გასულ კვირას ტექნოლოგიური ინდუსტრიის მიმომხილველები არაერთი განახლების მომსწრენი გავხდით – საუბარია როგორც WhatsApp-ის მიერ კომუნის ინტერესებზე დაფუძნებული ფუნქციონალის დამატებაზე, ასევე Instagram-ის მიერ NFT-ების ყიდვა-გაყიდვის ფუნქციონალის გააქტიურებაზე. პარალელურად ამისა, გაცხადდა Sony-ის უახლესი თაობის ვირტუალური რეალობის სათვალის, PlayStation VR2-ის გამოსვლის თარიღი და ფასი. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Sony-ის უახლესი VR-სათვალე, PlayStation VR2 დახლებზე თებერვალში გამოჩნდება
გასულ კვირას გლობალურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, იაპონურმა Sony-მ განაცხადა, რომ უახლესი თაობის ვირტუალური რეალობის სათვალე, PlayStation VR2 დახლებზე 2023 წლის 22 თებერვლიდან გამოჩნდება, ხოლო მისი ფასი $549.99 იქნება, – ამის შესახებ კომპანიის ბლოგში ვკითხულობთ. გაირკვა მოწყობილობის კომპლექტაციაც: უშუალოდ VR-სათვალესთან ერთად, მომხმარებელი Sense-ის ტიპის ორ პულტს, ე.წ. „ჯოისტიკს“ და ყურსასმენებს მიიღებს, მაგრამ პულტების დასამუხტი მოწყობილობის შეძენა ცალკე მოუწევს – მისი ფასი, $49.99-ია. ცნობისთვის გეტყვით, რომ PlayStation VR2-ის წინასწარი გაყიდვები 15 ნოემბერს, Sony-ის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყება.
ფოტო: Sony
არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ თაობებს შორის Sony-ის ვირტუალური რეალობის სათვალე ძალიან განვითარდა და დაიხვეწა. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც ახალი თაობის მოწყობილობაში ვხვდებით, მოძრაობის აღმრიცხველი ხელსაწყო, ე.წ. „ტრეკერია“, რომელიც ამჯერად სათვალეში არის ჩაშენებული, ისე როგორც ეს Oculust Quest 2-ის VR-სათვალის შემთხვევაში ხდება. ამგვარად, მომხმარებლები მათ გარშემო არსებული გარემოს დანახვას შეძლებენ – მაშინაც კი, როცა VR-სათვალე ჩართული იქნება.
ამასთანავე, PlayStation VR2-ს 4K-რეზოლუციის მქონე OLED-დისპლეი აქვს, რომელიც 90 ან 120 ჰერცის სიხშირით ფუნქციონირებს. გარდა ამისა, VR-სათვალეს 110-გრადუსიანი გაშლის კუთხე და „ღრმა რენდერის“ ფუნქციონალი ექნება, რომლითაც გარკვეული სურათები უფრო მკვეთრად რენდერდება, რაც კომპიუტერს (ამ შემთხვევაში კი PlayStation 5-ს) საქმეს უმარტივებს. შეგვიძლია დავძინოთ ისიც, რომ PlayStation 5-თან დაკავშირებას Sony-ის უახლესი VR-სათვალის მომხმარებლები USB-C-ტიპის კაბელით შეძლებენ.
ყურადღებას იმსახურებს PlayStation VR2-ის სფეროსებრი სამართავი პულტები, რომლებიც მომხმარებლებს PS5-ის DualSense-ის ტიპის პულტის, ე.წ. „ჯოისტიკის“ მსგავს ჰაპტიკურ უკუკავშირს სთავაზობენ. გარდა ამისა, ჯოისტიკებს ადამიანის ხუთივე თითის ამოცნობა შეუძლიათ, რას აჩენს ეჭვს, რომ მომავალში Sony-ის ჰაპტიკური ფუნქციონალი კიდევ უფრო დაიხვეწება.
ისე კი, ამგვარ ტექნოლოგიურ განვითარებას უარყოფითი მხარეებიც აქვს – საქმე ისაა, რომ ამ მოწყობილობაში მომხმარებლები წინა თაობის PlayStation VR-ის ვიდეოთამაშების გამოყენებას ვეღარ შეძლებენ. „PSVR2 ახალი თაობის ვირტუალური რეალობის გამოცდილებისთვის შეიქმნა, ასე რომ PSVR-ის თამაშები მასთან არათავსებადია“, – ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა Sony-ის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა, ჰიდეაკი ნიშინომ.
საინტერესოა, რომ Sony-ის თავდაპირველი ვირტუალური რეალობის სათვალისთვის, ამ დრომდე, 500-მდე ვიდეოთამაში არსებობს, მაგრამ უახლესი თაობის მოწყობილობის შემთხვევაში, ეს რიცხვი ორ ათეულს არ აჭარბებს.
Xiaomi-მ კონცეპტუალური სმარტფონი შექმნა, რომელსაც ფოტოაპარატის ლინზა უმაგრდება
გასულ კვირას ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Xiaomi-მ უახლესი კონცეპტუალური სმარტფონი – S12 Ultra Concept-ი შექმნა, რომელსაც Leica-ს ფოტოაპარატის ლინზა უმაგრდება, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ვიგებთ.
აღსანიშნავია, რომ S12 Ultra ჩინურმა კომპანიამ ჯერ კიდევ ივლისში წარმოადგინა – თავად ეს სმარტფონიც უნიკალური და ექსტრავაგანტურია, რადგან უკანა მხარეს მას კამერის ერთინჩიანი სენსორი აქვს, რომელიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვეულებრივ სმარტფონებში გამოყენებული ტიპური სენსორები – მეტიც, ის ფოტოაპარატის სენსორს უფრო ჰგავს, ვიდრე სმარტფონისას. ახლა კი Xiaomi-მ ამ სმარტფონს Leica-ს M-ტიპის ლინზაც დაუმაგრა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს Xiaomi-სა და Leica-ს თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის – S12 Ultra-ში ჩაშენებული კამერა კომპანიებმა ერთად შექმნეს.
ექსპერტების შეფასებით, უახლესი ჰიბრიდული კამერის შექმნით, Xiaomi-მ ახალ ტერიტორიაზე შეაბიჯა – საქმე ისაა, რომ ამ დრომდე სმარტფონის კამერები, როგორც წესი, პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებულ ფოტო ტექნოლოგიებს იყენებდნენ, მაგრამ სმარტფონზე ნამდვილი ლინზის დამაგრებით იმავე ეფექტის მიღწევა ოპტიკურადაა შესაძლებელი. ამგვარად, ხელოვნური ინტელექტის, ფლაგმანი სმარტფონისა და ოპტიკური ლინზის კომბინაციით შექმნილი სურათები, სულ მცირე, ყველასგან განსხვავებული მაინც უნდა იყოს.
Twitter-ის გათავისუფლებული თანამშრომლები ილონ მასკს სასამართლოში უჩივიან
სოციალურ ქსელ Twitter-სა და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს შორის დაწყებული მითქმა-მოთქმა არც მას მერე შეწყვეტილა, რაც უკანასკნელმა კომპანია სრულად შეისყიდა და მისი აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა. საქმე ისაა, რომ Twitter-ში გამოჩენის შემდეგ ილონ მასკმა არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო როგორც ვერიფიკაციისთვის გადასახადის დაწესების, ასევე კომპანიის სამუშაო ძალის ნახევრის გათავისუფლების მიმართულებით.
აი, სწორედ ამ უკანასკნელ გადაწყვეტილებას უკავშირდება უახლესი სარჩელი, რომელიც Twitter-ის გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანეს. როგორც სარჩელიდან ვიგებთ, თანამშრომლების თქმით, ილონ მასკის გადაწყვეტილების შედეგად მათი უფლებები ორი საკანონმდებლო აქტის მიხედვით დაირღვა. აღნიშნული აქტები კომპანიებს ავალდებულებს, რომ მასობრივი დათხოვნის შესახებ თანამშრომლებს სულ მცირე 60 დღით ადრე შეატყობინონ, მაგრამ, როგორც საჯარო წყაროებიდან ვიგებთ, 31 ოქტომბრის ჩათვლით Twitter-სგან მსგავსი შეტყობინება არ შესულა.
ფოტო: Alex Castro / The Verge
სოციალური ქსელის ყოფილი თანამშრომლების უფლებათა დამცველის, შენონ ლიზ-რიორდანის განცხადებით, ამ სარჩელის მიზანია, „დაანახვოს თანამშრომლებს, რომ საკუთარი უფლებები არ უნდა დაივიწყონ“. ფორმალურად სარჩელში, რომელიც სან-ფრანცისკოს რაიონულ სასამართლოში შევიდა, ხუთი მოსარჩელე თანამშრომელია – სარჩელის შეტანის დროს ერთ-ერთი მათგანი უკვე გათავისუფლებული იყო, ხოლო დანარჩენებს კომპანიის ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე ამ ამბავს Twitter-ში გამოეხმაურა: „თავდაპირველად ასეთ რამეს არ ვგეგმავდი… მაგრამ, დედა, ნახე, Twitter-ს ვუჩივი“.
ცნობისთვის გეტყვით, რომ მასობრივი გათავისუფლების შესახებ თანამშრომლებს კომპანიამ 4 ნოემბერს შეატყობინა – ამ გადაწყვეტილების მიზეზად „კომპანიის გაჯანსაღება“ დასახელდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ, როგორც ცნობილია, ილონ მასკი გაჩერებას არ აპირებს, რადგან მისი მიზანი სამუშაო ძალის ნახევრის დათხოვნაა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს, ამავე სამართლებრივი აქტის საფუძველზე, Tesla-ს ორმა ყოფილმა თანამშრომელმაც უჩივლა.
WhatsApp-მა Discord-ის მსგავსი ფუნქციონალი – Communities-ი დანერგა
გასულ კვირას მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ ქსელს, ამერიკულ WhatsApp-ს ერთ-ერთი გამორჩეული საკომუნიკაციო პლატფორმის, Discord-ის მსგავსი ფუნქციონალი დაემატა, სახელწოდებით Communities-ი, – ამის შესახებ WhatsApp-ის ბლოგში ვკითხულობთ. ამ ფუნქციონალის შემოღება Meta-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა ჯერ კიდევ აპრილში დააანონსა და, როგორც ჩანს, ახლო მომავალში მსგავსი განახლება Instagram-სა და Facebook-საც შეეხება.
ფოტო: WhatsApp
აღნიშნული განახლების ფარგლებში, რომელიც შემდეგ რამდენიმე თვეში გააქტიურდება, კონკრეტული კომუნის წევრები მცირე ჯგუფური მიმოწერების შექმნას შეძლებენ, რომლებშიც სხვადასხვა თემას მიმოიხილავენ. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადმინისტრატორების შესაძლებლობები – ამიერიდან ისინი საერთო განცხადებების გავრცელებას შეძლებენ. აღნიშნული ფუნქციონალის დანერგვა მიუთითებს იმაზე, რომ WhatsApp-ი ახალი კატეგორიის მომხმარებლებზე აპირებს გასვლას – საუბარია როგორც ერთი უბნის მცხოვრებლებზე, ასევე ოფისებზე, სკოლებსა და უნივერსიტეტებზე.
ფოტო: WhatsApp
არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ Discord-სა და Nextdoor-ის გარდა, WhatsApp Communities-ის ფუნქციონალი ძალიან ჰგავს Facebook-ის ჯგუფებს, მაგრამ უკანასკნელისგან განსხვავებით, WhatsApp-ში მიმოწერა ორმხრივადაა დაშიფრული. თუმცა ორმხრივი დაშიფვრისა და უდავოდ მომატებული მოქნილობის მიუხედავად, WhatsApp-ის მიერ ასეთი ფუნქციონალის დანერგვას უარყოფითად ხვდებიან კრიტიკოსები, რომელთა აზრით, სოციალური ქსელების ამგვარი აგებულების ბრალია ის, რომ ბოლო წლებში საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია კოლოსალურად სწრაფად ვრცელდება. სიმართლე ამ არგუმენტშიც არის, რადგან ასეთი ტიპის ციფრული სოციალური სივრცეების მოდერაცია, როგორც წესი, გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ე.წ. „ნიუს-ფიდის“ ტიპის ცენტრალიზებული სისტემისა.
აქვე უნდა ითქვას, რომ Communities-ი ერთადერთი სიახლე არ არის, რომელიც WhatsApp-მა გასულ კვირას წარმოადგინა – უახლოეს მომავალში ამერიკულ სოციალურ ქსელს გამოკითხვის ფუნქციონალი, 32-კაციანი ვიდეოზარის ჩატარების და 1024-კაციანი ჯგუფების შექმნის ფუნქციონალი დაემატება.
ამიერიდან NFT-ების გაყიდვას კრეატორები პირდაპირ Instagram-ზე შეძლებენ
გასულ კვირას, WhatsApp-ის მსგავსად, განახლდა Meta-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ტექნოლოგიური კომპანიის, Instagram-ის ფუნქციონალიც, რომელსაც NFT-ების გაყიდვის ფუნქციონალი დაემატა, – ამის შესახებ Meta-ს ბლოგში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ NFT-ების მიმართულებით ექსპერიმენტირება Instagram-მა ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე მომხმარებლებს საკუთარი ციფრული აქტივების ჩვენება შეეძლოთ და მეტი არაფერი – ამიერიდან კი Instagram-ს NFT-კოლექციების შექმნისა და გაყიდვის ფუნქციონალი დაემატება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებით, Instagram-ი პირდაპირ კონკურენციაში შედის არსებულ NFT-მარკეტპლეისებთან, რადგან NFT-კოლექციების განთავსება და ვაჭრობა სწორედ ის სერვისია, რომელსაც ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ. საინტერესოა ისიც, რომ 2024 წლამდე Meta NFT-ების გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან საკომისიოს არ აიღებს, მაგრამ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ საკუთარი NFT-ების მეორად ბაზარზე გაყიდვის საკომისიო გადასახადი 5%-დან 25%-მდე შუალედში დააწესონ. ტექნოლოგიური ექსპერტების მოსაზრებით, Instagram-ის მიერ NFT-ების მიმართულებით ამ ნაბიჯების გადადგმით, Meta-ს შემოსავლის დამატებითი წყაროების პოვნა სურს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე Instagram-ის უახლესი ფუნქციონალით სარგებლობა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები კრეატორების მცირე ჯგუფს შეუძლია, მაგრამ, როგორც Meta ამბობს, „ახლო მომავალში“ ეს ფუნქციონალი უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ Instagram-ი NFT-ტექნოლოგიასთან დაკავშირებული სხვა ხელსაწყოების ინტეგრაციაზეც მუშაობს – საუბარია Solana-ს ბლოკჩეინისა და Phantom-ის კრიპტოსაფულის მხარდაჭერაზე.
ელიზაბეტ უორენს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების FTC-ის მიერ მეტად დარეგულირება სურს
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ელიზაბეტ უორენს სურს, რომ აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და იუსტიციის დეპარტამენტმა დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ ავტომობილების ინდუსტრიაში გადადგმული ნაბიჯები შეისწავლონ, – ამის შესახებ დემოკრატი სენატორის მიერ გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, პირველ ეტაპზე საუბარია Google-ზე, Apple-სა და Amazon-ზე, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ დროთა განმავლობაში, აღნიშნული შესწავლა სხვა კომპანიებზეც გავრცელდეს.
ფოტო: Bloomberg / Getty Images
საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტად, ელიზაბეტ უორენი ამ კომპანიების მიერ მობილურ და ღრუბლოვან ტექნოლოგიებში არსებულ დომინანტურ პოზიციას ასახელებს: „აღნიშნული ექსპანსია პოტენციურად ცუდი შედეგების მომტანია დეველოპერებისთვის, თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის“, – წერს უორენი, რომელიც მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, მანამ იმოქმედონ, სანამ გვიანი იქნება.
ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ელიზაბეტ უორენი განსაკუთრებით აკრიტიკებს, ტექნოლოგიური გიგანტების მიდგომაა, რომელიც „ყველაფერს ან არაფერს“ გულისხმობს. ამ მიდგომის ერთ-ერთ მაგალითად, უორენს Google-ის საოპერაციო სისტემა, Android Automotive-ი მოჰყავს, რომელსაც ჭკვიანი რუკა და ჭკვიანი ასისტენტი ავტომატურად არ მოჰყვება – ამ სერვისთაგან რომელიმეს გამოსაყენებლად, მომხმარებლები იძულებულები არიან, აპლიკაციათა ნაკრები შეიძინონ. ელიზაბეტ უორენის თქმით, Google-ი თავის დომინანტურ პოზიციას იყენებს, რაც მას სხვა სფეროში ბაზრის წილის გაზრდის საშუალებას აძლევს.
დემოკრატი სენატორის ამ წერილს ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ: „ავტომწარმოებლები და ტექნოლოგიური კომპანიები ერთმანეთთან მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად თანამშრომლობენ“, – განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა ამერიკულ გამოცემასთან, Engadget-თან საუბრისას. „საავტომობილო ტექნოლოგიების ბაზარზე დიდი კონკურენციაა – ამ სფეროში ვხედავთ როგორც Apple CarPlay-ს, ასევე Amazon Alexa-ს, Cerence-ს, TomTom-ს, ChargePoint-სა და სხვებს; ამასთანავე, ავტომწარმოებლები საკუთარ ტექნოლოგიებსაც ავითარებენ. Google-ში გვსურს, რომ ავტომწარმოებლებსა და დეველოპერებს პროგრამული უზრუნველყოფის მასშტაბირების შესაძლებლობა მივცეთ“.
მსგავსი არგუმენტი აქვს Amazon-საც: „Alexa-სთან ერთად, ბაზარზე ავტომწარმოებლების მიერ შექმნილ არაერთ ხმოვან ასისტენტს ვხვდებით – ამ მიმართულებით Ford-ი, BMW, General Motors-ი და Audi ლიდერობენ“, – განაცხადა Amazon-ის წარმომადგენელმა Engadget-თან საუბრისას. – „გვჯერა, რომ ხმოვანი ასისტენტები ურთიერთთავსებადი უნდა იყოს, რათა ავტომფლობელებმა რამდენიმე ასისტენტის გამოყენება ერთდროულად მოახერხონ“.
თუმცა, როგორც ირკვევა, ჭკვიანი საავტომობილო ტექნოლოგიების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ნაწილობრივ მაინც, ავტომწარმოებლებს უკავშირდებათ, რადგან მათ მიერ წარმოებული პროგრამული უზრუნველყოფა ხშირად მომხმარებელთა მოლოდინს არ შეესაბამება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2019 წელს დაფიქსირდა, როცა ამერიკულმა Ford-მა $17 მილიონი გადაიხადა MyFord Touch-ის სისტემასთან დაკავშირებული სასამართლო დავის მოგვარებაში, რომელიც ამ პლატფორმის ხშირ თვითნებურ გათიშვას უკავშირდება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის ბოლო წლების განმავლობაში, როცა ამერიკელი კანონმდებლები Amazon-ისა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ დემოკრატი სენატორები Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვის შესწავლას ითხოვდნენ, მანამდე კი ფედერალური სავაჭრო კომისია Amazon-ის მიერ პირველადი ჯანდაცვის ქსელის, One Medical-ის $4 მილიარდად შესყიდვით დაინტერესდა. თავის დროზე მარეგულირებლის ყურადღების არეში Amazon-ის მიერ MGM-ის $8.45 მილიარდად შესყიდვაც მოხვდა.
დატოვე კომენტარი