მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ამერიკელი ტიმ კუკი მიმდინარე წელს, ანაზღაურების სახით, ჯამურად, $49 მილიონს მიიღებს, რაც 40%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან, – ამის შესახებ კომპანიის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის (SEC) წინაშე წარდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, ხელფასის შემცირების ინიციატივით თავად კუკი გამოვიდა, რასაც აქციონერებმა მხარი დაუჭირეს – ამასთანავე, შემცირდა გადავადებული აქციების (ინგლ. Restricted Stock) რაოდენობა, რომელსაც კუკი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პენსიაზე 2026 წლამდე გავა.
ტიმ კუკის მიერ ანაზღაურების შემცირების მოთხოვნა ლოგიკურია, რადგან ის კომპანიის ინტერესებს ითვალისწინებს – საქმე ისაა, რომ გასულ წელს, ამერიკელი აღმასრულებლის სახელფასო სტრუქტურას მხარი Apple-ის აქციონერების 64%-მა დაუჭირა, მაშინ, როცა 2020 ფისკალური წლისთვის, ეს მაჩვენებელი 95%-ს შეადგენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანაზღაურების შემცირების მიუხედავად, ამერიკული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო ტიმ კუკის შედეგებით კმაყოფილია და მის გრძელვადიან ხედვებს ენდობა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, ანაზღაურების სახით, ტიმ კუკმა $83 მილიონის ღირებულების აქციები, $12 მილიონის მოცულობის ბონუსი და $3 მილიონის ხელფასი მიიღო. ფინანსური აქტივების გარდა, ტექნოლოგიური გიგანტი ტიმ კუკის საპენსიო დანაზოგს ავსებს და სხვადასხვა სერვისის, მათ შორის პირადი დაცვის, სატრანსპორტო საშუალებებისა და დასვენების ხარჯებს ფარავს.
როგორც უკვე აღინიშნა, ტიმ კუკის ანაზღაურების უდიდესი ნაწილი გადავადებულ აქციებზე მოდის, რომელთა რაოდენობა Apple-ის მიერ S&P 500-ის ინდექსის საპირწონედ დაფიქსირებულ შედეგებზე არის დამოკიდებული. გამომდინარე იქიდან, რომ აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტზე ტიმ კუკის დანიშვნის შემდეგ, Apple-ის აქციების ღირებულება 1212%-ით გაიზარდა, ხოლო S&P 500-ის ინდექსი – 290%-ით, ტიმ კუკი, ყოველწლიურად, განსაზღვრული აქციების მაქსიმალურ რაოდენობას იღებს.
ტიმ კუკი პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი მენეჯერია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $1.7 მილიარდად აფასებს. საინტერესოა, რომ ბევრი სხვა მილიარდერის მსგავსად, ტიმ კუკი საკუთარი ქონების ქველმოქმედებისთვის დახარჯვას გეგმავს.
დატოვე კომენტარი