ჩინეთის ეროვნული ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულ $1-ტრილიონიან ნიშნულზეა

ჩინეთის ეროვნული ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულ $1-ტრილიონიან ნიშნულზეა

ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებისა და ლოკდაუნების დაწესების ფონზე, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ჩინეთის ეროვნული ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულ $1-ტრილიონიან ნიშნულამდე გაიზარდა.

მკვეთრად გაღრმავებული ბიუჯეტის დეფიციტი იმის მანიშნებელია, რომ მთავრობა გაცილებით უფრო მეტ თანხა ხარჯავს, ვიდრე შემოსავალს იღებს. დეფიციტურ მდგომარეობაში ბიუჯეტში თანხის შევსება კი, როგორც წესი, ადგილობრივი და საგარეო ვალის მეშვეობით ხდება.

დეფიციტის გაღრმავება მთავრობის ფისკალური პოლიტიკითა და შენელებული ეკონომიკური ზრდითაა განპირობებული, რისი გამომწვევი მიზეზიც, თავის მხრივ, პანდემია და მმართველი კომუნისტური პარტიის ნულოვანი კოვიდპოლიტიკაა, რომელიც მკაცრი რეგულაციებისა და ლოკდაუნების დაწესების სტრატეგიას ითვალისწინებს.

ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 4.8%-ით გაიზარდა, თუმცა მეორე კვარტაში, ლოკდაუნების გამო, მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა 0.4% შეადგინა, მესამე კვარტალში კი ეკონომიკა 3.9%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, წლის განმავლობაში მთავრობამ არაერთი სოციალური დახმარების პაკეტი წარადგინა, გარდა ამისა, პანდემიური წნეხის შესამცირებლად, მოსახლეობასა და ბიზნესს გადასახადების ნაწილი შეუმცირდა, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახა საბიუჯეტო შემოსავლებზე.

გარდა ზემოხსენებული გამოწვევებისა, გასათვალისწინებელი ის ფაქტიც, რომ ამჟამად ჩინეთი უძრავი ქონების ბაზრის კრიზისის წინაშე დგას, რომლის გამწვავებამაც, შესაძლოა, მთავრობას ინტერვენცია აიძულოს, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ბიუჯეტის დეფიციტს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *