გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები – მორიგებით დასრულებულ სამართლებრივ დავებს უკავშირდება. ერთი მხრივ, საუბარია მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის, Facebook-ის მფლობელ Meta-ზე, რომელიც Cambridge Analytica-სთან დავის მორიგებით დასასრულებლად $725 მილიონს გადაიხდის. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Epic Games-მაც, რომელსაც აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ $520-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა. პარალელურად ამისა, გასულ კვირას სიახლეები იყო საქართველოშიც – ფინტექ-კომპანია Payze-ი ელექტრონული კომერციის გიგანტების, Shopify-ისა და Wix-ის პარტნიორი გახდა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Cambridge Analytica-სთან დავის მორიგებით დასასრულებლად Meta $725 მილიონს გადაიხდის

როგორც ჩანს, გასული წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის, Facebook-ის მფლობელ კომპანიას, Meta-ს უკავშირდება, დასასრულს უახლოვდება. საუბარია აწ უკვე არარსებულ პოლიტიკურ საკონსულტაციო კომპანიაზე, ბრიტანულ Cambridge Analytica-ზე, რომელმაც Facebook-ის ათობით მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპოვა. თავის დროზე, 2018 წელს, ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ Facebook-ი შეირაცხა, რის გამოც, ამერიკული კომპანია სამართლებრივ ხათაბალაში გაეხვა. აი, სწორედ ამ მრავალწლიანი დავის ერთგვარ დასასრულად შეგვიძლია მივიჩნიოთ გასულ კვირას გასაჯაროებული სამართლებრივი შეთანხმება, რომლის თანახმად, ამ საქმის მორიგებით დასასრულებლად, Meta $725 მილიონს გადაიხდის.

„ამ საქმის მორიგებით დასრულება გადავწყვიტეთ, რადგან ეს საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენდა ჩვენი კომუნისა და ინვესტორებისთვის. გასული სამი წლის განმავლობაში პირადი მონაცემების დაცვის მიმართ ჩვენი მიდგომა შევცვალეთ და კომპლექსური პროგრამაც გავუშვით“, – ვკითხულობთ Meta-ს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კომპანიის წარმომადგენელმა CNBC-სთან გააკეთა. დიდი ალბათობით, საუბარია მონაცემთა გაზიარების პოლიტიკის შეცვლაზე, რომლის ფარგლებში, ამერიკულმა კომპანიამ კონკრეტული ტიპის პირადი მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა აკრძალა.

ფოტო: Reuters

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის, რადგან, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, Meta-ს მიერ ამ თანხის გადახდა დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს – ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ამაზე მიუთითებს. ამასთანავე, Meta-ს აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, რადგან ის კალიფორნიის ჩრდილოეთის ოლქის ფედერალური სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა დაადასტურონ. საინტერესოა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადი – $725 მილიონი, უმსხვილესი თანხაა, რომელიც კომპანიამ პირადი მონაცემების დაცვის მიმართულებით დაწყებულ მრავალმოსარჩელიანი დავის ფარგლებში იქნება გადახდილი. ამასთანავე, ეს თანხა რეკორდულია თავად Meta-სთვის – ამ დრომდე მრავალმოსარჩელიანი დავის მორიგებაში ამერიკულ კომპანიას ამდენი არასდროს გადაუხდია.

ისე კი, რაკიღა აღნიშნულ საქმეში რეკორდულად მაღალი თანხები ფიგურირებს, უპრიანი იქნება, ამ საქმეს უფრო დეტალურად თუ გავიხსენებთ. როგორც უკვე გითხარით, აღნიშნული დავა Cambridge Analytica-ს სკანდალს უკავშირდება – ყველაფერი 2018 წელს დაიწყო, როცა ბრიტანული პოლიტიკური საკონსულტაციო კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, კრისტოფერ უაილიმ The Guardian-თან და The New York Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ, Facebook-ში ინტეგრირებული ქვიზის, This Is Your Digital Life-ის გამოყენებით, Facebook-ისგან პლატფორმის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპოვა. ამგვარად, საზოგადოებას გაუჩნდა შეკითხვა, Facebook-ის ეს ქმედება გამონაკლისი იყო თუ წესი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ კონკრეტული საქმის სენსაციურობაში მნიშვნელოვანი როლი თავად Cambridge Analytica-მ ითამაშა, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა საქმემ რეზონანსულობა მალევე მოიპოვა, რამაც Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემა აიძულა. მოგვიანებით, 2019 წლის ოქტომბერში, აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ Facebook-ს $5-მილიარდიანი ჯარიმა გამოუწერა – მსგავსი ჯარიმები გამოწერეს ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ ($100 მილიონი) და გაერთიანებული სამეფოს საინფორმაციო ოფიცრის ოფისმა ($600 ათასი). ცუდ დღეშია ამ საქმის კიდევ ერთ ფიგურანტი – 2018 წლის მაისში ბრიტანულმა Cambridge Analytica-მ ბანკროტობის შესახებ გამოაცხადა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისას Google-მა ისტორიაში უდიდესი ტრაფიკი დააფიქსირა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2022 წელს კატარში ჩატარდა – წლის ერთ-ერთი უმთავრესი სპორტული და ინფრასტრუქტურული მოვლენაა, რომელზეც, ამერიკული Forbes-ის მონაცემებით, $220 მილიარდზე მეტი დაიხარჯა. თუმცა კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მასშტაბურობა კიდევ ერთი, ტექნოლოგიური ფაქტორითაცაა განპირობებული – საქმე ისაა, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისას, Google-ის საძიებო სისტემაში კომპანიის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტრაფიკი დაფიქსირდა, – ამის შესახებ Google-ისა და მისი მფლობელი კომპანიის, Alphabet-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ Twitter-ზე დაწერა.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალით ამ დონეზე დაინტერესება უცნაური არ არის, რადგან საფრანგეთსა და არგენტინას შორის გამართული ეს მატჩი და ზოგადად, მთელი ტურნირი – ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სანახაობად შეიძლება ჩაითვალოს. არსებობს ვარაუდი, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნანახი ფინალური მატჩის ტიტულსაც მიიღებს. ყოველივე ეს ცხადია, Google-ის მოხმარებაზეც აისახება.

მსოფლიო ჩემპიონატის დროს Google-ის მოზღვავებულ პოპულარობას კიდევ ერთი, უფრო პრაგმატული მიზეზიც აქვს – საქმე ისაა, რომ წლის მთავარი სპორტული მოვლენის დაწყებამდე, ამერიკულმა გიგანტმა საძიებო სისტემის გამარტივებული ფუნქციონალი წარმოადგინა. მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ფრაზა „World Cup“-ის დაგუგვლისას, საძიებო სისტემა მომხმარებლებს მათ შემდეგი მატჩების ჩამონათვალს სთავაზობდა, რომლებიც მათ დროის სარტყელს იყო მორგებული. ამასთანავე, მომხმარებლებს მათთვის სასურველი შეტყობინებების გამოწერის ფუნქციონალის გააქტიურებაც შეეძლოთ.

Tesla მექსიკაში $10-მილიარდიანი გიგაქარხნის აშენებას გეგმავს – Reuters

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი, ამერიკული Tesla მექსიკის შტატ ნუევო-ლეონში რიგით მეექვსე გიგაქარხნის აშენებას გეგმავს, რისთვისაც $800 მილიონიდან $1 მილიარდამდე პირველად ინვესტიციას გამოყოფს, – ამის შესახებ Reuters-ი მექსიკურ გაზეთზე, Reforma-ზე დაყრდნობით წერს.

მექსიკური გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ამერიკული კომპანია, რეალურად, მექსიკაში $10 მილიარდის დაბანდებას განიხილავს. ამგვარად, მექსიკური გიგაქარხანა, თუ ის მართლაც აშენდა, ღირებულებით ბერლინის გიგაქარხანას გადაუსწრებს და Tesla-ს ყველაზე ძვირად ღირებული ინფრასტრუქტურული პროექტის სიმბოლურ ტიტულს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ გერმანიის დედაქალაქთან გიგაქახნის აშენება ამერიკულ კომპანიას დაახლოებით $5.5 მილიარდი დაუჯდა.

Tesla-ს გიგაქარხნის აშენება მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მონტერეის გარეუბანში იგეგმება. საინტერესოა, რომ ნუევო-ლეონი ამერიკის სამხრეთში მდებარე ტეხასს ესაზღვრება, სადაც Tesla-ს კიდევ ერთი გიგაქარხანა მდებარეობს, რაც მექსიკაში ქარხნის აშენების პერსპექტივას კიდევ უფრო რეალურს ხდის. შეგახსენებთ, რომ ტეხასის დედაქალაქ ოსტინში გიგაქარხნის აშენება, რომელიც კვირაში Model Y-ის სამი ათას ერთეულს უშვებს, Tesla-ს $1.1 მილიარდი დაუჯდა. ამასთანავე, სწორედ ტეხასის გიგაქარხანაში დაიწყება Tesla Cybertruck-ის აწყობა, რომელიც, ამ ეტაპზე, 2023 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

ფოტო: The Verge

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მექსიკურ ქარხანაში, თავდაპირველად, არსებული ავტომობილების სათადარიგო ნაწილებს დაამზადებენ, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ ისიც, რომ Tesla-ს ბიუჯეტური მოდელების საყრდენი, რომელთა წარმოების შესახებ ილონ მასკი წლებია, რაც საუბრობს, სწორედ მექსიკის გიგაქარხანა გახდება. როგორც ირკვევა, ამ საკითხებზე მოსალაპარაკებლად, ილონ მასკი, ნუევო-ლეონის გუბერნატორი, სამუელ გარსია და მექსიკაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კენ სალაზარი ერთმანეთს ჯერ კიდევ ოქტომბერში შეხვდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი არჩევანის ნუევო-ლეონზე შეჩერებამდე, ილონ მასკმა მექსიკის კიდევ სამი შტატი მოინახულა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ თუ Tesla-მ აღნიშნულ პროექტს ხელი მართლაც მოჰკიდა, მექსიკური ქარხანა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის რიგით მეექვსე გიგაქარხანა იქნება – ამ დროისთვის Tesla-ს გიგაქარხნებს კალიფორნიაში, ნევადაში, ნიუ-იორკში, შანხაისა და ბერლინში ვხვდებით. ამასთანავე, არც ის არის გამორიცხული, რომ მექსიკურ გიგაქარხანას Tesla-ს კონკრეტული მოდელების სრულად აწყობა დაევალოს, მით უფრო, რომ ამ პრაქტიკას General Motors-ი და Ford-ი უკვე მიმართავენ.

ავტოპარკის ელექტრიფიკაციის ფარგლებში, აშშ-ის საფოსტო სერვისმა 66 ათასი ელექტრომობილი შეიძინა

ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისი (USPS) ავტოპარკის განახლების პროცესს განაგრძობს და ელექტრიფიკაციის პროცესის ფარგლებში $9.6 მილიარდის ღირებულების ას ექვსი ათას ახალ ავტომობილს შეიძენს, რომელთა უმეტესობა, ანუ სამოცდაექვსი ათასი ავტომობილი – სრულად ელექტრო იქნება, – ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ. საინტერესოა, რომ ავტოპარკის განახლებისთვის გამიზნული თანხის ნაწილი – $3 მილიარდი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული „ინფლაციის შემცირების აქტის“ ფარგლებში არის გამოყოფილი. აღნიშნული გადაწყვეტილება შუალედური ხასიათისაა, რადგან 2026 წლიდან აშშ-ის საფოსტო სერვისი მხოლოდ ელექტრომობილებს შეისყიდის.

ფოტო: USPS

ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ელექტრიფიკაციის ტემპის დაჩქარება. საქმე ისაა, რომ ამ დრომდე აშშ-ის საფოსტო სერვისი ჯამში ოთხმოცდაოთხი ათასი ავტომობილის შეკვეთას აპირებდა, რომელთა შორის ათი ათასზე ოდნავ მეტი ელექტრომობილი მოიაზრებოდა. ამ რიცხვების და ზოგადად ელექტრიფიკაციის პოლიტიკის გადახედვა აშშ-ის საფოსტო სერვისს ბაიდენის ადმინისტრაციამ და დემოკრატმა კანონმდებლებმა აიძულეს, რომელთა განკარგულებით, 2035 წლისთვის, ფედერალურ საკუთრებაში არსებული ავტოპარკი ნახშირორჟანგის ემისიისგან უნდა გათავისუფლდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის განცხადებას თეთრი სახლის მრჩეველი, ჯონ პოდესტა გამოეხმაურა, რომლის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის სრული ელექტრიფიკაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ USPS-ის ავტოპარკში ორასჩვიდმეტი ათასზე მეტი სატვირთო ირიცხება, რომელთა დიდი ნაწილი ოცდაათ წელზე მეტს ითვლის და თან, უსაფრთხოების სტანდარტით გათვალისწინებულ პირობებს არ აკმაყოფილებს და არც კონდიციონერითაა აღჭურვილი.

როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის ელექტრომობილების მთავარი მომწოდებელი ამერიკული Oshkosh Corporation-ი იქნება, რომელიც ორგანიზაციას სამოცი ათას ავტომობილს მიაწვდის – დარჩენილი ორმოცდაექვსი სატვირთოს მოსაპოვებლად, USPS-ი სხვა კომპანიებს მიმართავს. აქვე უნდა ითქვას, რომ „ინფლაციის შემცირების აქტით“ გათვალისწინებული $3-მილიარდიანი სუბსიდია ელექტრომობილების დასამუხტი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალისწინებს.

როგორც თეთრი სახლის მრჩეველი, ჯონ პოდესტა The Washington Post-თან საუბრისას ამბობს, აშშ-ის საფოსტო სერვისის ეს გადაწყვეტილება გადაზიდვებისა და მიტანის სერვისის კომპანიებისთვის თამაშის წესებს შეცვლის. ეს ტრენდი დღეს უკვე იკვეთება: FedEx-მა, მაგალითად, General Motors-ის შვილობილი BrightDrop-ის ორიათას ხუთასი ელექტროფურგონი დაჯავშნა, ხოლო Amazon-მა Rivian-ს ასი ათასი ელექტრომობილი დაუკვეთა, რომლებიც გზაზე 2030 წლისთვის გამოჩნდება.

ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტის სერვისს, Starlink-ს მილიონი აქტიური გამომწერი ჰყავს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის მიერ მიწოდებულ სატელიტური ინტერნეტის სერვისს, Starlink-ს მილიონი აქტიური გამომწერი ჰყავს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ Twitter-ზე გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ.

მილიონი გამომწერის მოგროვება საკმაოდ მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ნებისმიერი კომპანიისთვის, მით უფრო Starlink-სთვის, რომლისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი თორმეტი თვის განმავლობაში, Starlink-მა მეტად გააფართოვა როგორც საკუთარი მოცვის არეალი, ასევე სერვისების ჩამონათვალი – სატელიტური ინტერნეტის სერვისის მიღება ინდივიდუალურ და კომერციულ მომხმარებლებს გემებზე, თვითმფრინავებსა და სახლი-ბორბლებზე-ტიპის (RV) მანქანებზე შეუძლიათ.

Payze-ი ელექტრონული კომერციის გიგანტების, Shopify-ისა და Wix-ის პარტნიორი გახდა

ქართული ფინტექ-კომპანია Payze-ი ელექტრონული კომერციის ორი გიგანტის, Shopify-ისა და Wix-ის პარტნიორი გახდა, – ამის შესახებ Payze-ის თანადამფუძნებელმა, გეგა წურწუმიამ Forbes Georgia-სთან საუბრისას განაცხადა. ამიერიდან, ბიზნესის მფლობელები და ინდივიდუალური მეწარმეები ამ პლატფორმებზე საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო ვებგვერდის შექმნასა და Payze-ის საშუალებით ონლაინგადახდების მიღებას შეძლებენ როგორც საქართველოში, ასევე უზბეკეთში.

„ამ კომპანიებთან თანამშრომლობა ელექტრონული კომერციის მიმართ არსებული მზარდი მოთხოვნის ფონზე გადავწყვიტეთ. ბოლო წლებში ბიზნესები საქმიანობას ციფრულად იწყებენ და ონლაინარხებზე მოხვედრას ყველა გზით ცდილობენ, მაგრამ მათი უმეტესობა ონლაინმაღაზიის, ე.წ. „შოპის“ აწყობას საერთოდ ვერ ახერხებს, დანარჩენებს კი ის ძვირი უჯდებათ და შედეგად, საკმაოდ უხარისხო „შოპს“ იღებენ – აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოთხოვნა კონტენტის მენეჯმენტის სისტემებზე (ინგლ. Content Management System – CMS), როგორიცაა Shopify-ი და Wix-ი. ამ პლატფორმებზე ონლაინმაღაზიის აწყობა მრავალჯერ გამოცდილი მზა მოდულების საშუალებით შეიძლება – ყველაფერი შენს კრეატიულობაზე არის დამოკიდებული“, – ამბობს გეგა წურწუმია.

ფოტო: კახა გელაშვილი და გეგა წურწუმია – Payze-ის თანადამფუძნებლები

Payze-ის თანადამფუძნებელს ელექტრონული კომერციის გიგანტებთან ურთიერთობის განვითარების შესახებაც ვკითხეთ და როგორც გაირკვა, ინტეგრაციის პროცესი უკვე თვეებია, რაც მიმდინარეობს. „Shopify-სთან და Wix-თან ინტეგრაცია საკმაოდ რთული იყო და თავდაპირველად, დიდი მოთხოვნის გამო, ეს ფუნქციონალი დაკეტილი იყო. ამ მიმართულებით Y Combinator-იდან მიღებული კონტაქტები დაგვეხმარა – ერთ-ერთ აღმასრულებელზე გავედით, რომელმაც კარი გაგვიხსნა. მას მერე ყველა ეტაპის გასავლელად ჩვენს გუნდს თითქმის ექვსი თვე დასჭირდა“, – აღნიშნავს გეგა წურწუმია Forbes Georgia-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ Payze-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც დაარსებიდან მალევე 500 Startups-ისა და Visa-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში გაიმარჯვა. ამასთანავე, Payze-ი პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, სილიკონ-ველიზე დაფუძნებული Y Combinator-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. დღეს, Payze-ი საქართველოსა და უზბეკეთში ოპერირებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Shopify-ი და Wix-ი ელექტრონული კომერციის გიგანტები არიან, რომელთა სერვისებმა განსაკუთრებულ პოპულარობას პანდემიის დროს მიაღწია – ამ პლატფორმების გამოყენებით, ბიზნესებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს ონლაინმაღაზიის, ე.წ. „შოპის“ აწყობა ძალიან მარტივად და ბიუჯეტურად შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანის აქციები საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული – დღევანდელი მონაცემებით, კანადური Shopify-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $42.8 მილიარდს, ხოლო ისრაელური Wix-ის $4.5 მილიარდს უდრის.

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ Epic Games-ს $520-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის, Fornite-ის შემქმნელი ამერიკული კომპანია, Epic Games-ი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) $520 მილიონით დააჯარიმა, – ამის შესახებ მარეგულირებლის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, აღნიშნული სასჯელი ორი ნაწილისგან შედგება: $245-მილიონიანი ჯარიმა Fortnite-ის მარკეტპლეისისა და თანხის დაბრუნების გაუმართავ პოლიტიკას, ხოლო $275-მილიონიანი ჯარიმა ბავშვთა უფლებების დარღვევას ეხება.

ფოტო: Epic Games

ამერიკული მარეგულირებლის მიერ დაწესებული ეს სასჯელი, ნაწილობრივ, კომპანიის მიერ „საბავშვო ონლაინ უსაფრთხოების დაცვის აქტის“ (COPPA) დარღვევას ეხება. როგორც ჩანს, Fortnite-ის მფლობელი კომპანია ცამეტ წლამდე ასაკის მომხმარებლების შესახებ პირად ინფორმაციას ისე აგროვებდა, რომ ამის შესახებ ბავშვების მშობლებისთვის არაფერი უთქვამს და, შესაბამისად, მათგან არც დასტური მიუღია. თუმცა, გარდა ამისა, ფედერალური სავაჭრო კომისია Fortnite-ის ბაზისურ მოწყობაზეც წერს – საუბარია მოთამაშეების ერთმანეთთან დაწყვილებაზე და ტექსტური და ხმოვანი მოდულების ავტომატურ გააქტიურებაზე, რაც, მარეგულირებლის შეფასებით, ბავშვებსა და ტინეიჯერებს ბულინგის, ჩაგვრისა და ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების რისკის წინაშე აყენებს.

ამიერიდან Epic Games-ს დაეკისრება ვალდებულება, რომ ცამეტ წლამდე ასაკის მოთამაშეების მშობლებისგან ნებართვა აიღოს მანამ, სანამ მოთამაშეებს ტექსტურ და ხმოვან მოდულებს გაუაქტიურებს. ამასთანავე, ამერიკული კომპანია ვალდებულია, წაშალოს ყველა ის პირადი ინფორმაცია, რომელიც Fortnite-ის ცამეტ წლამდე ასაკის მოთამაშეების შესახებ აქვს შეგროვებული – იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ მშობლებისგან აღნიშნული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების თანხმობა მოიპოვა ან ნეიტრალური ხელსაწყოს გამოყენებით დაადასტურა, რომ ამა თუ იმ ტინეიჯერის ასაკი ცამეტ წელს აღემატება, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება.

„ონლაინრეჟიმში, საზოგადოების, განსაკუთრებით კი ბავშვების პირადი ცხოვრების ხელყოფისა და მაცდური მოდელებისგან დაცვა – კომისიის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ბიზნესებს აგრძნობინებს, რომ FTC-ი ამ არაკანონიერ პრაქტიკას ბოლოს მოუღებს“, – ვკითხულობთ აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარის, ლინა ხანის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის ბრალდებას გამოეხმაურა თავად Epic Games-იც – როგორც განცხადებიდან ირკვევა, მარეგულირებელ ორგანოს კომპანია მოურიგდა იმიტომ, რომ „სურს მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლის წინა ხაზზე იყოს და თან, მათ საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს“. ამასთანავე, ოფიციალურ განცხადებაში კომპანია იმ ნაბიჯების შესახებაც წერს, რომლებიც FTC-ის მიერ გაჟღერებული კრიტიკის გამოსასწორებლად უკვე გადადგა – 2018 წელს, მაგალითად, კომპანიამ ტრანზაქციის გაუქმების ღილაკი დაამატა და ტოკენების დაბრუნების სისტემა დანერგა.

აღსანიშნავია, რომ $520-მილიონიანი ჯარიმა, რომლის გადახდა Epic Games-ს მოუწევს, მცირე ნამდვილად არ არის, მათ შორის არც ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის მასშტაბებით, მაგრამ ის მაინც ჩამორჩება $5-მილიარდიან ჯარიმას, რომელიც Meta-მ (მაშინ კი, Facebook-მა) 2019 წელს გადაიხადა. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2018-2019 წლებში Epic Games-მა $9 მილიარდის შემოსავალი მიიღო და $5.5 მილიარდის წმინდა მოგება ნახა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *