გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ DART-ის მისიის განხორციელების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც NASA-მ ხომალდი ასტეროიდს შეაჯახა, ობიექტის მოძრაობის ტრაექტორია შეიცვალა. პიტსბურგის ღვიძლის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა კი აღმოაჩინეს, რომ ახალ მედიკამენტს შეუძლია, ღვიძლს რეგენერაციაში დაეხმაროს. ასევე, შექმნეს კონტაქტური ლინზები, რომლის დახმარებით გლაუკომის პრევენციაა შესაძლებელი. Moderna და Merck-ი კი კანის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად განვითარებასა და კომერციალიზაციაზე შეთანხმდნენ.

ბლოგში მეცნიერების სფეროს ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალებზე მოგითხრობთ.

ახალ პრეპარატს შეუძლია ღვიძლს რეგენერაციაში დაეხმაროს

ღვიძლი რეგენერაციის უნარით ცნობილი ორგანოა. მას შეუძლია, მთლიანად თვითაღდგენა ორგანოს ორი მესამედის ქირურგიული გზით მოცილების შემდეგაც კი. თუმცა მედიკამენტების, ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით გამოყენების ან ჭარბწონიანობით გამოწვეული დაზიანების დროს ხშირად ღვიძლის უკმარისობა ვითარდება.

ამჟამად, აღნიშნული ორგანოს დაავადების ბოლო სტადიის მკურნალობის ერთადერთი ეფექტიანი მეთოდი ტრანსპლანტაციაა. თუმცა, პრობლემას წარმოადგენს გადანერგვისთვის ხელმისაწვდომი ორგანოების ნაკლებობა. მაგალითად, აშშ-ში პაციენტებს, შესაძლოა, 30 დღიდან ხუთ წელზე მეტი ხნით მოცდა მოუწიოთ, რათა ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო დონორს მიაგნონ.

პიტსბურგის ღვიძლის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული ცილის გააქტიურებამ ახალი მედიკამენტის მეშვეობით შეიძლება ხელი შეუწყოს ორგანოს რეგენერაციის პროცესს და მძიმე დაზიანების ან ნაწილობრივი ქირურგიული მოცილების შემდეგ მას თვითაღდგენაში დაეხმაროს.

ფოტო: scitechdaily.com

სპეციალისტებმა ახალი, ანტისხეულებზე დაფუძნებული მედიკამენტი, სახელწოდებით FL6.13 იმ მღრღნელებზე გამოცადეს, რომელთა ღვიძლი პრეპარატ Tylenol-ის ჭარბი დოზით გამოყენების შედეგად, მიზანმიმართულად იყო დაზიანებული. მათ სატესტო მედიკამენტის ერთი დოზით გამოყენების შემთხვევაშიც კი შენიშნეს, რომ თაგვებში ღვიძლის უჯრედების აღდგენა და ქსოვილების რეგენერაციის პროცესი დაიწყო.

შემდეგი ნაბიჯი ტესტირების გაგრძელება და მომავალში კლინიკური ცდების ჩატარება იქნება. თუ მედიკამენტი ყველა საფეხურს წარმატებით გაივლის, ის კაცობრიობას ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან არიდებაში და საუკეთესო შემთხვევაში, ორგანოს გადანერგვის აუცილებლობის აღმოფხვრაში დაეხმარება.

NASA ადასტურებს, რომ DART-ის მისიამ ასტეროიდის მოძრაობის ტრაექტორია შეცვალა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ დედამიწისთვის პოტენციური საფრთხის თავიდან არიდების მიზნით პლანეტური თავდაცვის სისტემა წარმატებით გამოიცადა. მისი ცნობით, DART-ის მისიის განხორციელების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც NASA-მ კოსმოსური ხომალდი ასტეროიდს შეაჯახა, „დიმორფოსის“ მოძრაობის ტრაექტორია შეიცვალა. ამის შესახებ სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

NASA-ს ინფორმაციით, მისიის განხორციელებამდე „დიმორფოსს“, რომელიც მის მიმდებარედ მოძრავი უფრო დიდი ზომის ასტეროიდის, „დიდიმოსის“ მთვარედ მიიჩნევა, ამ უკანასკნელის გარშემო ერთი სრული ბრუნის გაკეთებისთვის 11 საათი და 55 წუთი სჭირდებოდა. სპეციალისტების გამოთვლით, ხომალდის შეჯახების შემდეგ ეს დრო 32 წუთით, 11 საათსა და 23 წუთამდე შემცირდა. უნდა ითქვას, რომ DART-ის შედეგმა სააგენტოს მიერ პროგნოზირებულ მინიმალურ ნიშნულს დაახლოებით 25-ჯერ გადააჭარბა.

მეცნიერები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში განლაგებული ტელესკოპების დახმარებით გამოთვლებს აგრძელებენ, რათა უფრო დაზუსტებული მონაცემები მიიღონ.

ფოტო: NASA/Johns Hopkins University Applied Physics Laboratory

შეგახსენებთ, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ 2021 წლის ნოემბერში დედამიწიდან გაშვებული ზონდი „დიმორფოსს“, რომელიც ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 11 მილიონი კილომეტრის მოშორებით მოძრაობს, 27 სექტემბერს შეეჯახა. NASA-ს ინფორმაციით, შეჯახების დროს 570 კილოგრამი წონის მქონე კოსმოსური ხომალდის სიჩქარე 22,530 კმ/სთ-ის შეადგენდა. ცნობისთვის, „დიმორფოსის“ დიამეტრი დაახლოებით 160 მეტრს უტოლდება.

Reuters-ის ინფორმაციით, DART-ის პროგრამის მთლიანი ღირებულება 330 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პლანეტური თავდაცვის სისტემის გამოსაცდელი პირველი მისია დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში მუშავდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ „დიმორფოსი“ დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, სპეციალისტების თქმით, ის პლანეტური თავდაცვის სისტემის გამოსაცდელად საუკეთესო კანდიდატი იყო. ამ ტესტირების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საჭიროების შემთხვევაში კაცობრიობა ასტეროიდებისგან მომავალ საფრთხეს თავიდან წარმატებით აირიდებს.

Moderna და Merck-ი კანის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად განვითარებასა და კომერციალიზაციაზე შეთანხმდნენ

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna, რომელმაც პოპულარობა COVID-19-ის ვაქცინის შემუშავების შემდეგ მოიპოვა, ფარმაციის სფეროს გიგანტთან, Merck-თან გაერთიანდა, რათა მასთან თანამშრომლობით კანის კიბოს საწინააღმდეგო პერსონალიზებული ვაქცინა განავითაროს და მისი კომერციალიზაცია უზრუნველყოს. ამის შესახებ ინფორმაცია CNBC-მ გაავრცელა.

ორ კომპანიას mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინის შემუშავებისა და გაყიდვის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ 2016 წელს აქვს გაფორმებული. ერთობლივი მუშაობის შედეგად მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს კიბოს პერსონალიზებული ვაქცინის (PCV) mRNA-4157/V940-ის სატესტო გამოყენებაში. კომპანიებმა დასახელებული ვაქცინა მკურნალობის საკვლევ ვარიანტად Merck-ის მონოკლონური ანტისხეულების თერაპია KEYTRUDA-სთან კომბინაციაში გამოცადეს. ეს უკანასკნელი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს, FDA-ს მიერ სხვადასხვა ტიპის კიბოს საწინააღმდეგოდ გამოსაყენებლად უკვე დამტკიცებულია.

ახლა კი, Merck-ი დათანხმდა გადაუხადოს 250 მილიონი აშშ დოლარი Moderna-ს, რაც გზას გაუხსნის ვაქცინის შემდგომ განვითარებას და მის კომერციალიზაციას, – ნათქვამია Merck-ის პრესრელიზში.

ფოტო: ddw-online.com

კიბოს პერსონალიზებული ვაქცინები შექმნილია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, რათა პაციენტში სიმსივნის მუტაციის შემთხვევაში შესაბამისი იმუნური პასუხის გამოწვევა იყოს შესაძლებელი. mRNA-4157/V940-მა უნდა უზრუნველყოს იმუნური პასუხის სტიმულირება T-უჯრედების პასუხების გენერირებით, პაციენტის სიმსივნის მუტაციური სახესხვაობის საფუძველზე.

რაც შეეხება KEYTRUDA-ს, ის ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სისტემის უნარის გაზრდას სიმსივნის უჯრედების გამოვლენასა და მათთან ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ პრეპარატმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Merck-ის მთლიანი გაყიდვების 35% შეადგინა.

აქვე, ცნობისთვის გეტყვით, რომ Moderna მიმდინარე წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაყიდვიდან 21 მილიარდი აშშ დოლარის მიღებას პროგნოზირებს.

ახალი კონტაქტური ლინზები გლაუკომის პრევენციას უზრუნველყოფს

გლაუკომის კვლევის ფონდის თანახმად, ეს დაავადება მსოფლიოში 80 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. აღსანიშნავია, რომ მას მხედველობის გაუარესება ყოველგვარი პრევენციული, ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე შეუძლია გამოიწვიოს.

პერდიუს უნივერსიტეტთან არსებულ უელდონის ბიოსამედიცინო ინჟინერიის სკოლის მეცნიერების მიერ შემუშავებული ჭკვიანი კონტაქტური ლინზების ახალი კომპლექტი, შესაძლოა, გლაუკომის პრევენციაში მისი განვითარების ადრეულ ეტაპზევე დაგვეხმაროს, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ამ თვის დასაწყისში ზემოხსენებულმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა.

ამ ყოველივეს ახალი ლინზები თვალშიდა წნევის (IOP) ზუსტად გაზომვით აღწევს, რისი გაკეთებაც, ჩვეულებრივ, რთულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ძილის პერიოდში.

ფოტო: Purdue University/Rebecca McElhoe

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, IOP-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება ხშირად სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანები წვანან. არ არის გამორიცხული, რომ პაციენტმა მხედველობა ძილის დროს დაკარგოს, იმ შემთხვევაშიც თუ დღისით გაზომვები ნორმალურ წნევაზე მიუთითებდნენ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სპეციალისტებმა ახალი ჭკვიანი კონტაქტური ლინზები შეიმუშავეს, რომლებიც უწყვეტ, 24-საათიან IOP მონიტორინგის უზრუნველყოფენ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი ტექნოლოგიის მორგებას მომავალში თვალის სხვა ქრონიკული დაავადებების გამოსავლენად და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად შეძლებენ.

„გეიტსების ფონდი“ პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელად $1.2 მილიარდს გამოყოფს

„ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა“ ველური პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელად $1.2 მილიარდის გამოყოფა დააანონსა. პოლიომიელიტის ველური სახეობა ამჟამად მხოლოდ ორ ქვეყანაში, ავღანეთსა და პაკისტანშია დარჩენილი, სადაც ვირუსი ენდემურია. ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა ვირუსის ახალი შტამების გაჩენისა და გავრცელების პრევენციას მოხმარდება.

„გეიტსების ფონდის“ მიერ გაღებული თანხა „პოლიომიელიტის აღმოფხვრის გლობალურ ინიციატივას“ (GPEI) გადაეცემა. პარტნიორობა, რომელიც პოლიომიელიტის გავრცელების პრევენციაზეა ფოკუსირებული, „გეიტსების ფონდთან“ ერთად მოიცავს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა“ და „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს“. თავად „გეიტსების ფონდის“ ინფორმაციით, ორგანიზაცია 2022-2026 წლების პროგრამისთვის ჯამში $4.8 მილიარდის შეგროვებას, 18 ოქტომბერს გასამართ სამიტზე კი დამატებითი დაფინანსების მოზიდვასაც გეგმავს.

მილიარდერისა და ფონდის დამაარსებელი ბილ გეიტსის განცხადებით, მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, რომელიც პოლიომიელიტის წინააღმდეგ ბრძოლაში იქნა მიღწეული, დაავადება მაინც „სერიოზულ საფრთხეს“ წარმოადგენს მსოფლიოსთვის. მელინდა გეიტსმა კი დასძინა, რომ პოლიოვაქცინაციის კამპანიებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და დაავადების გავრცელების შეჩერებაში.

„გეიტსების ფონდის“ ინფორმაციით, GPEI იმედოვნებს, რომ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 2022-2026 წლის პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად 370 მილიონ ბავშვს ჩაუტარდება. წარსულში „გეიტსების ფონდმა“ GPEI-ის ინიციატივას დაახლოებით $5 მილიარდი შესწირა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიომიელიტის შემთხვევა ბოლო ათწლეულში პირველად დაფიქსირდა.

NASA-ს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაბრუნდნენ

NASA-ს ასტრონავტები – ბობ ჰაინსი, კიელ ლინდგრენი და ჯესიკა უოტკინსი, ასევე ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) მომუშავე სამანტა კრისტოფორეტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდნენ. როგორც აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, Crew-4-ის ეკიპაჟის წევრებმა ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ მოდულზე 170 დღე გაატარეს.

მისია Crew-4-ი ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით განხორციელდა. მასში მონაწილეობა „თავისუფლების“ სახელწოდებით ცნობილმა კაფსულამ მიიღო.

მისიის განმავლობაში, Crew-4-ის ასტრონავტებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს სამეცნიერო და ტექნიკურ აქტივობებსა და ტექნოლოგიების დემონსტრირებაში. ამასთან ერთად სამანტა კრისტოფორეტი რუსეთის სააგენტო „როსკოსის“ კოსმონავტთან ერთად ღია კოსმოსში ორჯერ გავიდა.

ფოტო: NASA

Crew-4-ის ეკიპაჟმა გააგრძელა წინა მისიების დროს დაწყებული მუშაობა სხვადასხვა კვლევაზე: მათ შორის შეეცადა გარკვევას, თუ როგორ მოქმედებს კოსმოსური დიეტის გაუმჯობესება იმუნურ ფუნქციასა და ნაწლავის მიკრობიომზე, ასევე საწვავის ტემპერატურის გავლენის განსაზღვრას მასალის აალებადობაზე, ასტრონავტების სმენაზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შესწავლას აღჭურვილობის ხმაურისა და მიკროგრავიტაციის გავლენით.

შეგახსენებთ, SpaceX-მა მისია Crew-4-ის ფარგლებში ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიმდინარე წლის 27 აპრილს, ფლორიდის შტატში მდებარე NASA-ს კუთვნილი კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან რაკეტა Falcon 9-ის დახმარებით გაუშვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *