საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სს „პეისერა საქართველოზე“ ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. „პეისერა საქართველო“ ციფრული ბანკი იქნება, რომლის ბიზნესმოდელიც ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და კლიენტებს მომსახურებას დისტანციურად, ფილიალების გარეშე გაუწევს. „პეისერაზე“ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორში უკვე თხუთმეტი კომერციული ბანკია წარმოდგენილი.
„პეისერა საქართველო“, როგორც იურიდიული პირი 2022 წლის პირველ მარტს დაფუძნდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „პეისერა საქართველომ“ სებ-ში 5 მილიონი ლარის მოცულობის კაპიტალის არსებობა დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ „პეისერა საქართველოს“ გენერალურ დირექტორად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა, მის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებში კი ვხვდებით „პალიტრა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ირაკლი თევდორაშვილს.
ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, პირველ ეტაპზე აპლიკანტის ბიზნესმოდელის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება და ამის შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის ვადა განისაზღვრება.
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში, სს „პესიერა საქართველოს“ ოპერაციების მხოლოდ სატესტო რეჟიმში განხორციელება შეეძლება, ხოლო რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობა შეზღუდული ექნება. საქმიანობის რეალურ რეჟიმში განხორციელებისთვის უფლებამოსილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე ეტაპობრივად მოხდება.
“პეისერა საქართველო სარგებლობს ციფრული ბანკებისთვის განსაზღვრული შეღავათით საზედამხედველო კაპიტალთან მიმართებით. კერძოდ კი, თუკი ჩვეულებრივი საბანკო ლიცენზიის მისაღებად საჭიროა 50 მილიონი ლარი საზედამხედველო კაპიტალი, ციფრულმა ბანკმა შესაძლოა საქმიანობა დაიწყოს ამ თანხის 10%-ის შესაბამისი, ანუ 5 მილიონი ლარის ოდენობის საზედამხედველო კაპიტალით. რა თქმა უნდა, ციფრულმა ბანკმა გარკვეულ ვადებში უნდა შეავსოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოცულობა 50 მილიონ ლარამდე და აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში. ციფრულმა ბანკმა, დამატებით შეიძლება მოითხოვოს აღნიშნული პროცესის არაუმეტეს 1 წლის ვადით გაგრძელება,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის განმარტებაში.
დატოვე კომენტარი
Thanks for sharing. I read many of your blog posts, cool, your blog is very good.