საავტომობილო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ Forbes Georgia ყოველკვირეული მიმოხილვის გამოქვეყნებას განაგრძობს. გასული კვირის ახალი ამბებიდან გამოცემის ფოკუსში ამჯერად Tesla-ს, ჩინური BYD-ის, Polestar-ის, BMW-ს, Vinfast-ისა და Nissan-ის შესახებ სიახლეები მოექცა. ავტომწარმოებლების შესახებ მნიშვნელოვან განახლებებს დეტალურად ქვემოთ გაეცნობით.
Handelsblatt – Tesla გერმანიაში ელექტრომობილების ელემენტების წარმოებას 2024 წლამდე არ დაიწყებს
გასულ კვირას გერმანული ბიზნესჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Tesla გერმანიაში, ბერლინის გიგაქარხანაში ელექტრომობილების ელემენტების წარმოებას 2024 წლამდე არ დაიწყებს.
ამჟამად გერმანიაში არსებული საწარმო ელექტრომობილების ელემენტების წარმოების ეტაპებიდან მხოლოდ ელექტროდებს ფარავს. დიზაინი, აწყობა, ფორმაცია და სხვა სახის საწარმოო ნაბიჯებს კი ელემენტები ტეხასში, Tesla-ს სათავო ოფისის ქარხანაში გადის.
საინტერესოა, რომ სრული დატვირთვის პირობებში ბერლინის გიგაქარხანას წლიურად 500,000 ერთეული ელექტრომობილის წარმოება შეეძლება. ცნობისთვის, ევროპულ ბაზარზე Tesla-ს მთავარმა კონკურენტმა Volkswagen-მა გლობალურად 2021 წელს 450,000 ერთეული ავტომობილი გაყიდა.
გარდა ამისა, საწარმო 50 გიგავატსაათის სიმძლავრის ელემენტებს აწარმოებს. თუმცა უცნობია, როდის შეძლებს ბერლინის გიგაქარხანაში ამის გაკეთებას.
ჩინური BYD-ის ელექტრო-SUV-მ უსაფრთხოების ევროპული სტანდარტის რეიტინგში 5 ვარსკვლავი დაიმსახურა
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინური ავტომწარმოებლის ელექტრო-SUV მოდელმა, ATTO 3, უსაფრთხოების ევროსტანდარტის, NCAP-ის რეიტინგში ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა. საკმაოდ კონკურენტულ ევროპულ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად კი ეს სიახლე წინ გადადგმული ნაბიჯია.
საინტერესოა, რომ ტესტირებაში მონაწილეობას BYD-ის ელექტრომობილის გარდა სხვა ჩინური მწარმოებლებიც იღებდნენ. Stellantis-ისა და Dongfeng-ის თანამშრომლობით შექმნილმა eCitroenC5 X-მა და Renault-სა და Jiangling Motors-ის თანამშრომლობით შექმნილმა ელექტროსედანმა Mobilize Limao-მ ევროსტანდარტის რეიტინგში 4 ვარსკვლავი დაიმსახურეს.
მიუხედავად იმისა, რომ NCAP-ის რეიტინგი ავტომობილს საგზაო უსაფრთხოების ავტორიზაციას არ ანიჭებს, ევროპელი მომხმარებელი ავტომობილის შერჩევისას მის სტანდარტებსა და ავტომობილის მასთან შესაბამისობას დიდ ყურადღებას ანიჭებს.
საინტერესოა, რომ გასულ თვეს 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი კიდევ ერთი ჩინური ავტომწარმოებლის, Great Wall Motor-ის ორმა მოდელმა მიიღო. ასეთივე რეიტინგი გასულ კვირას გერმანული ავტომწარმოებლის, Mercedes-Benz-ის ელექტროსედანმა EQE-მაც მიიღო.
Polestar-ის თქმით, კომპანია დილერებს 2022 წლის ბოლომდე 50,000 ავტომობილს მიაწვდის
შვედური Polestar-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში კოვიდთან დაკავშირებული შეფერხებების აღმოფხვრისა და ქარხნის მიერ წარმოების გაგრძელების მეშვეობით, კომპანია ავტოდილერებს წლის ბოლომდე 50,000 ერთეულ ელექტრომობილს მიაწვდის.
Polestar-ის ინფორმაციით, მან მესამე კვარტალში 9,215 ავტომობილის წარმოება შეძლო. ჯამურად კი კომპანიამ წელს უკვე 30,400 ელექტრომობილი აწარმოვა. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია Polestar-ის მიერ გასული წლის იმავე პერიოდის განმავლობაში ნაჩვენებ შედეგებზე. შესაბამისად, საწარმოო მიზნის მისაღწევად მეოთხე კვარტალი კომპანიისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.
საინტერესოა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Polestar-ის აქციათა ფასი 3%-ით გაიზარდა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ტომას ინგენლათი ღრმადაა დარწმუნებული, რომ Polestar-ი საკუთარ საწარმოო მიზანს შეუფერხებლად შეასრულებს. ცნობისათვის, Polestar-ების წარმოება 2022 წლის პირველ ნახევარში სამთავრობო რეგულაციების გამო შეჩერდა. Polestar 2-ის მოდელი ჩინეთში, ჩინური ავტომწარმოებლის, Geely-ს ქარხანაში იწარმოება, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო დროებით დაიხურა.
შეგახსენებთ, რომ Polestar-ი შვედური Volvo-სა და ჩინური Geely-ს ერთობლივ ნაწარმს წარმოადგენს. კომპანიის შემდეგი მოდელი, Polestar 3 SUV როგორც ჩინურ, ისე ამერიკულ საწარმოში აიწყობა.
The Times – BMW ელექტრო-Mini-ების წარმოებას გაერთიანებული სამეფოდან ჩინეთში გადაიტანს
The Times-ის ინფორმაციით, გერმანული ავტომწარმოებელი BMW ელექტრო Mini Cooper-ების წარმოებას გაერთიანებული სამეფოდან ჩინეთში გადაიტანს. თუმცა თავად კომპანია გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ცნობისათვის, BMW დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 40,000 ერთეულ Mini Cooper-ს აწარმოებს. თუმცა, Times-ის ანგარიშის თანახმად, მომავალი წლიდან ეს პროცესი დასრულდება.
ვიეტნამურმა VinFast-მა წარმოებული EV-ების დაახლოებით მესამედი უკან გაიწვია
ვიეტნამური ავტომწარმოებლის, VinFast-ის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია 730 ერთეულ VF e34 ელექტრომობილს უკან გაიწვევს, შეამოწმებს და შეჯახების სენსორებს შეუცვლის. კომპანიის განმარტებით, ავტომობილების გაწვევა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ელექტრომობილებს შეეხება.
ცნობისთვის, VinFast-მა საქმიანობა 2019 წელს დაიწყო და მას შემდეგ 2,208 ერთეული ელექტრომობილი გაყიდა. გამოდის, რომ კომპანია წარმოებული ავტომობილების მესამედს უკან გამოიხმობს.
კომპანიის განცხადებით, მომხმარებლებს სენსორის უფუნქციობის შესახებ არც ერთი საჩივარი არ განუთავსებიათ. VinFast-ი სამომავლოდ ამერიკულ ბაზარზე გაფართოებას გეგმავს. ამჟამად ბრენდს გლობალურად 65,000 ერთეული წინასწარი ჯავშანი აქვს მიღებული. 2026 წლისთვის კი კომპანია ყოველწლიურად 750,000 ერთეული ავტომობილის გაყიდვას ისახავს მიზნად.
NISSAN-მა რუსეთში ავტომობილების ბიზნესი $1 მილიარდად გაყიდა
იაპონურმა Nissan-მა რუსეთში ავტომობილების ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის საწარმოს, კვლევით ცენტრსა და ფილიალებს 1 მილიარდ დოლარად რუსული სახელმწიფო კომპანია NAMI ყიდულობს.
NAMI პრემიუმ-კლასის ავტომობილების წარმოებითაა დაკავებული, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ლიმუზინი Aurus Senat-ი სწორედ ამ კომპანიის მიერაა დამზადებული.
იაპონური მხარის განმარტებით, Nissan Manufacturing Russia-ს $1 მილიარდად გაყიდვით კომპანია $687-მილიონიან ზარალს მიიღებს, რაც იმითაა განპირობებული, რომ Nissan-ს აქტივების გაყიდვა რეალურ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით უფრო იაფად უწევს.
უნდა აღინიშნოს, რომ გარიგება ექვსი წლის ვადაში აქტივების უკან გამოსყიდვის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, რომელიც არაა გამორიცხული, რომ Nissan-მა მომავალში გამოიყენოს.
ცნობისთვის, Nissan-მა საწარმოო პროცესი რუსეთის მასშტაბით მარტში შეაჩერა, რაც მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვითა და დეტალების დეფიციტით იყო განპირობებული.
Tesla Model Y-ს ახალი კონკურენტი ჰყავს – Mercedes-მა EQE SUV-ი წარმოადგინა
ერთ-ერთმა უდიდესმა ავტომწარმოებელმა, გერმანულმა Mercedes-Benz-მა პრემიუმ-სეგმენტის კიდევ ერთი ელექტრომობილი, EQE SUV-ი წარმოადგინა. ეს უკანასკნელი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის, ამერიკული Tesla-ს Model Y-ის მთავარ კონკურენტად მოიაზრება, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. შეგახსენებთ, რომ Mercedes-Benz-ის მიერ მორიგი ელექტრომობილის დაანონსება, მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე, ავტოპარკის სრული ელექტრიფიკაციის გეგმას უკავშირდება.
Mercedes-Benz-ის უახლესი ავტომობილი – EQE SUV-ი, რომელიც კომპანიამ პარიზის ავტოშოუზე წარმოადგინა, Tesla Model Y-ზე მეტად გამძლე და უფრო ძვირად ღირებული მოდელია – ავტომობილი, რომელიც €70 ათასი ღირს, ელემენტის ერთი დამუხტვით 590 კილომეტრს გადის. ცნობისთვის გეტყვით, რომ Tesla Model Y-ის საწყისი ფასი $65 ათასია და ის 511 კილომეტრს გადის.
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მუდმივად ვმუშაობთ სრული ელექტრიფიკაციის მიმართულებით“, – ვკითხულობთ Mercedes-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ოლა კალენიუსის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე Mercedes-ი ელექტრომობილების ვერსიის შეთავაზებას შიდაწვის ძრავის ყველა მოდელისთვის გეგმავს.
უახლესი მოდელი, რომლის აწყობას გერმანული კომპანია შტატ ალაბამაში გეგმავს, Mercedes-მა პარიზში, როდენის მუზეუმში წარადგინა. რაც უნდა უცნაური იყოს, პარიზის ავტოშოუს წამყვანი ევროპული ავტომწარმოებლები, Voklswagen-ი და BMW გამოაკლდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მიერ დატოვებული ვაკუუმი მალევე შეავსეს ჩინურმა ავტომწარმოებლებმა.
ჩინურ კომპანიებს შორის ყველაზე დიდი – BYD-ია, რომლის თითქმის 19%-იან წილს ლეგენდარული ინვესტორი, უორენ ბაფეტი ფლობს. თუმცა BYD-ის გარდა ევროპული ბაზრის ათვისებაზე Nio, Great Wall Motor Company-ი და Seres Group-იც მუშაობენ.
დატოვე კომენტარი