ტოპ-10 ძვირად ღირებული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

ტოპ-10 ძვირად ღირებული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ჯგუფური ეტაპისა და მერვედფინალების დასრულების შემდეგ ტურნირს არაერთი ძლიერი გუნდი გამოეთიშა. მათ შორის გერმანიის, ბელგიის, ურუგვაისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ოთხივე ქვეყანა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ტოპ-10 ძვირად ღირებული გუნდის ჩამონათვალშია.

2022 წლის მუნდიალზე მოასპარეზე 32 ქვეყნის ნაკრებთა შორის ყველაზე ძვირად, თითქმის 1.5 მილიარდ ევროდ შეფასებული შემადგენლობა ინგლისს ჰყავს. ამ მხრივ ბოლო ადგილს 23 მილიონი ევროთი კოსტა-რიკა იკავებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა.

ათეულში შემავალი ნაკრებებიდან 1 მილიარდ ევროზე მაღალი საბაზრო შეფასება ექვსი ქვეყნის შემადგენლობას აქვს. საერთო ჯამში ტოპ-10 ძვირად ღირებული გუნდის საბაზრო ღირებულება 10.3 მილიარდ ევროს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდიდან, ინგლისის ნაკრებიდან საბაზრო ღირებულებით ფილ ფოდენი ლიდერობს, რომელიც ამჟამად 110 მილიონ ევროდ ფასობს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ძვირად ღირებული ფეხბურთელების ათეულში ინგლისის ნაკრები ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელით არის წარმოდგენილი. მათ შორის სწორედ ფილ ფოდენი, ასევე ჯუდ ბელინგემი (100 მილიონი ევრო), ჰარი კეინი (90 მილიონი ევრო) და ბუკაიო საკა (90 მილიონი ევრო) არიან.

რაც შეეხება ტურნირის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეს, ფრანგ კილიან მბაპეს, მისი გუნდი წინამდებარე ტოპ-10-ში მესამე ადგილს სჯერდება.

Statista-ს მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე 10 ქვეყანას, რომელთა შემადგენლობა ყველაზე ძვირადაა შეფასებული:

  1. ინგლისი – €1.499 მილიარდი
  2. ბრაზილია – €1.455 მილიარდი
  3. საფრანგეთი – €1.337 მილიარდი
  4. ესპანეთი – €1.201 მილიარდი
  5. პორტუგალია – €1.154 მილიარდი
  6. გერმანია – €1.020 მილიარდი
  7. ნიდერლანდები – €756 მილიონი
  8. არგენტინა – €748 მილიონი
  9. ურუგვაი – €590 მილიონი
  10. ბელგია – €562 მილიონი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *