წარმატებასთან დაკავშირებული 11 შემაფერხებელი წარმოდგენა

წარმატებასთან დაკავშირებული 11 შემაფერხებელი წარმოდგენა

წარმატებასთან დაკავშირებით არაერთი ფართოდ გავრცელებული მოსაზრება არსებობს, რაც კარგ ანალიზსა და შეფასებას საჭიროებს.

უამრავი ადამიანის მამოძრავებელ ძალას ყოველდღე იმ საქმის კეთება წარმოადგენს, “რომელიც მათ უყვართ” და ამასობაში ისინი ვერც კი ხვდებიან, თუ რამხელა ძალისხმევას მოითხოვს ეს საქმე მიუხედავად მათი ამ საქმისადმი დამოკიდებულებისა. ზოგიერთი მხოლოდ ფართო ხედით უყურებს საბოლოო სურათს და ნაკლებად ფიქრობს მიზნის მისაღწევად საჭირო ეტაპებზე, ან სულაც მიაჩნია, რომ რაც უფრო შემდგარია ადამიანი, მით უფრო მოსწონთ ის სხვებს.

ფაქტია, რომ ჩვენ უამრავი ქვეცნობიერი მოლოდინი გვაქვს წარმატებასთან დაკავშირებით და რაც უფრო სწრაფად გავთავისუფლდებით მისგან, მით უფრო ნაკლები შემაფერხებელი ფაქტორი შეგვხვდება წინსვლის დროს. გთავაზობთ იმ ძირითად ქვეცნობიერ მოლოდინთა ჩამონათვალს, რომლებიც აფერხებს თქვენს წინსვლას და ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში:

1. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი წარმატებულობა ავტომატურად გამოიწვევს გარშემომყოფების მხრიდან თქვენდამი სიმპათიას.

რეალობა, რომელსაც წარმატების გარკვეული ხარისხის მიღწევისას აწყდებით, არის ის, რომ თქვენი წარმატების გამო სხვებს სიმპათიის ნაცვლად სრულიად საპირისპირო გრძნობები უჩნდება თქვენ მიმართ. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ნაკლის პოვნას მათში, ვინც წარმატებას მიაღწია. მიუხედავად საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებისა, წარმატების მიღწევა სულაც არ ნიშნავს ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას. ერთადერთი, რასაც წარმატება გარანტირებულად მოგიტანთ, არის ის, რომ თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ და ნაკლებად დაინტერესდებით სხვების აზრით.

2. თქვენ ფიქრობთ, რომ “იმის კეთება, რაც გიყვართ” იგივეა, რაც “გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ” ყოველდღიურად.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გამორჩენილი ფართოდ გავრცელებულ შეხედულებაში, რომ უნდა “მიჰყვე შენს ჭეშმარიტ გატაცებას”: გატაცებას, როგორც წესი, წარმატება არ მოაქვს. წარმატება მოაქვს პრინციპებსა და ჩვევებს. ისინიც კი, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს, ხშირად გადაღლილი და ძალაგამოცლილია. სინამდვილეში, ხშირად იმისაგან უფრო იღლებით, რაშიც დიდ ემოციურ ინვესტიციას დებთ. საყვარელი საქმის კეთება სულაც არ არის იოლი ცხოვრების გასაღები, უბრალოდ ამ დროს თავს უფრო რეალიზებულად გრძნობთ.

3. როდესაც აქცენტს მიღწეულის აღიარებაზე აკეთებთ და არა შედეგზე.

ადამიანთა უმეტესობას მიაჩნია, რომ წარმატება არის ჯილდო და არა მიღწეული შედეგი ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ძირითადად ყურადღებას აქცევენ დიდი ჯილდოს მოპოვებას და მედიის ან კიდევ რაიმე სხვა სახის აღიარებას. სინამდვილეში კი მთავარი – თქვენი ყოველდღიური მიღწევების ხარისხი და ზომაა. აღიარება და ქება-დიდება ამის თანამდევია, მაგრამ ეს თქვენს ცხოვრებას არ შეცვლის.

4. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ყველაფერზე, რაც გაწუხებთ, რეაგირება უნდა მოახდინოთ.

სულაც არ გჭირდებათ საკუთარი თავის დაცვა ყველასთან, ვინც თქვენს აზრს არ იზიარებს. არ არის აუცილებელი, რაიმე მოიმოქმედოთ ყოველთვის, როდესაც არასასიამოვნო გრძნობა გეუფლებათ. ასეთ დროს თქვენ პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, თუ რას მოიგებთ ან, პირიქით, წააგებთ რეაგირების შემთხვევაში. ეცადეთ, ამ საკითხს ასე მიუდგეთ: გაარკვიეთ, რისი დაცვაა თქვენთვის პრიორიტეტული სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად. დიდი დოზით ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც მხოლოდ თქვენი კრიტიკა სურთ, არაფრის მომტანი იქნება.

5. წინსვლაზე მეტად თქვენ სრულყოფილებისაკენ ისწრაფვით.

ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოთ, თუ რას მიაღწიეთ ყოველ კონკრეტულ დღეს, ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ ზოგადად რა მიმართულებებით გაქვთ წინსვლა. ამგვარი მიდგომა საშუალებას მოგცემთ, სათანადოდ დააფასოთ საკუთარი მიღწევები და ამავდროულად დასვენებაზე, საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე დახარჯული დრო ფუჭად არ მოგეჩვენოთ, რადგან ესეც თქვენი წარმატების განუყოფელი ნაწილია.

6. დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ვადებს, რომელთაც თავად უწესებთ საკუთარ თავს.

გამოთქმა იმის შესახებ, რომ მარცხს მაშინ განიცდით, როდესაც ფარ-ხმალს ყრით და წინსვლას აღარ ცდილობთ, სრული ჭეშმარიტებაა. ადამიანების უმეტესობა ვერ ახერხებს ამის პრაქტიკაში განხორციელებას, რადგან საკუთარი მიზნების შესრულებისათვის არარეალურ ვადებს აწესებს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, აიღოთ ვალდებულება, რომ რაღაცას მიაღწევთ დროის გარკვეულ მონაკვეთში, მაგრამ მთავარია, თქვენ ამ დასახული მიზნის ერთგული დარჩეთ მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დრო დაგჭირდებათ მის მისაღწევად.

7. თქვენ დღევანდელი დღით ცხოვრობთ და ნაკლებად ფიქრობთ შედეგებზე.

“მოცემული მომენტით” ცხოვრება, ანუ პირდაპირი მნიშვნელობით ნებისმიერ დროს იმის კეთება, რასაც გული გკარნახობთ, ძალზე არაჯანსაღი ცხოვრების სტილს უყრის საფუძველს. ნაცვლად იმისა, რომ დღევანდელი დღით იცხოვროთ, შეეცადეთ იფიქროთ იმაზე, როგორ გსურთ სხვებს დაამახსოვროთ თავი. ეს თქვენ არა მხოლოდ იმის განსაზღვრაში დაგეხმარებათ, თუ რა არის თქვენთვის კარგი დღეს, არამედ რა იქნება კარგი სამომავლოდაც.

8. თქვენ ეყრდნობით საკუთარ ნებისყოფას.

ყოველდღე თქვენ შეზღუდული რაოდენობის ენერგია და ამავე რაოდენობის დრო გაქვთ. ალბათ უკვე გააცნობიერეთ, რომ ულევი ნებისყოფის გამომუშავება სრულიად ფუჭი მცდელობაა. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუკი გაითავისებთ, რომ ყოველდღე განსაზღვრული რაოდენობის დრო და გონებრივი შესაძლებლობები გაქვთ და შესაბამისად გადაანაწილებთ თქვენს პრიორიტეტებს.

9. თქვენ ფიქრობთ, რომ წარმატება შეგცვლით.

თუკი ფიქრობთ, რომ დიდი წარმატება ძირეულად შეგცვლით პიროვნულად, ძალიან ცდებით. წარმატება მხოლოდ ფარდას ახდის თქვენს ნამდვილ “მეს” და არც ერთ შემთხვევაში არ შექმნის თქვენს პიროვნებას. ახლავე დაიწყეთ მუშაობა საკუთარ თავზე იმისათვის, რომ წარმატების მიღწევის მომენტისათვის იყოთ სწორედ ის პიროვნება, ვინც სინამდვილეში გსურთ, რომ იყოთ.

10. მიგაჩნიათ, რომ თქვენი გრძნობები ნათლად გადმოსცემს თქვენს წარმატებებსა თუ წარუმატებლობებს.

ზოგჯერ თავს ყველაზე არაკომფორტულად სწორედ მაშინ ვგრძნობთ, როდესაც დიდი ცვლილებების ზღვარზე ვართ. ზოგჯერ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლისას ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს ეს ყველაზე საშინელი რამაა, რაც შეიძლება დაგვემართოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯის წყალობით ჩვენ წინაშე უამრავი პოტენციური შესაძლებლობა იხსნება. საკუთარი თავის რწმენა ზოგჯერ ნიშნავს იმას, რომ ის, რასაც თქვენ მოსალოდნელი ცვლილებების გააზრების დროს განიცდით, განგაშისა და შეშფოთების მიზეზი სულაც არაა. არ მისცეთ ნება ამ ემოციებს, მართონ თქვენი ქმედებები, ვიდრე მათ სათანადოდ არ გადაამოწმებთ.

11. ცდილობთ, ბედს მიენდოთ.

არცთუ იშვიათად, ნაცვლად იმისა, რომ იმოქმედოთ და ნახოთ, თავად რისი გაკეთება შეგიძლიათ, თქვენ უმოქმედობის რეჟიმზე გადადიხართ და მოვლენების განვითარებას პასიურად ელოდებით. ეგზისტენციალური დისკუსია იქით იყოს და იმის მოლოდინში ყოფნა, თუ როდის გაიგებთ “რა მისიით მოევლინეთ ამ სამყაროს” არის კომფორტული ილუზია, რომელიც, ცხადია, რეალობისგან შორსაა. არსებობს მხოლოდ ის, რასაც თქვენ გადაწყვეტთ, რომ აკეთოთ და რასაც აღმოაჩენთ საკუთარი თავის შესახებ ამ პროცესში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *