გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2023 წლის პირველი იანვრიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო.
“2023 წლის პირველი იანვრიდან დიდი ბრიტანეთი სრულად წყვეტს რუსული თხევადი გაზის იმპორტს და მხარს უჭერს სხვა ქვეყნებს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაში”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესა და შემზღუდავი ზომა მიიღო, მათ შორისაა, რუსული ბუნებრივი აირის, ნავთობის, საწვავისა და ქვანახშირის იმპორტის ეტაპობრივი შეზღუდვა და წლის ბოლომდე მათი სრულად აკრძალვა.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის მოხმარების მხრივ დიდი ბრიტანეთი რუსეთზე არსებითად არ არის დამოკიდებული. მოთხოვნის თითქმის ნახევარი ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, უმსხვილეს მიმწოდებლებს შორის კი აშშ და ნორვეგიაა.
საერთო ჯამში, გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში 3.1 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი განხორციელდა, რაც საერთო მოხმარების მხოლოდ 4% იყო.
დატოვე კომენტარი