Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კერძო კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2022 წლის ყველაზე გამორჩეული ახალწვეული, რეიტინგში 104-ე ადგილით, Twitter-ი გახდა, რომელთან ერთადაც მიმდინარე წელს აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების სიას ნავთობისა და გაზის მწარმოებელი Continental Resources-ი (No. 86) და ქლაუდ-კომპიუტერული კომპანია Citrix Systems-ი (No. 169) შეემატნენ.
ზედიზედ მეორე წელია, რაც Forbes-ის რეიტინგში პირველობას აგრობიზნესის გიგანტი Cargill-ი არ თმობს, ხოლო მეორე ადგილს კონგლომერატი Koch Industries-ი ინარჩუნებს. მინესოტაში დაფუძნებული Cargill-ის შემოსავალმა რეკორდულ $165 მილიარდს მიაღწია, ხოლო მეორეადგილოსანმა Koch-მა $125 მილიარდი გამოიმუშავა. ხუთეულს Publix Supermarkets-ი, ტკბილეულისა და ცხოველთა მოვლის კომპანია Mars-ი და ბენზინგასამართი სადგურების კომპანია Pilot Company ასრულებენ.
სხვა კომპანიების მიერ შესყიდვის ან შემოსავლების შემცირების შედეგად, 2022 წლის რეიტინგი გასული წლების წარმომადგენლებმაც დატოვეს. იმ ცამეტ კომპანიას შორის, რომლებიც აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების 2022 წლის რეიტინგში აღარ გვხვდება, შედის Sinclair Oil-ი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში საჯარო კომერციულმა ფირმა HollyFrontier-მა შეიძინა.
მეთოდოლოგია: Forbes-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების რეიტინგი აშშ-ში დაფუძნებულ ფირმებს აერთიანებს, რომელთა შემოსავალმაც, ბოლო ფისკალურ წელს, $2 მილიარდს გადააჭარბა. რეიტინგში არ შედის კომპანიები, რომლებიც აშშ-ის გარეთ არიან დაფუძნებულნი და, შესაბამისად, არ იხდიან საშემოსავლო გადასახადებს, ურთიერთსაკუთრებაში არსებული კომპანიები, კოოპერაციული საზოგადოებები, კომპანიები ასზე ნაკლები დასაქმებულით და კომპანიები, რომელთა 50%-ზე მეტს საჯარო ან არაამერიკული კომპანიები ფლობენ.
აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების 2022 წლის ტოპ-ათეული და მათი შემოსავალი:
- Cargill – $165 მილიარდი (სურსათი და სასმელები)
- Koch Industries – $125 მილიარდი (მსხვილი კორპორაცია)
- Publix Super Markets – $48 მილიარდი (სასურსათო მაღაზიები)
- Mars – $45 მილიარდი (სურსათი და სასმელები)
- Pilot Company – $41.9 მილიარდი (მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები)
- H-E-B – 38.9 მილიარდი (სასურსათო მაღაზიები)
- Reyes Holdings – $35.3 მილიარდი (სურსათი, სასმელები, თამბაქო)
- C&S Wholesale Grocers – $33 მილიარდი (სურსათი, სასმელები, თამბაქო)
- Enterprise Holdings – $30 მილიარდი (სერვისები)
- Love’s Travel Stops & Country Stores – $25.5 მილიარდი (მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები)