რა არის თერმობირთვული სინთეზი და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას?

რა არის თერმობირთვული სინთეზი და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას?

მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა სპეციალური პრესკონფერენციის საშუალებით საზოგადოებას მეცნიერების სფეროს ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ ამცნო – კალიფორნიაში მდებარე ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში მომუშავე სპეციალისტებმა, ისტორიაში პირველად, თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტის დროს დახარჯულზე მეტი ენერგიის გამომუშავება შეძლეს. ეს სუფთა ენერგიის მიღებისა და კლიმატის კრიზისთან ბრძოლის კუთხით გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.

მეცნიერებმა თერმობირთვული სინთეზის პროცესში 192 ლაზერი დაახლოებით პილპილის მარცვლის ზომის სამიზნისკენ მიმართეს. ლაზერების დახმარებით დეიტერიუმისა და ტრიტიუმის კაფსულები სამ მილიონ გრადუს ცელსიუსამდე გააცხელეს. მოკლე პერიოდში, რომელიც წამის 100 ტრილიონედზე ნაკლებს გაგრძელდა, 2.05 მეგაჯოული ენერგიის დახარჯვის წყალობით, მეცნიერებმა დაახლოებით 3 მეგაჯოული ენერგიის მიღება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტის დროს დახარჯულზე მეტი ენერგია არასდროს მიუღიათ.

ცნობისთვის, თერმობირთვული სინთეზი არის რეაქცია, რომელიც ჩვენს მზესა და კოსმოსში არსებულ სხვა ვარსკვლავებს ენერგიით ასაზრდოებს. აღნიშნული პროცესის დროს ორი ატომის ერთმანეთთან შეჯახებით უფრო ძლიერი ბირთვი ყალიბდება, შედეგად კი დიდი რაოდენობით ენერგია გამოთავისუფლდება. სწორედ ეს რეაქცია გაიმეორეს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა.

თერმობირთვული სინთეზის რეაქციის წარმართვისთვის ძირითადად წყალბადს იყენებენ, ვინაიდან მისი მოპოვება ლითიუმიდან ან ზღვის წყლიდან საკმაოდ იაფი ჯდება. მეორე მხრივ, ჩვენს პლანეტაზე ამ ელემენტის სიჭარბე იმას ნიშნავს, რომ წყალბადის თერმობირთვული სინთეზის რესურსად გამოყენებას კაცობრიობა მილიონობით წლის განმავლობაში შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, თერმობირთვული სინთეზი ენერგიის ერთ-ერთი „ეკოლოგიურად სუფთა წყაროა“, ვინაიდან ის არ წარმოქმნის ნახშირორჟანგს ან სხვა მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვს. გარდა ამისა, პროცესის შედეგად უმნიშვნელო რაოდენობის ბირთვული ნარჩენები გამოიყოფა.

ბირთვული სინთეზისგან განსხვავებით, ენერგიის სხვა პოპულარული წყაროები, როგორიცაა ბუნებრივი აირი, ნავთობი და ქვანახშირი, ჰაერში ნახშირორჟანგის სახიფათოდ დიდი რაოდენობით გაფრქვევას უწყობენ ხელს. NASA-ს ინფორმაციით, 200 წელზე ნაკლებ დროში, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიამ 50%-ით მოიმატა. ეს, რა თქმა უნდა, გლობალურ დათბობაზე კატასტროფული მასშტაბის გავლენას ახდენს.

ახლა კი, 5 დეკემბერს, ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერების მიღწევის შემდეგ, ჰორიზონტზე „მწვანე“, პრაქტიკულად უწყვეტი ენერგიის წყარო უფრო ხელშესახებად გამოჩნდა.

თერმობირთვული სინთეზის ენერგიის წყაროდ გამოყენებით წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება და კლიმატის ცვლილების შენელება-შემსუბუქებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ენერგიის იაფი წყარო მსოფლიოს ღარიბი ნაწილისთვისაც შვებას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მომუშავე მეცნიერებმა სუფთა, იაფი და შეიძლება ითქვას, ულევი ენერგიის მიღების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, მის კომერციულ ათვისებამდე, სპეციალისტების შეფასებით, ჯერ კიდევ ათწლეულები გვაშორებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *