ისტორიაში პირველად, აშშ-ის სახელმწიფო ვალმა $31.1 ტრილიონს გადააჭარბა

ისტორიაში პირველად, აშშ-ის სახელმწიფო ვალმა $31.1 ტრილიონს გადააჭარბა

მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალმა $31.1-ტრილიონიან ნიშნულს ისტორიაში პირველად გადააჭარბა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მიერ გავრცელებული მონაცემებიდან ვიგებთ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში ისტორიულად მაღალი ინფლაციისა და მზარდი რეფინანსირების განაკვეთის პირობებში დაფიქსირდა, როცა თანხის სესხება სახელმწიფოსთვის მეტად გაძვირებულია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ახლა, ყოველთვიური ფედერალური დეფიციტის მაჩვენებელი ნაკლებია პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით, მეტიც – მიმდინარე წლის იანვარსა და აპრილში, პროფიციტი დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალის ზედა ჭერი $31.4-ტრილიონი მაჩვენებლითაა განსაზღვრული – ამგვარად, სახელმწიფო დეფოლტის თავიდან ასარიდებლად, კონგრესს შესაბამისი კანონმდებლობის გატარება მოუწევს, თანაც, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მომავალი წლის დასაწყისამდე. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატის ან სენატის უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია დაეპატრონება, გამორიცხული არ არის, ეს საკითხი ჩიხში შევიდეს. ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, კანონმდებლებმა ფედერალური ლიმიტის $2.5 ტრილიონით გაზრდას მხარი უკვე დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვალმა რეკორდულ მაჩვენებელს პანდემიისას მიაღწია, როცა ეკონომიკის სტიმულირებისთვის ქვეყნის ხელისუფლებას დამატებითი რესურსების მოზიდვა დასჭირდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2019 წლის ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი $22.7 ტრილიონი იყო, ხოლო ბარაკ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, ანუ 2009 წელს – $10.6 ტრილიონი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *