გასულ კვირას საავტომობილო ინდუსტრიაში მრავალი საინტერესო რამ მოხდა. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში კი ტრადიციულად ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ გიამბობთ. მიმდინარე კვირის ბლოგში თქვენ გაეცნობით ისეთ სიახლეებს, როგორიცაა: რუსულ ბაზარზე ჩინური ავტომწარმოებლების დამკვიდრების მიზეზი, Siemens-ის მოწოდება 2035 წლისათვის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე სატვირთოების შესახებ, ლას-ვეგასში რობოტაქსის ახალი სერვისის გაშვების დეტალები, გერმანული Volkswagen-ის გიგაქარხნის მშენებლობის გადადების მიზეზები, ჩინური CatL-ისა და იაპონური Honda-ს თანამშრომლობის პერსპექტივები და Apple-ის თვითმართვადი ავტომობილის წარმოების ვადის კიდევ ერთხელ გადადების არგუმენტები.
ქვეყნიდან დასავლური კონკურენტების გასვლის შემდეგ, რუსულ საავტომობილო ბაზარზე ჩინური მწარმოებლები ჭარბობენ
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ქვეყნიდან დასავლური ავტომწარმოებლების გასვლის შემდეგ რუსული საავტომობილო ბაზარი ჩინურმა მწარმოებლებმა დაიკავეს. Reuters-ის მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, რუსულ ავტობაზარზე გაყიდული ავტომობილების მესამედს ბოლო პერიოდში სწორედ ჩინელი ავტომწარმოებლების პროდუქცია შეადგენს. საინტერესოა, რომ რუსულ საავტომობილო ბაზარზე ჩამოყალიბებული სიტუაცია საკმაოდ ნათლად ასახავს ქვეყანაში ჩინური ეკონომიკის შემოდინების დონეს. ჩინური ეკონომიკური გავლენები რუსეთში სწორედ მსგავსი წარმატებით ძლიერდება.
მიუხედავად ჩინეთის მიერ სიცარიელის შევსებისა, რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 61%-ით შემცირდა. ამის უმთავრესი მიზეზი კი, ქვეყნიდან დასავლური ავტომწარმოებლების გასვლასთან ერთად, რუსეთისათვის საავტომობილო ნაწილებისა და ტექნოლოგიების მიწოდების შეწყვეტაც გახლავთ.
რუსული ანალიტიკური სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ნოემბერში ჩინური ბრენდების, Haval-ის, Chery-სა და Geely-ის 16,138 ერთეული ავტომობილი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი კი თითქმის ორჯერ მაღალია 2022 წლის იანვრის მონაცემებზე (8,225). რუსულ ბაზარზე ჩინური ავტომობილების წილიც მსგავსად, 9.6%-დან 31.3%-მდე გაიზარდა.
საერთო ჯამში ნოემბერში რუსეთში მხოლოდ 46,403 ერთეული ახალი ავტომობილი გაიყიდა. წლის ჭრილში გაყიდული ავტომობილების რაოდენობა კი ბიზნესების ევროპული ასოციაციის პროგნოზით, 600,000 ერთეულს მიაღწევს.
საინტერესოა ისიც, რომ ჩინური ტექნოლოგიები რუსულ ადგილობრივ წარმოებაშიც აქტიურად გამოიყენება. გასულ თვეს დაანონსებული საბჭოთა „მოსკვიჩის“ განახლებული ვერსიაც მეტწილად სწორედ ჩინური ნაწილებით აიგო. მიუხედავად იმისა, რომ რუსები ნაწილების მომწოდებელ უცხოელ პარტნიორს არ ასახელებდნენ, ჩინური JAC-ის ხელი ავტომობილის ხილვისას მარტივი შესამჩნევი გახლდათ.
მოვლენების ამგვარად გაგრძელების პირობებში, ჩინური ავტოინდუსტრია რუსულ ბაზარზე ფეხს კიდევ უფრო აქტიურად მოიკიდებს.
Siemens-ი ევროკავშირს 2035 წლისათვის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე გადამზიდი სატვირთოების გაყიდვისკენ მოუწოდებს
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40-ზე მეტი მწარმოებელი, გადამზიდი თუ ინდუსტრიული ჯგუფი ევროკავშირს 2035 წლისათვის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე გადამზიდი სატვირთოების გაყიდვის დაკანონებისაკენ მოუწოდებს. აღნიშნულ კომპანიებს შორის Siemens-ი, Maersk-ი და Unilever-იც არიან.
გასულ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში კომპანიები აცხადებენ, რომ წერილის ხელმომწერები ევროკომისიისაგან 2035 წლისათვის ახალი გადამზიდი სატვირთოების გამონაბოლქვისაგან გათავისუფლებას მოითხოვენ. ხელმომწერები ევროკავშირს აღნიშნულის მისაღწევად კონკრეტულ ვადებსაც სთავაზობენ. გარდა ამისა, ისინი მზად არიან, რომ კონკრეტული სახის სატვირთოებს ეს მოთხოვნა 5 წლით გადაუვადონ. საუბარია სამშენებლო, მოპოვებით და ხის ინდუსტრიაში ფუნქციონირებად სატვირთოებზე.
ევროკომისია მსგავსი კანონპროექტის ჩარჩოზე უკვე მუშაობს. ევროპული გაერთიანების მიზანი ნახშირორჟანგის შემცირების მიზნების დასახვა და მძიმე პირობების სატვირთოებისათვის შესაბამისი დამტენი პუნქტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. სამგზავრო ავტომობილების შემთხვევაში ევროპულმა კავშირმა მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მოგეხსენებათ, 2035 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე წიაღისეულ საწვავზე მომუშავე სამგზავრო ავტომობილები აღარ გაიყიდება. თუმცა, სავარაუდოდ, სატვირთოების შემთხვევაში მსგავსი შედეგის მიღებას შედარებით დიდი დრო დასჭირდება.
ამის მიზეზი კი ის გარემოებაა, რომ ჯერჯერობით ბაზარზე ელექტროსატვირთოები საკმაოდ მცირე რაოდენობით გვხვდება. ელექტრომობილებისაგან განსხვავებით, ელექტროსატვირთოების ტექნოლოგია მოცემული დროისთვის განვითარების ადრეულ ეტაპზეა.
Uber-მა და Motional-მა ლას-ვეგასში რობოტაქსის სერვისი ჩაუშვეს
მგზავრების გადაყვანის ამერიკულმა კომპანია Uber Technologies-მა და უპილოტო ტექნოლოგიების მწარმოებელმა, Motional-მა ლას-ვეგასში რობოტაქსის ერთობლივი სერვისი ჩაუშვეს.
პროექტი საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს, სერვისის ჩაშვება კი კომპანიებს შორის დადებული 10-წლიანი არაექსკლუზიური შეთანხმების შედეგია. წარმატებული შედეგების მიღების შემთხვევაში ლას-ვეგასს ლოს-ანჯელესი მოჰყვება. Motional-ი რობოტაქსის სერვისისათვის Hyundai Motor-ის IONIQ5-ს იყენებს.
საინტერესოა, რომ Motional-ი სამომავლოდ Uber-ის სერვისებს სრულად აითვისებს. მის მიერ შექმნილი უპილოტო ტექნოლოგია Uber-ის მგზავრებსაც გადაიყვანს და ამანათებსაც გადაიტანს. დამატებით, რობოტაქსით სარგებლობა საკვების მიტანის სერვისშიც შესაძლებელი იქნება.
კომპანიების ინფორმაციით, ჯერჯერობით ავტომობილში ოპერატორი წარმოდგენილი იქნება. 2023 წლისთვის კი მათ მომხმარებლებისათვის სრულად ავტონომიური და უპილოტო სერვისის შეთავაზება სურთ.
Motional-ი ერთადერთი კომპანია არ გახლავთ, რომელთანაც Uber-ი მსგავსი სერვისების ჩასაშვებად თანამშრომლობს. კალიფორნიასა და ტეხასში უპილოტო მიტანის სერვისის ფუნქციონირებაში Uber-ს მსგავსი ტექნოლოგიური სტარტაპი Nuro ეხმარება.
Uber-ი კი არ გახლავთ ერთადერთი კომპანია, რომელიც საკუთარი სერვისების გაციფრულებას ცდილობს. მისმა კონკურენტმა Lyft-მა ლას-ვეგასში რობოტაქსის სერვისი თითქმის ერთი წლის წინ ჩაუშვა.
Volkswagen-მა აღმოსავლეთ ევროპაში გიგაქარხნის გახსნის გადაწყვეტილება გადაავადა
ეკონომიკური არასტაბილურობისა და რეგიონში ენერგორესურსების გაზრდილი ფასების გამო, გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა აღმოსავლეთ ევროპაში ელექტრომობილების ელემენტების გიგაქარხნის მშენებლობის გადაწყვეტილება გადაავადა. ავტომწარმოებელი ქარხნის აშენების ზუსტ ლოკაციას 2023 წელს დაადგენს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Volkswagen-ი და მისივე ელემენტების მწარმოებელი კომპანია PowerCo კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით განაგრძობენ გიგაქარხნისათვის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე შესაფერისი ლოკაციის მოძიებას.
კომპანიის ოფიციალური პირების ინფორმაციით, გადაწყვეტილების გადავადება ქარხნის მშენებლობის ვადებზე გავლენას არ მოახდენს. როგორც ზემოთ აღინიშნა, გადავადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასებია. ეს კი, კომპანიის ბრენდ-შეფის განმარტებით, ინვესტორებისათვის ელემენტების ახალი ქარხნის აშენების მიზანშეწონილობის მტკიცებას ართულებს.
სავარაუდო ლოკაციებს შორის Volkswagen-ის ხელმძღვანელობა ჩეხეთის რესპუბლიკას, უნგრეთს, პოლონეთსა და სლოვაკეთს განიხილავს.
Apple-მა თვითმართვადი ავტომობილების გამოშვება გადაავადა
Apple-მა თვითმართვადი ავტომობილების გამოშვება 2026 წლამდე გადაავადა. ამასთან ერთად კი შეცვალა თავდაპირველი გეგმაც და ამჟამად კომპანია პირველი ავტომობილის წარმოებას ნაკლებად ამბიციური დიზაინით შეეცდება. აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ, iPhone-ის მწარმოებლის აქციების ფასი 2.4%-ით დაეცა.
Project Titan-ის სახელით ცნობილი Apple-ის საავტომობილო გეგმა 2014 წლიდან მოყოლებული შეფერხებებით სრულდება. სწორედ 2014 წელს დაიწყო კომპანიამ მისი პირველი მანქანის დიზაინზე ნულიდან მუშაობა. ამჯერად, Apple-ის დიზაინი ნაკლებად ამბიციურია და მოიცავს საჭეს, პედალებს, ხოლო ავტონომიური შესაძლებლობების სრულად გამოყენება მძღოლს მხოლოდ მაგისტრალზე შეეძლება. მოხსენების თანახმად, მძღოლები, მაგისტრალზე გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ხელით კონტროლზე გადასვლის გაფრთხილებას მიიღებენ.
ცნობისთვის, გასულ წელს, Bloomberg-ის მიერ გავრცელებული მოხსენების თანახმად, Apple-ი თავისი პირველი ელექტრომობილის გამოშვებას 2025 წლისთვის გეგმავდა. Apple-ის მანქანას არ უნდა ჰქონოდა საჭე და პედალები, მისი ინტერიერი კი მძღოლებს ხელების გამოყენების გარეშე მანქანის მართვის საშუალებას მისცემდა.
თუმცა Project Titan-მა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, კომპანიის შიგნით გაურკვევლობები გამოიწვია. Apple-ის აღმასრულებლები ეწინააღმდეგებოდნენ რეალობას, რომ მათი ხედვა თვითმართვადი ელექტრომობილის შესახებ, რომელსაც არ ექნებოდა საჭე და პედალები, არ არის განხორციელებადი არსებული ტექნოლოგიებით.
ჩინური CATL-ი იაპონური Honda-სათვის ელექტრომობილების ელემენტების მიწოდებას 2024 წლიდან დაიწყებს
Honda Motor Co-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანიას მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილებისათვის ელემენტებს ჩინური მწარმოებელი CATL-ი მიაწვდის. იაპონური ავტომწარმოებლის განმარტებით, CATL-ი ელემენტების მიწოდებას 2024 წლიდან დაიწყებს. 2024-დან 2030 წლამდე პერიოდში CATL-ი Honda-ს e:N სერიის მოდელებისათვის ჯამში 123 GWh სიმძლავრის ელემენტებს მიაწვდის.
აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ორ ავტომწარმოებელს შორის არსებულ ღრმა თანამშრომლობას. ამის შესახებ კომპანიებმა ჯერ კიდევ 2020 წელს განაცხადეს და მას შემდეგ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ითანამშრომლეს.
როგორც წინა საავტომობილო მიმოხილვაშიც აღვნიშნეთ, Honda-სათვის ჩინეთის ბაზარი უმთავრესი პრიორიტეტი გახდა. შესაბამისად, იაპონური ავტომწარმოებელი მსოფლიოს ყველაზე დიდ საავტომობილო ბაზარზე თავის დამკვიდრებას გეგმავს. ამისათვის კი მან ნოემბერში e:N სერიის უკვე მეორე მოდელიც წარადგინა.
დატოვე კომენტარი