Polestar-ის თქმით, დილერებს 2022 წლის ბოლომდე 50,000 ავტომობილს მიაწვდის

Polestar-ის თქმით, დილერებს 2022 წლის ბოლომდე 50,000 ავტომობილს მიაწვდის

შვედური Polestar-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში კოვიდთან დაკავშირებული შეფერხებების აღმოფხვრისა და ქარხნის მიერ წარმოების გაგრძელების მეშვეობით, კომპანია ავტოდილერებს წლის ბოლომდე 50,000 ერთეულ ელექტრომობილს მიაწვდის.

Polestar-ის ინფორმაციით, მან მესამე კვარტალში 9,215 ავტომობილის წარმოება შეძლო. ჯამურად კი კომპანიამ წელს უკვე 30,400 ელექტრომობილი აწარმოვა. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია Polestar-ის მიერ გასული წლის იმავე პერიოდის განმავლობაში ნაჩვენებ შედეგებზე. შესაბამისად, საწარმოო მიზნის მისაღწევად მეოთხე კვარტალი კომპანიისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

საინტერესოა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Polestar-ის აქციათა ფასი 3%-ით გაიზარდა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ტომას ინგენლათი ღრმად დარწმუნებულია, რომ Polestar-ი საკუთარ საწარმოო მიზანს შეუფერხებლად შეასრულებს. ცნობისათვის, Polestar-ების წარმოება 2022 წლის პირველ ნახევარში სამთავრობო რეგულაციების გამო შეჩერდა. Polestar 2 მოდელი ჩინეთში, ჩინური ავტომწარმოებლის Geely-ს ქარხანაში იწარმოება, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო დროებით დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ Polestar-ი შვედური Volvo-სა და ჩინური Geely-ს ერთობლივ ნაწარმს წარმოადგენს. კომპანიის შემდეგი მოდელი, Polestar 3 SUV როგორც ჩინურ, ისე ამერიკულ საწარმოში აიწყობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *