ქვეყნები, რომელთა წილი გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე მაღალია

ქვეყნები, რომელთა წილი გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე მაღალია

2022 წელს მსოფლიოს გლობალურმა მოსახლეობამ – 8-მილიარდიან, ხოლო გლობალურმა ეკონომიკამ $100-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. საერთაშორისო მონეტარული ფონდის მონაცემებით, გლობალური ეკონომიკა $101.6 ტრილიონს უტოლდება, მისი ნახევარი კი ჯამში ხუთ წამყვან ეკონომიკაზე: ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩინეთზე, იაპონიაზე, გერმანიასა და ინდოეთზე მოდის.

საინტერესოა, რომ გასულ წელს უმსხვილესი ეკონომიკების ხუთეულში გაერთიანებული სამეფო ინდოეთმა ჩაანაცვლა. კოლექტიურად, უმსხვილესი ეკონომიკების ათეული გლობალური ეკონომიკის 66%-ს შეადგენს, პირველ 25 ქვეყანას 84%-იანი წილი უკავია. შედეგად, დანარჩენი მსოფლიოს ანუ 167 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გლობალური მშპ-ის მხოლოდ 16%-ს შეადგენს, საიდანაც ყველაზე დიდი ეკონომიკით ბელგია ($590 მილიარდი), ყველაზე მცირე ეკონომიკით კი, სულ რაღაც $64 მილიონით, ტუვალუა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე პატარა ეკონომიკები ძირითადად კუნძულოვანი სახელმწიფოებია.

საერთაშორისო მონეტარული ფონდის უმსხვილესი გლობალური ეკონომიკების რეიტინგში საქართველო $25.2 მილიარდით 112-ე პოზიციაზეა. საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან ათეულში ვხვდებით რუსეთს, $2-ტრილიონიანი მთლიანი შიდა პროდუქტით, ოცეულში კი თურქეთი ხვდება, $853.5 მილიარდით. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, ისინი 80-ე და 125-ე პოზიციებს იკავებენ, შესაბამისად $70 მილიარდითა და $17.7 მილიარდით.

2023 წელს მსოფლიო ეკონომიკური გაურკვევლობებით იწყებს. ექსპერტთა დიდი ნაწილი ხანმოკლე რეცესიის მოლოდინშია, თუმცა მოსაზრებები „ხანმოკლე“ პერიოდის განმარტებასთან დაკავშირებით განსხვავებულია. ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთში ეკონომიკური ვარდნის ტენდენცია შეჩერდება, პროგნოზის გამართლების შემთხვევაში კი უახლოეს მომავალში ქვეყნის წილი გლობალურ ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზრდება.

IMF-ის მონაცემებით, მსოფლიოს ათი უმსხვილესი ეკონომიკა:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები – $25 ტრილიონი
  2. ჩინეთი – $18.3 ტრილიონი
  3. იაპონია – $4.3 ტრილიონი
  4. გერმანია – $4 ტრილიონი
  5. ინდოეთი – $3.5 ტრილიონი
  6. გაერთიანებული სამეფო – $3.2 ტრილიონი
  7. საფრანგეთი – $2.8 ტრილიონი
  8. კანადა – $2.2 ტრილიონი
  9. რუსეთი – $2.1 ტრილიონი
  10. იტალია – $1.9 ტრილიონი
დატოვე კომენტარი

2 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *