მიმდინარე კვირას ევროკავშირი მესამე კვარტალის დასაქმების მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ასევე, ევროპულ ბლოკში ცნობილი გახდება სექტემბრის სავაჭრო ბალანსი და მესამე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელი.
მესამე კვარტალის მშპ-ს გამოაქვეყნებს იაპონიაც. ჩინეთში კი იგეგმება ოქტომბრის ინდუსტრიული წარმოების მონაცემების გამოქვეყნება, ასევე ცნობილი გახდება რიტეილ-გაყიდვები და უმუშევრობის დონის ბოლო მაჩვენებელი. საინტერესო იქნება ინდოეთის სავაჭრო ბალანსისა და ექსპორტ-იმპორტის ბოლო მონაცემებიც. აშშ-ში მოსალოდნელია ოქტომბრის რიტეილ-გაყიდვების გასაჯაროება.
რამდენად შემცირდა რუსეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებასაც მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ.
ამასთან, საფრანგეთი მესამე კვარტალის უმუშევრობის მაჩვენებელს, დიდი ბრიტანეთი კი სექტემბრის უმუშევრობის მაჩვენებელსა და შრომითი პროდუქტიულობის მონაცემებს გამოაქვეყნებს. ასევე იგეგმება რიტეილ-გაყიდვების და ინფლაციის ბოლო მონაცემების გასაჯაროებაც.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერი ჯერემი ჰანტი ხუთშაბათს მთავრობის ახალ ფისკალურ გეგმას წარადგენს, რომელსაც ინვესტორებიც ყურადღებით დააკვირდებიან. შეგახსენებთ, ბრიტანეთის ეკონომიკა ხანგრძლივი რეცესიის საფრთხის წინაშეა.
14 ნოემბრის კვირაში ტრადიციულად OPEC-ისგანაც უნდა ველოდოთ თვიურ ანგარიშს, რომელშიც ამოვიკითხავთ ნავთობის გლობალურ ბაზარზე არსებულ ბოლო ტენდენციებს. როგორც წესი, ნავთობმწარმოებელი ქვეყნების კავშირი მსოფლიოს ყოველთვიურად წარუდგენს ე.წ. შავი ოქროს ბაზარზე არსებულ ვითარებას – მოთხოვნისა და მიწოდების ცვლილებას.
რაც შეეხება საქართველოს, საქსტატი მიმდინარე კვირის დასაწყისში 2022 წლის მესამე კვარტალის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკას გამოაქვეყნებს. ასევე ცნობილი გახდება სექტემბრის ბრუნვის მოცულობის ინდექსი და ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები. ამასთან, 15 ნოემბერს გამოქვეყნდება მონაცემები საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძის შესახებ (2021 წლის ბოლოსათვის), მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოების მეთოდით (2021 წელი, დაზუსტებული), საარსებო მინიმუმი (2022 წლის ოქტომბერი), მეცხოველეობის მაჩვენებლები, 2022 წლის III კვარტალი (წინასწარი), სამაცივრე, სასაკლაო მეურნეობებისა და ელევატორების გამოკვლევის შედეგები (2022 წლის III კვარტალი), სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2022 წლის III კვარტალი).
დაბოლოს, 16-17 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენციაა დაგეგმილი. ღონისძიების ფარგლებში კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებისა და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ იმსჯელებენ.
დატოვე კომენტარი