Microsoft-ის თანადამფუძნებლის პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია ნიუ-იორკში, Christie’s-ის ორდღიან აუქციონზე, რეკორდულ $1.6 მილიარდად გაიყიდა. შედეგად გარდაცვლილი მილიარდერის მფლობელობაში არსებული ხელოვნების ნიმუშები აუქციონის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული კოლექცია გახდა, რომელიც ერთი პირის საკუთრებიდან გაყიდულა.
აქამდე რეკორდი უძრავი ქონების დეველოპერის, ჰარი მაკლოუსა და მისი ყოფილი ცოლის, ლინდა მაკლოუს ხელოვნების ნიმუშების კოლექციას ეკუთვნოდა. შეგახსენებთ, რომ ის მიმდინარე წლის დასაწყისში $992 მილიონად გაიყიდა.
Christie’s-ის ორდღიანი აუქციონის ლიდერი ჟორჟ სერას „Les Poseuses, Ensemble (Petite version)“ გახდა, $149.24 მილიონით, რაც თითქმის ხუთჯერ აღემატება ფრანგი ავტორის რეკორდს. სერას გარდა კი აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირად ღირებულ ნამუშევრებს შორის მოხვდა პოლ სეზანის „La Montagne Sainte-Victoire“ და ვინსენტ ვან გოგის „Verger avec cyprès“, რომლებიც შესაბამისად $137.8 მილიონად და $117.2 მილიონად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სამივე ნიმუში Christie’s-ის აუქციონის პირველივე დღეს გაიყიდა და მათი ავტორების რეკორდის მოხსნა შეძლო.
Christie’s-ზე გაყიდულ ნახატებს შორის, რომელთაც $100-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბეს, ასევე მოხვდა პოლ გოგენის „Maternité II“ ($105.7 მილიონი) და გუსტავ კლიმტის „Birch Forest“ ($104.5 მილიონი). აუქციონის სახლის განცხადებით, ალენის კოლექციის გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ Christie’s-ი თავდაპირველი შეფასებით, ალენის 150-ზე მეტი ნახატიდან $1 მილიარდის მიღებას ვარაუდობდა, თუმცა კოლექციის გაყიდვებმა აუქციონის სახლის მოლოდინს პირველივე დღეს გადააჭარბა, როდესაც $1.5 მილიარდს მიაღწია.
მართალია, Christie’s-ის პირველ დღეს გაყიდული ხელოვნების ნიმუშებიდან რეკორდული თანხები მე-19 საუკუნის წარმომადგენლებს ეკუთვნით, აუქციონზე საკმაოდ მაღალი ღირებულებით გაიყიდა უფრო გვიანი პერიოდის მხატვრების ნამუშევრებიც. მათ შორისაა, ბრიტანელი მხატვრის ლუსიენ ფროიდის 1980-იანი წლების ნამუშევარი „Large Interior, W11 (after Watteau),“ რომელიც თავად ალენმა, 1998 წელს, დასრულებიდან 15 წლის შემდგომ, $5.8 მილიონად შეიძინა. „Large Interior, W11 (after Watteau),“ აუქციონზე $86 მილიონად გაიყიდა და მხატვრის წინა რეკორდი ($56.2 მილიონი) მოხსნა. Christie’s-ზე გაყიდული ნამუშევრების ავტორებს შორის მოხვდა ჯასპერ ჯონსი ნახატით „Small False Start“, რომელიც $55.3 მილიონზე მეტად გაიყიდა.
Christie’s-ის ორდღიან აუქციონზე პოლ ალენის კოლექციიდან გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ათი ნახატის სია ასე გამოიყურება:
- ჟორჟ სერა – „Les Poseuses, Ensemble (Petite version)“ – $149,240,000 (1888წ.)
- პოლ სეზანი – „La Montagne Sainte-Victoire“ – $137,790,000 (1888-1890წ.)
- ვინსენტ ვან გოგი – „Verger avec cyprès“ – $117,180,000 (1888წ.)
- პოლ გოგენი – „Maternité II“ – $105,730,000 (1899წ.)
- გუსტავ კლიმტი – „Birch Forest“ – $104,585,000 (1903წ.)
- ლუსიენ ფროიდი – „Large Interior, W11 (after Watteau),“ – $86,265,000 (1981-1983წ)
- კლოდ მონე – „Waterloo Bridge, soleil voilé“ – $64,510,000 (1899-1903წ.)
- ჯასპერ ჯონსი – „Small False Start” – $55,350,000 (1960წ.)
- ედუარ მანე – „Le Grand Canal à Venise“ – $51,915,000 (1874წ.)
- სანდრო ბოტიჩელი – „Madonna of the Magnificat” – $48,480,000