT–ის ბრენდის „BETEK”-ის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ – ამ ჯგუფის ბრენდები ცნობილია როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში. 2022 წლის ბოლოდან „BETEK”-ის ფრანჩაიზით წარმოება საქართველოში გაიმართება. დაგეგმილი სავარაუდო წარმადობა წელიწადში 50 ათას ტონას შეადგენს.

2022 წელი ინვესტირების თვალსაზრისით ერთ–ერთი გამორჩეული წელია – საწარმოო ხაზების თუ ინფრასტრუქტურის, ასევე რითეილის მიმართულებით მიმდინარე წლის ბოლოსთვის 30 მილიონ ლარზე მეტი გვექნება ინვესტირებული.

ეს კი ნიშნავს 900–მდე გაზრდილ სამუშაო ადგილს, მეტ ექსპორტს, მეტ წარმოებას საქართველოში.

2023–2024 წლები დიდი ალბათობით უკვე მიღწეულის გააზრებისა და განვითარების წლები იქნება. მენეჯმენტს მივცემთ დროს, ზრდის ამ ტემპს ფეხი უფრო ეფექტიანად აუწყოს.

გვინდა, ჩვენი კომპანიის ისტორიაში კიდევ ერთი გარდამტეხი წელი – 2026 წელი იყოს – ამ წელს 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ვფიქრობთ, რომ 2026 წლის ბოლოსთვის, დღევანდელთან შედარებით, როგორც დასაქმებულების რაოდენობით, ისე ბიუჯეტში გადასახადით, ისე ექსპორტით, ისე ბრუნვით – მინიმუმ 50%–ით ვიქნებით გაზრდილები. რიცხვებში რომ გითხრათ: ბრუნვის ნაწილში სადღაც 300 მილიონს გადავაჭარბებთ, ხოლო დასაქმებულების ნაწილში დაახლოებით 1200–ზე მეტნი ვიქნებით.

წარმატება მინდა გისურვოთ. დაუტოვეთ მთავარი გზავნილი ჩვენს მკითხველს ფიქრისათვის და დაგემშვიდობებით.

ბიზნესი მხოლოდ თეორიებით არ ისწავლება: პრაქტიკა, პუნქტუალობა, მონდომება, მაღალი პასუხისმგებლობა როგორც პარტნიორების, ისე მომწოდებლებისა და მომხმარებლების წინაშე – ამის გარეშე ნდობა არ არსებობს.

არ დაგეზაროთ შრომა: განსაკუთრებით ახალგაზრდების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად აკეთეთ ის, რაც გიყვართ, აკეთეთ გულით, პატიოსნად, სიყვარულით – ოღონდ აკეთეთ: შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი, გაკეთილშობილებს, პროფესიონალს გხდის და აისახება კეთილდღეობაზე. ამის თუ არ გჯერა, ბევრი არაფერი გამოვა.

იყავით ზომიერად ამბიციურები: არასდროს გადაწყვიტოთ სვლა საფეხურის გამოტოვებით. როცა ერთ საფეხურს ააბიჯებ, ჰორიზონტზე შემდეგ საფეხურს ხედავ. ცხოვრებას აქვს ძალიან პრინციპული აქსიომები, რომლებსაც არ უნდა გადაუხვიო. წინ ისე უნდა იარო, რომ ჰორიზონტი სულ ჩანდეს.

Comments are closed.